ნეტგაზეთი • RU

მოსახლეობა დატბორვის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის

 

 

გუშინ ბათუმი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა. წყალი შევიდა პირველ სართულებზე განთავსებულ სახლებსა და მაღაზიებში. ყველაზე დიდი ზარალი, როგორც მეპატრონეები აცხადებენ, პუშკინის ქუჩაზე არსებული მაღაზიების მეპატრონებს მიადგათ.

 

დაზიანებული ტექნიკა პუშკინის ქუჩაზე

„10 ათასი ლარის ზარალი იქნება, ელექტროობა დაზიანდა ძირითადად. მერიას არ ვიცი მივმართავ თუ არა კომპენსაციისთვის, მაგრამ საგადასახადოს მივმართე უკვე“- აცხადებს ზაზა მახარაძე.

ელექტრო საქონელი  დაუზიანდა მაღაზია „საუკუნის ნათებას“ მფლობელებსაც.

„15-20 ათასი ლარის ზარალი იქნება. ჯერ ვითვლით კიდევ ზარალს, სრული სურათი ერთ-ორ დღეში იქნება“- ამბობს ზაურ ცინცაძე.

მალხაზ დუმბაძის მაღაზიაც პუშკინის ქუჩაზეა. მეპატრონე, წინასწარი დათვლებით, ამბობს, რომ დაახლოებით შვიდასი ლარის ზარალი მიადგა: „შპაკლი“ და კიდევ სხვა სარემონტო მასალებია დაზიანებული, ალბათ მივმართავ მერიას კომპენსაციისთვის, ჯერ არ გადამიწყვეტია“- ამბობს ის.

რამდენიმე მაღაზიაში დაზიანდა  კომპიუტერები, საოჯახო ტექნიკა და განათებისთვის საჭირო მასალები.

„პროცესორები გამოვიდა წყობიდან ვალუტის ჯიხურში, გვერდით მაღაზიაში კი ელექტრო საქონელი გაფუჭდა. ათი ათას ლარამდე იქნება ზარალი“- ამბობს მაღაზიის მეპატრონე და წყლისგან დაზიანებულ ნივთებს ტომრებში ყრის.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე