სიახლეები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მედეა ვასაძის ფარული ჩანაწერის შესახებ

30.09.2014
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მედეა ვასაძის ფარული ჩანაწერის შესახებ

 

12 სექტემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძემ იმ საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელიც მასსა და აჭარის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პარმენ ჯალაღონიას შორის შედგა. აუდიოჩანაწერის მიხედვით, პარმენ ჯალაღონია მედეა ვასაძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის დანაბარებს გადასცემს და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გათავისუფლებული დირექტორის ლევან ჯინჭარაძის, რომელიც მედეა ვასაძის მაზლია, მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების პირობას იძლევა. 

 

„აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი დაუკავშირდა პარმენ ჯალაღონიას. მას ჩანაწერის ავთენტურობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელთან საუბარში, ჯალაღონია განმარტავს, რომ ეს იყო კერძო საუბარი და შეხვედრა შედგა ბათუმში ნინოშვილის ქუჩაზე, ინტურისტთან ახლოს კაფეში. მისი განმარტებით შეხვედრა მხოლოდ და მხოლოდ მას და მედეა ვასაძის შორის შედგა და საუბარს სხვა პირი არ ესწრებოდა.

 

ჩვენთან საუბარში ვასაძე ადასტურებს, რომ დროდადრო მიმართავს პირადი საუბრების ჩაწერის პრაქტიკას, შემდგომში გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით. მითუმეტეს, როდესაც შეხვედრის ინიციატივა აჭარის მთავრობიდან მოდის. მისი თქმით, ამ საუბრებს მისი ნდობით აღჭურვილი პირი იწერს. თუმცა, როგორც ვასაძე აღნიშნავს, მისთვის არ იყო ცნობილი, რომ ჯალაღონიასთან მისი საუბრის ჩანაწერი გაკეთდა.

 

რადგან, მედეა ვასაძის განცხადებით, აუდიოჩაწერას ის თავად არ ახორციელებს, ჯალაღონია კი აცხადებს, რომ შეხვედრაზე მხოლოდ მედეა ვასაძესთან ერთად იმყოფებოდა, გარემოებები დამატებით შესწავლას საჭიროებს, რადგან შესაძლოა, სახეზე იყოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების ხელყოფა.“ – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით „აჭარის მთავრობა არ უნდა ცდილობდეს უმაღლეს საბჭოსთან არსებული კონფლიქტის კანონის გვერდის ავლით, ცალკეულ პირებთან დადებული გარიგებების მეშვეობით მოგვარებას. აღმაშფოთებელია, ასევე, მედეა ვასაძის მიერ კერძო საუბრის გავრცელების ფაქტი. დღეს არსებული ვითარება აჭარის ხელისუფლებაში არსებული ორი ჯგუფის აშკარა დაპირისპირების გამოვლინებაა. ყოველივე ეს კი უარყოფითად აისახება მაღალი თანამდებობის პირების მიმართ საზოგადოების ნდობაზე და საფრთხეს უქმნის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების ეფექტურ მუშაობას.“ 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.