ნეტგაზეთი • RU

შემოდგომის ლეგენდა – კონკურსი სტუდენტებისთვის

 

სტუდენტური კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ იწყება. ლიტერატურული კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კომპანია „ჯეოსელის“ მიერაა ორგანიზებული. წელს მასში მონაწილეობა გორის, თელავის, სამცხე-ჯავახეთის, ქუთაისის, ზუგდიდის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებსაც შეეძლებათ. 

 

დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსის შესახებ ინფორმაცია სტუდენტებს მწერალმა დათო ტურაშვილმა გააცნო. ტურაშვილის თქმით ეს კონკურსი არის კარგი შანსი ლიტერატურის მოყვარული  ახალგაზრდებისთვის.

 

„შემოდგომის ლეგენდა“ ლიტერატურული კონკურსია და ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე საკონკურსო ნამუშევრები მიიღება, ხოლო მათგან შერჩეული 10 საუკეთესო კანდიდატი მეორე ტურში გადავა.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა თავიანთი პროზაული ნაშრომი 12 ოქტომბრამდე ელექტრონული ფოსტით  უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: shemodgomis-legenda@tsu.ge

 

უნივერსიტეტის ჟიური საკონკურსო მასალების განხილვის შემდეგ 10 საუკეთესო კანდიდატს ამოარჩევს. რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.

 

ლიტერატურული ნამუშევრის შესაქმნელად კონკურსანტებს ორი დღე ექნებათ. კონკურსის მონაწილეებს კახეთში, ილიას მთაზე მდებარე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი უმასპინძლებს.

 

„შემოდგომის ლეგენდა“  წელს მეექვსედ ჩატარდება.  

 

დათო ტურაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"