სიახლეები

„ბათუმობა“ 135 000 ლარად – შეფასება და ხარჯები

26.09.2014 • 1555
„ბათუმობა“ 135 000 ლარად – შეფასება და  ხარჯები

 

ბათუმობა - 2014 წელი
ბათუმობა – 2014 წელი

„მოვუსმინე ბევრ ადამიანს და სოციალურ ქსელშიც ვაკვირდებოდი განწყობებს. გარკვეულ საკითხებში ბევრად გაუმჯობესებული იყო ორგანიზება. თუმცა ისევ და ისევ იყო პრობლემა ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით. დღესასწაულამდე ერთი დღით ადრეც კი კითხულობდნენ ადამიანები, თუ სად რა ტარდებოდა. წინა დღეს ძალიან გვიან აიტვირთა ინფორმაცია მერიის საიტზე, რამდენიმე ჟურნალისტმა  მეც კი დამირეკა იმის თაობაზე, ხომ არ მქონდა პროგრამა და ხომ ვერ დავეხმარებოდი მათ, რადგან საზოგადოების მხრიდან იყო მოთხოვნა“, – ამბობს ნათია აფხაზავა. ის „ბათუმობის“ ორგანიზებასთან დაკავშირებულ კომისიაში, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო მიწვეული. 

 

 

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ღონისძიების შესახებ სოციალურ ქსელში ბევრჯერ დაწერეს, გარკვეული ღონისძიებების დროზე ადრე დასრულება იყო:

 

 

„შეიძლება ითქვას, რომ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლების ჩამოვლის შემდეგ რაღაც ღონისძიებები დასრულდა. ამან ადამიანები დააბნია. სვამდნენ კითხვებს: დასრულდა თუ არა? კიდევ იქნებოდა თუ არა? – ეს კითხვები იყო უფრო გამოფენებზე და ცენტრალური დასის სპექტაკლზე. უფრო ხანგრძლივი იყო ბაზრობები, რაც ბათუმობასთან დაკავშირებით გაიმართა. დაგეგმვის პროცესში იყო საუბარი იმაზე, რომ დღესასწაულის განწყობა მთელი დღის განმავლობაში უნდა შენარჩუნებულიყო. ასე არ მოხდა, თუ არ ჩავთვლით კონცერტს ერას მოედანზე, რომელიც საღამოს დაიწყო“, – ამბობს ნათია აფხაზავა.

 

 

გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ კმაყოფილია, თუმცა მისივე შეფასებით იყო ხარვეზებიც, რასაც მომავალ წელს გაითვალიწინებენ. კონკრეტულად რა არ მოეწონა ქალაქის მერს, არ დააკონკრეტა, მხოლოდ ის გვითხრა, რომ კარგი იქნება, თუ მომავალ წელს „ბათუმობას“ უქმე დღეებს დაამთხვევენ.

 

 

რაც შეეხება ხარჯებს – მერიიდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციით, დღესასწაულის რეჟისურა, კონცერტის ჩათვლით, 17 500 ლარი დაჯდა. მთლიანობაში კი დღესასწაულის მოსაწყობად მერიამ ბიუჯეტიდან 135 000 ლარი დახარჯა. „ბათუმობის“ ბიუჯეტი გასულ წელს 105 000 ლარით მეტი,  240 000 ლარი იყო.

 

 

„ბათუმობის“ რეჟისორებმა – ზაზა ხალვაშმა და მერაბ ლებანიძემ ჰონორარის სახით 12 500 ლარი მიიღეს. ერას მოედანზე გამართული კონცერტის რეჟისორების – რევაზ ბაინაზაშვილისა და ომარ ტოტოშვილის ჰონორარმა კი 5 000 ლარი შეადგინა.

 

 

დღესასწაულის ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი _ 28 724 ლარი წელს სასტუმროს მომსახურება დაჯდა: „შერატონი“, „ერა პალასი“, „ჩაო“ და „დუტა“ წელს მერიამ დამეგობრებული ქალაქებიდან ჩამოსული სტუმრებისთვის და სადღესასწაულო კონცერტის მონაწილეებისათვის დაიქირავა. 

 

 

16 878 ლარი დაიხარჯა სადღესასწაულო სუფრებისა და სტუმრების გამასპინძლებისთვის. ამ მხრივ წელს მომსახურება  რესტორნებს: „აჭარულ სახლს“, „პორტო ფრანკოს“, „ყირამალას“, „მეგრულ-ლაზურს“, „ჯი ემ ჯი აპარტამენტს“, „აჭარული ღვინის სახლს“ და „პრესკაფეს„ დაუკვეთეს. აქედან ყველაზე მაღალბიუჯეტიანი დაკვეთა (5 600 ლარი) მერიამ „ყირამალას“ მისცა.

 

 

გამოფენების, წარმოდგენების, პერფორმანსებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან 46 278 ლარი დაიხარჯა. ამ თანხაში შევიდა აპარატურის დაქირავების ხარჯი (8 125 ლარი) და საპატიო ბათუმელების, საპატიო მოქალაქეებისა და დამსახურებული მოქალაქეების დაჯილდოვების ღონისძიების ორგანიზების ხარჯებიც. მათ გამოვლენაზე ყოველ წელს ბათუმის საკრებულოს სპეციალური კომისია მუშაობს.

 

 

წელს საკრებულომ სამი საპატიო ბათუმელი გამოავლინა, ხოლო ბათუმის მერიამ ათას-ათასი ლარი გადასცა. საკრებულომ ასევე ოთხი საპატიო მოქალაქე და ექვსი დამსახურებული მოქალაქე გამოავლინა, ეს ორი სტატუსი ფულად ჯილდოს არ ითვალისწინებდა, მათ მხოლოდ სერტიფიკატები გადასცეს. მერიამ მათთვის ბათუმის საზაფხულო თეატრში საზეიმო კონცერტი მოაწყო, სადაც მათ შესახებ წინასწარ მომზადებული ვიდეორგოლებიც გაუშვეს. საბოლოო ჯამში ამ ღონისძიებისთვის 10 400 ლარი დაიხარჯა, მისი ორგანიზება ააიპ „საზოგადოება ბათუმელს“ დაუკვეთეს (საზოგადოების დამფუძნებლები, სხვებთან ერთად, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრები – გენო თებიძე და ბაჩუკი ჩხეიძე არიან).

 

გადაბეჭდვის წესი