აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ლოგოს დიზაინის შექმნაზე კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობა ყველა დაინერესებულ პირს შეუძლია და გამარჯვებული ლოგოს ავტორს 2 000 ლარი გადაეცემა.
გამარჯვებულად ჩაითვლება კონკურსანტი, თუ მას საკონკურსო კომისიის წევრთა მიერ ყველაზე მაღალი ჯამური ქულა მიენიჭება.
კონკურსის მიზანია შეიქმნას ლოგო, რომელიც გამოყენებული იქნება სამინისტროს საქმიანობის პროცესში (სამინისტროს ვებ-გვერდზე, სოციალური მედიის პლატფორმებზე, სავიზიტო ბარათებზე, ბლანკებზე, პოსტერებზე და სხვა საინფორმაციო მასალებზე).
„შინაარსობრივად ლოგო (ან ლოგოს ესკიზი) სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკას უნდა ასახავდეს, უნდა იყოს ადვილად აღქმადი, დასამახსოვრებელი და პოზიტიური. თავდაპირველად მასალა JPEGდა PNG ფაილის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი, დამტკიცების შემთხვევაში კი ვექტორულ-გრაფიკულ (EPS) და PDF ფორმატში. ფერი უნდა იყოს CMYK (ლოგო გამოყენება უნდა შეიძლებოდეს თეთრი და ფერადი ფონებისთვის).
ტექნიკური თვალსაზრისით ლოგო უნდა იყოს ადვილად გამოსაყენებელი, დასამუშავებელი; მარტივად უნდა შეიძლებოდეს ზომის ცვლილება, მანიპულირება ნებისმიერი რეპროდუქციის მიზნით“ – ნათქვამია სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო წინადადება (ერთ დალუქულ კონვერტში), საფასურის (კანონის 19¹ მუხლის პირველი პუნქტით 50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტთან ერთად უნდა წარადგინონ აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
წინადადებები მიიღება 14 ნოემბრის 10 საათიდან, 14 ნოემბრის 16 საათამდე, შემდეგ მისამართზე: მ. კომახიძის ქუჩა №119.
კონკურსი 2014 წლის 14 ნოემბრის 17 საათზე აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ჩატარდება.