სიახლეები

არჩილ ხაბაძე ღამის მატარებლის რეისის გაუქმების მიზეზსა და მურმან დუმბაძის განცხადების შესახებ

08.10.2014
არჩილ ხაბაძე ღამის მატარებლის რეისის გაუქმების მიზეზსა და მურმან დუმბაძის განცხადების შესახებ

 

არჩილ ხაბაძე
არჩილ ხაბაძე

„დაახლოებით ექვსი თვის წინ მე გავუკეთე ორგანიზება რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლების,  ბატონი მურმანის და ჩემს ერთად შეხვედრას. პრობლემა დაისვა იმ მიმართულებით, რომ ღამის მატარებლის  ჩანაცვლება მოხდებოდა ჩქაროსნული მატარებლებით, რომელიც, ალბათ, უფრო ეფექტური იქნება და უფრო მისაღები, ერთადერთი გამონაკლისის გარდა, სწორად აღნიშნავს ბატონი მურმანი, რომ ღამის მატარებელს წოლის რეჟიმი ვერ ექნება. ახლა, როგორც ვიცი, ორი ჩქაროსნული მატარებელი მოძრაობს – დილის და საღამოს რეისები“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

 

მისი თქმით, შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ ბათუმი-თბილისის და თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებელი იმოძრავებს დღეში ოთხჯერ – დილის ორი მატარებელი (9-ზე და 11-ზე ან 12 საათზე), საღამოს – 19 საათზე და ღამის 2 საათზე „რომ ღამის 2-ზე ბათუმიდან გამგზავრებული მგზავრი ჩასულიყო დილის 7 საათზე, როგორც ეს სტანდარტულად ხდებოდა ღამის მატარებლის შემთხვევაში“  – ამბობს არჩილ ხაბაძე.

 

მთავრობის თავმჯდომარე იმ მიზეზზეც საუბრობს, რაც, მისი თქმით, საქართველოს რკინიგზამ ღამის რეისის გაუქმების მიზეზად დაასახელა შეხვედრაზე:  

 

„მთავარი მიზეზი იყო რკინიგზის დეპარტამენტის თხოვნა: სამეგრელოს მიმართულებით მატარებლის ვაგონები არის ამორტიზებული, არ აკმაყოფილებს სტანდარეტებს, ამიტომ უნდა მოხდეს მათი ექსპლუატაციიდან ამოღება შემდგომი რეაბილიტაციისთვის ან  ჩანაცვლება. შესაბამსიად ის ვაგონები, რომლებიც ბათუმი- თბილისის მიმართულებით მოძრაობდნენ, უნდა გადასულიყო სამეგრელოს მიმართულებით. რკინიგზის პრობლემაც უნდა გავითავისოთ, მაშინ სამეგრელო დარჩება მომსახურების გარეშე.“

 

არჩილ ხაბაძე აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ამ თემის პოლიტიკური ანგაჟირება: „იმ შეხვედრის შემდეგ მე არ მახსოვს, რომ ბატონ მურმანს ეს საკითხი კიდევ დაესვას. ამის გარდა, დავსვით საკითხი [რკინიგზის] თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ამაზეც მოგვცა თანხმობა რკინიგზამ, რომ ის თანამშრომლები, ვინც ღამის მატარებლის გაუქმების შედეგად დაკარგავდა სამსახურს, დასაქმდებოდნენ სისტემაში. ეს საკითხიც დავსვი მე, ბატონი მურმანი რატომღაც ამას არ ახსენებს“ – აღნიშნავს არჩილ ხაბაძე.

 

შეგახსენებთ, გასულ კვირას გაზეთ „ბათუმელებთან“ მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ ის რომ იყოს არჩილ ხაბაძის ადგილზე, ბათუმი-თბილისის ღამის მატარებელს ვერ გააუქმებდნენ. 

 

საქართველოს რკინიგზა განმარტებას, თუ რატომ გაუქმდა ბათუმი-თბილისის ღამის მატარებელის რეისი ან აღდგება თუ არა, ამ დრომდე არ აკეთებს. ამ დროსათვის ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორი ჩქაროსნული მატარებელი მოძრაობს. ბილეთის ფასი 18-25 ლარია.  

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.