სიახლეები

მოქალაქეები „კუბთაუერის“ წინააღმდეგ

27.10.2014
მოქალაქეები „კუბთაუერის“ წინააღმდეგ

GE DIGITAL CAMERA

გოგებაშვილის 4 ნომერში მდებარე სახლის კედელი

„ერთი წელი არ გასულა, რაც ბინა გავარემონტე, მაგრამ ნახეთ რა მდგომარეობაშია კედლები. ბზარები მას შემდეგ გაჩნდა, რაც სასტუმროს აშენება განაახლეს და გრუნტის შესწავლა დაიწყეს. სახლს სერიოზული პრობლემები აქვს და ჩვენი უსაფრთხოებაც არ არის დაცული“- აცხადებს  სახლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, ნანა კალანდარიშვილი.

საკუთარ ბინაში ბზარების ზრდაზე საუბრობს „ამხანაგობის“ თავმჯდომარე, დარეჯან ჯაფარიძეც. მისი განცხადებით, სახლის საძირკველი შერყეულია და მაცხოვრებლები საფრთხის ქვეშ არიან:

„ძირითადი კედელიც კი გაბზარულია. 80 ხიმინჯი ჩაარჭეს გრუნტში და საძირკველი შეირყა.  სახლს არ აქვს დამცავი კედლები რომ მისი უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო“- აცხადებს „ამხანაგობის“ თავმჯდომარე.

„ბინის გაყიდვა მინდოდა, მაგრამ ახლა კაპიკსა არ მომცემს არავინ“-ამბობს  მაია ანთიძე.

„კუბთაუერის“ მშენებლობას კომპანია „ადოგ ჯორჯია“ აწარმოებს. კომპანიის მენეჯერის, თამარ თოფურიძის განცხადებით, მშენებლობა ექსპერტიზის საფუძველზე განახლდა: „ორი ექსპერტიზა გვაქვს, ერთი სამხარაულის ბიუროს, მეორე კი შპს „პროგრესის“. ექსპერტი წერს რომ ბზარები ამ სახლს მშენებლობის დაწყებამდეც ჰქონდა, რაზეც მიუთითებს წინა ფასადის ბზარები. უბრალოდ, ამ ყველაფერმა პროგრესირება განიცადა“.

GE DIGITAL CAMERA

GE DIGITAL CAMERA

GE DIGITAL CAMERA

მენეჯერი ამბობს, რომ საექსპერტო დასკვნის მიუხედავად, მშენებლობა გარკვეული ხნით შეჩერდა, თუმცა ბზარები მაინც იზრდებოდა: „მშენებლობა უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკის სამინისტრო ჩვენ მშენებლობის დასრულებისთვის გარკვეულ ვადებს გვაძლევს და ამ ვადებში უნდა ჩავეტიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია დაჯარიმდება.“.

სახლის მაცხოვრებლები ამბობენ რომ თავიანთი პრობლემის შესახებ არაერთ ორგანიზაციას აცნობეს. წერილები პრემიერ-მინისტრის სახელზეც კი გაიგზავნა. დარეჯან ჯაფარიძეს ეჭვი შეაქვს ექსპერტიზის დასკვნაშიც: „მე როგორც ვიცი ექსპერტმა ფოტოების საფუძველზე დაწერა დასკვნა. შეუძლებელია ამით მიხვდე  ბზარი ახალია თუ ძველი“.

მოსაზრებას არ იზიარებს  კომპანიის წარმომადგენელი: „ჩვენ რომ გვითხრას სამინისტრომ ან ექსპერტიზამ რომ ბზარების გაჩენა ჩვენი ბრალია, რა თქმა უნდა შევაჩერებთ მშენებლობას, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულება და არც საექსპერტი დასკვნა მიუთითებს ამაზე. ჩვენ ტერიტორიის გამაგრებით სამუშაოებსაც ვატარებთ. საცხოვრებელი სახლის გრუნტის გამაგრება კი მერიის კომპეტენციაა“-აცხადებს თამარ თოფურიძე.

ინვესტიციის მასშტაბების მიუხედავად, პროექტში არ არის გათვალისწინებული პარკინგი. გოგებაშვილის ოთხ ნომერში მაცხოვრებლებს ეჭვი აქვთ, რომ პარკინგისთვის სწორედ მათი კორპუსის გამოყენება იგეგმება:

„ამ სახლში ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.  ალბათ ამ სახლის დაშლა უნდათ რომ ცარიელი ტერიტორია სასატუმრომ პარკინგისთვის გამოიყენოს“-ამბობს ამხანაგობის თავმჯდომარე.

„ადოგ ჯორჯია“ საქართველოში 2010 წელს დარეგისტრირდა და მას მიხეილ ძოძუაშვილი ხელმძღვანელობს. კუბთაუერის მშენმებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: