სიახლეები

უზენესმა სასამართლომ უმაღლეს საბჭოს აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრების დანიშვნა დაავალა

30.09.2014 • 3722
უზენესმა სასამართლომ უმაღლეს საბჭოს აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრების დანიშვნა დაავალა

 

„უზენესმა სასამართლომ არ განიხილა უმაღლესი საბჭოს საჩივარი და ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ანუ დააკმაყოფილა ბეჟან გობაძის სასარჩელო განცხადება და ბათილად ცნო უმაღლესი საბჭოს მიერ ტელევიზიის ბორდში ოლიკო ჟღენტისა და ვახანგ ღლონტის არჩევის საკითხი. შესაბამისად, ბეჟან გობაძე დაუყოვნებლივ უნდა დაინიშნოს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრად. ეს უკვე ფორმალობაა“, – ამბობს გია ქარცივაძე, საიას აჭარის ოფისის ხელმძღვანელი.

 

უზენაესი სასამართლოს განჩინება
უზენაესი სასამართლოს განჩინება

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბეჟან გობაძემ და ირაკლი დარცმელიძემ მას შემდეგ მიმართეს, როდესაც აჭარის უმაღლესი საბჭოს მმართველ კოალიციაში გაწევრიანებული ფრაქციების დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს უმცირესობაში მყოფი პარტიის მიერ [ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის] აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში მათთვის გამოყოფილ კვოტაზე წარდგენილ კანდიდატებს.

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მაშინ ამტკიცებდნენ, რომ  უმცირესობის კვოტაზე თავიანთი კანდიდატების წარდგენის უფლება ჰქონდათ და გამოიყენეს კიდეც ეს „უფლება“, რის შედეგადაც დანიშნეს  აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში ოლიკო ჟღენტი და ვახტანგ ღლონტი.

 

ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით წარდგენილმა კანდიდატებმა – ბეჟან გობაძემ და ირაკლი დარცმელიძემ იჩივლეს სასამართლოში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს პირველმა ინსტანციამ დაადგინა, რომ უმაღლესმა საბჭო უკანონოდ მოიქცა. თუმცა, აჭარის საკანონმდებლო ორგანომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ჯერ ქუთისის საქალაქო სასამართლოში გაასჩივრა, ხოლო შემდეგ უზენაეს სასამართლოში.

 

„ბათილობა ბეჟან გობაძის საჩივარზე ნიშნავს, რომ გაბათილდა როგორც ჟღენტის ისე ღლონტის დანიშვნის დადგენილება, ამიტომ დარცმელიძის საქმეზე გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი აღარაა. დარცმელიძეც ავტომატურად ხდება მრჩეველთა საბჭოს წევრი“, – ამბობს გია ქარცივაძე.

 

აპირებენ თუ არა ირაკლი დარცმელიძისა და ბეჟან გობაძის დანიშვნას აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში? – ამ კითხვის პასუხად უმაღლეს საბჭოში განაცხადეს, რომ „დავას უზენეს სასამართლოში გააგრძელებენ“.

 

აჭარის ტელევიზიის 5-წევრიან ბორდი 2013 წლის ოქტომბრიდან დღემდე 3 წევრით მუშაობს. ბორდის წევრები არიან ნატა იმედიაშვილი, გიორგი ირემაძე და ზაზა ხალვაში. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: