სიახლეები

რატომ დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები

18.09.2014 • 1429
რატომ დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები

 

 

„ბათუმელების” ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 8 სექტემბერს პატრულირებისას თურქეთ-საქართველოს საზღვართან, სარფში, ავტომანქანა შეაჩერეს, რომელსაც სანომრე ნიშნები საქარე მინაზე ჰქონდა მიმაგრებული. პატრულის თანამშრომლებმა მიუთითეს, რომ ეს კანონდარღვევაა და მძღოლს სიტყვიერი გაფრთხილება და შენიშვნა მისცეს. სამართლებრივი დოკუმენტი, ან ოქმი გაფრთხილების შესახებ პატრულის თანამშრომლებს არ შეუდგენიათ და სწორედ ეს გახდა მათი სამართლებრივი დევნის მიზეზი. ბრალდებულებს პოლიციაში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვთ, ორივე მათგანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით (აღკვეთი ღონისძიების განჩინების ასლი) ირკვევა, რომ მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შუამდგომლობა გირაოს შეფარდების შესახებ.

 

განჩინების ასლში წერია, რომ პატრულის თანამშრომლებს ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით. პროკურორმა გირაოს სახით სამასი ათასი ლარის გადახდა მოითხოვა, „იმ მოტივით, რომ აღიკვეთოს მათი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, არ გაანადგურონ საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, არ ჩაიდინონ ახალი დანაშაული ან არ მიიმალონ გამოძიების დროს”.

 

პროკურორმა თქვა, რომ სასჯელი სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ამ სასჯელის შიშით შესაძლოა ისინი გამოძიებას და სასამართლოს მიემალნონ. პროკურორი ეჭვობს, რომ ბრალდებულებს შესაძლოა სხვა, უფრო მძიმე დანაშუალიც ჰქონდეთ ჩადენილი, რაც საჭიროებს მტკიცებულებების მოპოვებას: „რაც დაკავშირებულია მათ ამჟამინდელ სამსახურებრივ საქმიანობასთან და შემაკავებელი ღონისძიების არ არსებობის გამო შესაძლოა ისინი შეეცადონ მტკიცებულებების განადგურებას.” ადვოკატი არ დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას და მოითხოვა ბრალდებულების მიმართ არც ერთი სახის აღკვეთი ღონისძიება არ გამოყენებულიყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწმეების ჩვენება, საბაჟო გამშვები პუნქტიდან ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, შს მინისტრის ბრძანება №1310, საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ბრალდებულებმა შესაძლოა ჩაიდინეს დანაშაული.

 

რადგან ბრალდება თავისუფლების აღკვეთის გარდა სხვა სასჯელსაც ითვალისწინებს, ბრალდებულებს აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, წარსულში არ არიან ნასამართლევი, ასევე, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ოჯახური პირობების გათვალისწინებით, მოსამართლემ მათ გირაოს სახით ორი ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, განჩინების ასლში დასაბუთებული არ არის, თუ რატომ გადაწყვიტა მოსამართლემ გირაოს შეფარდება. მისი შეფასებით მოსამართლის აღწერილობითი ნაწილი „მშრალია” და გაუგებარია მოსამართლემ რატომ ჩათვალა აღკვეთი ღონისძიების სახით ორი ათასი ლარის შეფარდება.

 

აღკვეთი ღონისძიების განჩინების ასლში წერია, რომ პატრულის თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობა ჩაიდინეს, თუმცა კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ეს ქმედება, არ არის აღწერილი. ბრალდებულების სასამართლო პროცესი 16 ოქტომბერს გაიმართება, მანამდე კი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის მხარემ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.

გადაბეჭდვის წესი