სიახლეები

სწავლის ფასი ბათუმის კერძო სკოლებში

09.10.2014 • 14894
სწავლის ფასი ბათუმის კერძო სკოლებში

 

ზოგადი განათლების მიღება ბათუმში ყველაზე ძვირი შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმშია. აქ სწავლის ღირებულება 2000 დოლარია. სკოლაში 450 მოსწავლე სწავლობს.

 

„ჩვენთან პირველი კლასიდან ისწავლება ინგლისური და ტექნიკური საგნები – მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერი ისწავლება ასევე ინგლისურ ენაზე“ –  ამბობს შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგში ნათია მაკარაძე.

 

1400-დან 2500 ლარამდე ღირს სწავლა კერძო სკოლა „გორდაში“. სკოლას 320 მოსწავლე ჰყავს. სწავლის გადასახადი საფეხურების მიხედვით არის განაწილებული. „პირველი – მეოთხე კლასი ღირს 1400 ლარი, მეხუთე-მერვე – 1500 ლარი. მეცხრე – მეათე კლასი – 1600 ლარი. განსხვავებულია მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასის საფასური, სადაც ბავშვი ემზადება ეროვნული და საატესტატო გამოცდისათვის. მეთერთმეტეში არის 2000 ლარი, მეთორმეტეში კი – 2500 ლარი. ჩემი სკოლის მოსწავლე არც აცდენს სკოლას და სხვაგან მომზადება არ სჭირდება,“ – ამბობს სკოლის დირექტორი ნინო მურვანიძე.

 

 

 

1720-დან 2640 ლარამდეა სწავლის გადასახადი კავკასიის ბიზნესის სკოლაში, სადაც 238 ბავშვი სწავლობს.

„დაწყებით საფეხურზე სწავლის საფასური 1720 ლარია. ყველა მოსწავლისთვის გათვალისწინებულია ერთჯერადი კვება. მეხუთედან მეცხრე კლასის ჩათვლით 100 ლარი ემატება. მეცხრე, მეათე და მეთორმეტე კლასში სწავლის ფასი არის 2640 ლარი“  – ამბობს სკოლის დირექტორი რუსუდან გოგიბერიძე.

 

მისი თქმით, მაღალ კლასებში სწავლის საფასურს განაპირობებს ის ფაქტი, რომ მოსწავლეები სკოლაში ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებიან.

 

წელიწადში 1700 ლარი ღირს განათლების მიღება კერძო სკოლა „მონპარნასში“. სკოლა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი და იქ 130 ბავშვი სწავლობს.

 

„ორჯერ ორი რომ ოთხია, ყველა ასწავლის, რემბრანტი რომ მე-17 საუკუნის დიდი ჰოლანდიელი მხატვარია, ამას ისწავლის თუ დაჭირდა, მაგრამ ღირსების ცნება, გალანტურობის ფაქტორი, ინტელექტუალური ბაზის, გემოვნების ჩამოყალიბება, სწორი სამეტყველო ენა ისწავლება ჩვენთან. კანონმორჩილი ადამიანის ჩამოყალიბება თავისი უფლებებისა და მოვალეობების ცოდნით, ეს გამოარჩევს ჩვენს სკოლას სხვა სკოლებიდან,“ – ამბობს „მონპარნასის“ დირექტორი ნათია ქორიძე.

 

 

620 მოსწავლე სწავლობს სკოლა-ლიცეუმ „მასტერკლასში“. სკოლაში სწავლის გადასახადი 2000-2100 ლარს შეადგენს 1-12 კლასში, ხოლო მე-11 კლასში სწავლის გადასახადი 2300 ლარია, კვებისა და გახანგრძლივებული სექტორის ჩათვლით.

 

„გარდა სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნებისა, სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს დამატებით მეცადინეობას დღის მეორე ნახევარში, უცხო ენების გაძლიერებულ სწავლებას. სკოლა განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას მოსწავლეთა წიგნიერების კულტურის ამაღლებაზე, ხშირად ატარებს სხვადასხვა სახელოვნებო და კულტურულ აქტივობას, ხშირად იმართება სამეცნიერო-შემეცნებითი კონფერენციები. ჩვენს სკოლას გამოარჩევს კოორდინატორის ინსტიტუტი, რომელიც ესწრება საგაკვეთილო პროცესს, ინიშნავს მოსწავლის აკადემიურ მონაცემებს და აქტიური კონტაქტი აქვს მშობელთნ, რაც მშობელს აძლევს იმის საშუალებას, რომ აქტიურად იყოს ჩართული შვილის სასწავლო პროცესში,“ – ამბობს სკოლა-ლიცეუმ „მასტერკლასის“ დირექტორი ნათია ნიკაჭაძე.

 

630 მოსწავლე სწავლობს კერძო სკოლა „ევრო 2000~-ში. წელიწადში ერთი მოსწავლის სწავლის ღირებულება 1500 ლარია.

