სიახლეები

„სოფლის გამგებელმა მიყვირა“ – ინციდენტის ორი ვერსია

08.10.2014 • 1287
„სოფლის გამგებელმა მიყვირა“ –  ინციდენტის ორი ვერსია

 

ლუთფიე დევაძე ამბობს, რომ თავის თანასოფლელ გამგებელს, ამირან ჯიჯავაძეს არ უჩივის, მაგრამ პოლიციაში „განაცხადი გააკეთა“:  

 

„ამირან ჯიჯავაძე მოვიდა და მიყვირა. ჩხუბი ატეხა ეზოში. ჩემი შვილი ნერვიულია, პენსიონერია და ძალიან ვინერვიულე ამაზე. ათი წელია ასე ვართ, ყველა გაწვიმებაზე გავრბივართ მეზობლებთან და რადგან ტელევიზია ამოვიყვანე, მეჩხუბეს. მლანძღა ამ ხნის ქალი ამირანმა.“

 

ლუთფიე დევაძე ამბობს, რომ სოციალური შემწეობაც მოუხსნეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირთ:

 

„ასეთ ამბავში ვართ და დახმარება მოგვიხსნეს 2 წელია, სააკაშვილი ჯერ არ იყო წასული. ამათაც მივმართეთ, მაგრამ შეგვამოწმეს და მაღალი ქულები მოგვცეს. რძალს თავისმა დედმამიშვილებმა დაბადების დღეზე აჩუქეს სარეცხი მანქანა, მაცივარიც – დეკნა მყავდა, დამ მაჩუქა, დავკალით და ვიყიდეთ. ამის გამო მოგვიხსენეს დახმარება“.

 

ამირან ჯიჯავაძე,  გამგებლის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ზედა ახალშენში, ინციდენტის დეტალებს  სხვაგვარად ყვება:

 

 „მსგავსი არაფერი ყოფილა. ქალბატონმა გამოიძახა ტელევიზია. ამ წვიმების შემდეგ ენაგადმოგდებულები დავრბივართ, რომ ვინმე აღურიცხავი არ დაგვრჩეს და ინფორმაცია მივაწოდოთ  გამგეობას დაზიანების შესახებ. ამ ქალბატონის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ იყო. გამგეობიდან რეკავენ და მეუბნებიან, აქ ტელევიზია იყო და თქვენ რატომ არ იცით ასეთი პრობლემური ოჯახი თუ არსებობსო. ზედა ახალშენში ვაგებდით ბეტონს, დავტოვეთ საქმე და წავედით. მე ვუთხრი, რომ ტელევიზიაში დარეკვამდე ჩვენთან დაერეკა და ამაზე გაგიჟდა. ვნახე სახლის უკან რა პრობლემა აქვთ, მაგრამ ეს 10 წლის წინანდელი მეწყერია. ეს ვუთხარი ამ ქალბატონს და ამაზე გაგიჟდა – არავინ ყურადებას არ მაქცევსო, დაიწყო წყევლა. მივხდი, რომ განმარტებას აზრი არ ჰქონდა და წამოვედი იმ პირობებით, რომ საბუთებს – გეოლოგიურ დასკვნას მოიტანდა, განვაახლებდით მონაცემებს და გადავცემდით გამგეობას“.

 

 

ამირან ჯიჯავაძე ამბობს, რომ ის „არაფრის გამო“ დაკითხეს პოლიციაში, დაბარებულია პროკურატურაში, რამდენიმე ტელევიზიიდან დაურეკეს კომენტარის გასაკეთებლად. „დამიჯერეთ, ეს წარმოუდგენლად დიდ ნერვიულობასთან არის დაკავშირებული. არაფრის გამო ატყდა საყოველთავო აჟიოტაჟი, რაც ჩემთვის ძალიან მძიმეა“.

 

შენიშვნა: მასალის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელების“ რედაქციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური დაუკავშირდა. როგორც პრესსამსახურში განაცხადეს, ამირან ჯიჯავაძე არ არის სოფელში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი.  „ალბათ, უბრალოდ, აქტიური მოქალაქეა” – განაცხადა „ბათუმელებთან“ ხელვაჩაურის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ.  

 

გადაბეჭდვის წესი