სიახლეები

ხუთი წიგნი მშობლებისათვის

22.10.2014 • 4262
ხუთი წიგნი მშობლებისათვის

 

არსებობს წიგნები, რომლებიც მშობლებისთვის, გარკვეულწილად, სახელმძღვანელოებად შეიძლება იქცეს. ეს არ არის სამეცნიერო და ფსიქოლოგიური ლიტერატურა. ეს, უბრალოდ, მხატვრული ნაწარმოებებია მშობლებისა და შვილების პრობლემებზე, ურთიერთობებზე, სირთულეებზე, მჭიდრო დამოკიდებულებების მშვენიერებაზე… ეს წიგნები, შეიძლება, სულაც არ იყოს იდეალურ დედებსა და მამებზე ან უნაკლო ახალგაზრდებზე, ეს უბრალოდ, ნამდვილი, ყოველგვარ სიყალბეს მოკლებული ისტორიებია, რომლებიც ორივე მხარეს დაეხმარება ერთმანეთთან მეტად დაახლოვებაში.

 

ჩვენ ამოვარჩიეთ მშობლების საკითხავი, მსოფლიო ლიტერატურის შედევრები, რომელთაგან ბევრი ალბათ წაკითხული გექნებათ, მაგრამ შესაძლოა, ახლა სხვა კუთხით შეხედოთ.

 

კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“ – სელინჯერის უპოპულარესი წიგნი მხოლოდ თინეიჯერების ბიბლია კი არ არის. ეს არის ერთგვარი განმარტებითი ლექსიკონი მშობლებისთვის, რა უნდათ მათ მოზარდ შვილებს, რატომ დაკარგეს ყველაფრის ინტერესი, რატომ გაუცხოვდნენ, რატომ აუჯანყდნენ ოჯახურ ტრადიციებს. როგორ გგონიათ, რა აწუხებს ჰოლდენს ყველაზე მეტად? ჩვენ გვგონია, რომ საუბრის ნაკლებობა. მისი მხოლოდ პატარა ფიბის ესმის და მხოლოდ ის ესაუბრება დიდაქტიკის, საყვედურების გარეშე. ფიბის არანაირი მოლოდინი არა აქვს ჰოლდენისგან. პაწია გოგო სულაც არ ოცნებობს, მისი ძმა წარმატებული ამერიკელი გახდეს. ეს მშობლებს ახასიათებთ, თავიანთ შვილებზე თავიანთი ოცნებებისა და მოლოდინების თავსმოხვევა. ამ დროს კი ჰოლდენს მხოლოდ ის უნდა, კლდის პირას, ჭვავის ყანაში მოთამაშე ბავშვებს უყუროს და თუ ბავშვი უფსკრულის პირას მივა, ხელი შეაშველოს და არ მისცეს გადაჩეხვის საშუალება. იქნებ დააცადონ  მშობლებმა ჰოლდენს, აკეთოს ის, რაც უნდა? იქნებ დამჭერის საქმიანობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე პრესტიჟული კოლეჯის დიპლომი?!

 

 

„ნუ მოკლავ ჯაფარას“ – ატიკუს ფინჩი არამარტო უძლიერესი იურისტია, არამედ იდეალური მამაც. ატიკუსი ყველაზე უბრალო მაგალითია იმისა, რომ ბავშვს მოსამართლე კი არა, მეგობარი და მსმენელი ჭირდება. ადამიანი, ვინც აუხსნის, ცუდი რატომ არის ცუდი და მამა, რომელიც ახსნის გარეშე არ დასჯის. ატიკუს ფინჩს არა აქვს დიდი კუნთები, არც ყველაზე მეტი ფული. არც სწრაფად სირბილი შეუძლია, მაგრამ ამინც ჩემპიონია. განა იმიტომ, რომ შეუძლია, ერთი გასროლით მოკლას ცოფიანი ძაღლი? იმიტომ, რომ ყველაზე მაგარი მსროლელია? ეს ყველაზე საყვარელი ეპიზოდია ამ არაჩვეულებრივი, ჰუმანური წიგნიდან: ატიკუსს არ უნდა, მისმა შვილებმა გაიგონ, რომ მათი მამა პროფესიონალურად ისვრის, მთელ ქალაქში ყველაზე მაგრად. იმიტომ, რომ ურჩევნია, შვილებმა გმირად მისი ადამიანური თვისებების გამო მიიჩნიონ და მათ აზრზე მისმა ფიზიკურმა სუპერშესაძლებლობებმა გავლენა არ მოახდინოს. ძალიან ადვილია, მაგარი ბიჭი გეგონოს სპორტსმენი, მილიონერი, ულამაზესი მამა. ატიკუსს კი უნდა, ჯემს და ჭყიტას მისი სამართლიანობის, კაცთმოყვარეობის გამო ეგონოთ მაგარი ბიჭი. და ჰგონიათ კიდეც. მოდი და ასეთი მამა ნუ გეგონება.

 

 

„ედრიან მოულის საიდუმლო დღიური“ – სიუ ტაუნდსენის არაჩვეულებრივად გულახდილი, 13 წლის ბიჭის დღიური. ედრიანი ყველაფერზე წერს: დედ-მამას შორის არსებულ კრიზისზე, სიყვარულზე, პრეტენზიებზე, მუწუკებზე, გარდატეხის ასაკის პრობლემებზე. ამ წიგნში ძალიან ნათლად ჩანს, როგორ შეიძლება, მშობლების ცუდმა ურთიერთობამ ბავშვს გული გაუტეხოს და ყველაფერზე ხელი ჩააქნევინოს.

 

 

პორტუგალიის იმპერატორი“- სელმა ლაგერლოფის ნაკლებად ცნობილი, ძალიან ფაქიზი წიგნი მამა-შვილის ურთიერთობაზე.  ლამაზი, სკანდინავიური ლეგენდებით სავსე, მარტივი, უბრალო და ამაღელვებელი წიგნი სკლორიკელ გლეხზე, რომლის ცხოვრება მთლიანად შეცვალა ქალიშვილის დაბადებამ. საოცარი მეგობრობა და უპირობო მამობრივი სიყვარულია ამ წიგნში. მთავარია, გზააბნეულმა შვილმა ყოველთვის იცოდეს, რომ ის არ უყვართ კარგი გოგოობისა და ბიჭობის გამო. ის მაშინაც ეყვარებათ, როდესაც სიბნელეში ბოლომდე დაებნევა გზა.

 

 

ზეპელინ“ – თურმუდ ჰაუგენის პატარა, ძალიან პოეტური წიგნი პატარა გოგონა, თეკლას და მისი იდუმალი მეგობრის, მოზარდი ბიჭის შესახებ, რომელიც სახლიდან გამოიქცა მშობლებთან გაუგებრობის გამო. სინამდვილეში, თეკლასაც და ბიჭსაც გადასარევი მშობლები ჰყავთ, უბრალოდ მეტისმეტად დიდები არიან და ავიწყდებათ, რომ არსებობს ჯადოსნური სიტყვები, მაგალითად, „ზეპელინ~, რომელიც გამოქვაბულს ანათებს და გაყინულ გულებს ათბობს.

გადაბეჭდვის წესი