სიახლეები

უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ სპეციალისტები დაითხოვა

08.10.2014
უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ სპეციალისტები დაითხოვა

 

სხვადასხვა ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ ფრაქციიდან ოთხი თუ ხუთი მოწვეული სპეციალისტი იმის გამო დაითხოვეს, რომ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებული ნუგზარ კეკელიძე დაესაქმებინათ უმაღლეს საბჭოში (გასულ კვირას გათავისუფლებული ნუგზარ კეკელიძე საკუთარ თავს მურმან დუმბაძის ჯგუფის წევრად მიიჩნევს და მის გათავისუფლებას სწორედ ამ მოტივს უკავშირებს).

 

სპეციალისტების გათავისუფლების საკითხს „ფეისბუქში“ გამოეხმაურა ერთ-ერთი მათგანი -ლელა ტოროტაძე, რომელმაც დაწერა: „აქამდე ვფიქრობდი დამეკომენტარებია თუ არა, მაგრამ ვერ მოვითმინე მაინც, განსაკუთრებით სტატიის ბოლო შეკითხვაზე პასუხის გამო [კომენტარი გაკეთებულია ნუგზარ კეკელიძესთან „ბათუმელების“ მიერ ჩაწერილ ინტერვიუზე, რომელიც მის გათავისუფლების მოტივებზე საუბრობს] ვერ მოვითმინე ალბათ უფრო… არ იცის ხო კეკელიძემ წავა თუ არა ფრაქციაში, ჯერ კიდე ფიქრობს, მე ვიცი სამაგიეროდ რომ წავა… მაგის ფრაქციაში მისვლის გამო 4 ადამიანი (ეს მე ვინც ვიცი), გამოგვიშვეს ფრაქციიდან და დაგვტოვეს ისე, ვალი ქონია ბანკში და ხომ უნდა გადაიხადოსო, იმ სახლში გაშვებული ხალხის ვალებზე და იმათ პრობლემებზე იფიქრა ვინმემ? დაიკიდეთ ყველა ხო? და ამან თურმე არ იცის მივა თუ არა ფრაქციაში, მაგ სიმართლით იარეთ ყველამ, არა უშავს, ჩვენ ქუჩაზეც მოვა გაზაფხული როცა იქნება, ღმერთი ზემოდან იხედება და ყველა მიიღებს, რასაც იმსახურებს“.

 

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ორ გათავისუფლებულს – ლელა ტოროტაძესა და თამაზ ხუხუნს. ორივე მათგანმა კატეგორიული უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე.

 

უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის აკაკი ძნელაძის განმარტებით კი, ფრაქციის აპარატის თანამშრომლებს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს იმის გამო, რომ ფრაქციის წევრებს მათ მუშაობასთან დაკავშირებით გარკვეული მოსაზრებები ჰქონდათ:

 

 

„ფრაქცია მარტო მე ხომ არა ვარ, იყო რაღაც მოსაზრებები. რამდენადაც ვიცი, ისინი უმუშევრები არ დარჩებიან. დასაქმედებიან მერიაში. მე ვთხოვე მერიას ლელა ტოროტაძის დასაქმებასთან დაკავშირებით. სხვებიც დასაქმდებიან, ერთი ქობულეთის საკრებულოში გადავიდა“.

 

 

ფრაქციის თავმჯდომარის ინფორმაციით, ხელშეკრულება ფრაქციის ხუთ სპეციალისტს არ გაუგრძელეს.

 

დასაქმების თხოვნით უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ ფრაქციას განცხადებით უკვე მიმართა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ნუგზარ კეკელიძემ. ახლა ის დასაქმებისთვის საჭირო დოკუმენტების შეგროვებით არის დაკავებული.

 

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებულმა ნუგზარ კეკელიძემ უმაღლეს საბჭოში მის მისვლასა და ხუთი ადამიანის უმუშევრად დარჩენას შორის არსებულ კავშირზე „ბათუმელებთან“ განმარტა: „ფეისბუქში ამოვიკითხე, რომ ხუთი ადამიანის გათავისუფლება მე მიკავშირდება. არ მესმის რატომ, იქ წონის მიხედვითაა თანამდებობა და უფრო დიდი ადგილი მჭირდება, ალბათ ამიტომ.

 

ხელფასი რამდენი მექნება? – არ დავინტერესებულვარ. ხელფასი რომ იყოს ჩემთვის მნიშვნელოვანი, მთავრობაში ვიქნებოდი წყნარად. რამდენჯერმე იყო ჩემთან ადამიანი მოსული, რომელმაც გამაფრთხილა გავჩუმებულიყავი, აკეთონ რაც უნდათ და როგორც უნდათო. რომ გავჩუმებულიყავი, პრობლემა არ მექნებოდა. ახლაც თანამდებობაზე ვიქნებოდი და უზარმაზარი ხელფასი მექნებოდა“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.