 

„გვაქვს ძალიან დიდი შეღავათები. საშუალო თანხა გამოდის 1300 ლარი. გვყავს გადასახადისგან გათავისუფლებული სოციალურად დაუცველი მოსწავლეები. დედმამიშვილები 15%-იანი შეღავათით სარგებლობენ. მესამე შვილი 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობს. მეოთხე შვილი (ასეთიც გვყავს) საერთოდ გათავისუფლებულია სწავლის გადასახადისაგან. წარჩინებული და ეროვნულ ოლიმპიადაზე გამარჯვებული მოსწავლეებიც სარგებლობენ შეღავათით,“ – ამბობს „ევრო 2000“-ის დირექტორი მარინა ცივაძე.

 

800-1000 ლარს იხდის კერძო სკოლა „ახალგაზრდობის“ 35 მოსწავლე ზოგადი განათლების მიღებაში.

„ბავშვს, რომელიც ჩვენთან მოდის, გარანტირებული აქვს საატესტატო და ეროვნული გამოცდების ჩაბარება. ამას გარდა ჩვენ გვაქვს პროფესიული სწავლება. რომელი პროფესიაც სურს, იმას დაეუფლება,“ – ამბობს სკოლის დირექტორი ტარიელ ქობულაძე.

 

 

სკოლა „ნერგებში“ 152 მოსწავლე სწავლობს. „პირველ კლასში 800 ლარია სწავლის გადასახადი, მეორედან მეშვიდე კლასის ჩათვლით – 900 ლარი, მეათე კლასში – 1000 ლარი, მეთერთმეტე – 1200 და მეთორმეტე კლასში – 1400 ლარი. დამატებით გაძლიერებული სწავლებაა. ტექნიკური საგნები განსაკუთრებით ისწავლება. მოსწავლეთა რაოდენობა არის განსაზღვრული. მაქსიმალური 14 მოსწავლეა კლასში,“ – ამბობს სკოლის დირექტორი თამაზ გეგეშიძე.

 

160 მოსწავლე სწავლობს სკოლა „თაობა XXI“-ში. მოსწავლეები სწავლის გადასახადს ყოველთვიურად იხდიან. ერთი თვის სწავლის ღირებულება პირველი-მეოთხე კლასის ჩათვლით 120 ლარია, მეხუთე – მეშვიდე კლასის – 140 ლარი, მერვე-მეთერთმეტე – 150 და მეთორმეტე კლასის – 170 ლარი.

„ვცდილობთ ვასწავლოთ ხარისხიანად და ყველა საგანი თანაბარი დატვირთვით,“ – ამბობს სკოლის დირექტორი ომარ მიქელაძე.

 

„ერთ მოსწავლეზე საშუალოდ 1300 ლარია წლიური გადასახადი თავისი მომზადებით და წრეობრივი მუშაობით. 340 მოსწავლე სწავლობს „ნიკეში“. მცირე რაოდენობის მოსწავლეები გვყავს თითოეულ კლასში, თანამედროვე სტანდარტებით მიმდინარეობს სწავლება. გამოვირჩევით მასწავლებლების მაღალი პროფესიული დონით,“ – ამბობს კერძო სკოლა „ნიკეს“ დირექტორი იზოლდა ტაკიძე.

 

1200-1300 ლარი ღირს სწავლა „გიმნაზია 21-ე საუკუნეში“. სკოლაში 400 მოსწავლე სწავლობს.

„დაწყებით კლასებში სწავლა ღირს 1200 ლარი, მეხუთე კლასის ზემოთ – 1300 ლარი. გაძლიერებულად ისწავლება უცხო ენა, მათემატიკა და ინფორმატიკა“ – ამბობს სკოლის დირექტორი ირინა ქიქავა.

 

„60 მოსწავლე გვყავს, სწავლის საფასური ჩვენთან 1000 ლარია, ხუთი კლასის ჩათვლით და შემდეგ კლასებში 100 ლარი ემატება კლასების მიხედვით. ენებს ვასწავლით გაძლიერებულად. გარდა ამისა, შეგვიძლია გავცეთ საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ აღიარებული ფრანგული ატესტატი,“ – ამბობს „ფრანგული სკოლის“ დირექტორი ლუიზა თუთარაშვილი.

 

 

220 მოსწავლე სწავლობს კერძო სკოლა „იმედში“, სადაც სწავლის საფასური 1200 ლარია. განსხვავებულია მხოლოდ მეთორმეტე კლასის სწავლის ღირებულება, რომელიც 2000 ლარს შეადგენს, რადგან მეთორმეტეკლასელები სკოლაში ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან. 

 

 

110 მოსწავლე სწავლობს „მედიანა 2011“-ში, სადაც სწავლა 1000 ლარი ღირს. „ჩვენი სკოლა გამორჩეულია იმით, რომ გაძლიერებულად ისწავლება მათემატიკა. ასევე ჩვენთან ფუნქციონირებს კომაროვის შაბათის სკოლა“ – ამბობს სკოლის დირექტორი ზაურ სოლომონიძე.

 

1200-დან 1500 ლარამდე ღირს სწავლა ზურაბ გორგილაძის სახელობის სკოლა „არილში“, სადაც 16 მოსწავლე სწავლობს.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ სკოლა იყოს რეპეტიტორის გარეშე და ჩვენს მოსწავლეს არ დასჭირდეს რეპეტიტორი. ამას ვაღწევთ კიდევაც. ამაზე მეტყველებს ჩვენი მოსწავლეთა შედეგები,“ – ამბობს სკოლის დირექტორი ინგა მაჩიტიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: