სიახლეები

პროკურორი ადვოკატს უჩივის

16.09.2014
პროკურორი ადვოკატს უჩივის

 

რამინ პაპიძე

ადვოკატი რამინ პაპიძე დაკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოში დაიბარეს. როგორც მან „ბათუმელებთან” საუბრისას თქვა, გამომძიებელმა ომარ მიქელაძემ მას ბათუმის იუსტიციის სახლში მომხდარი ინციდენტის შესახებ დაუსვა კითხვები.

 

აი, რას ყვება პაპიძე: „19 აგვისტოს ვიმყოფებოდი ბათუმის იუსტიციის სახლში აჭარის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძესთან შესახვედრად. მას ვერ დავუკავშირდი და ველოდებოდი, როდის მოვიდოდა. იუსტიციის სახლში პროკურატურის მისაღებთან ყოფნისას შევნიშნე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი შოთა ხორავა, რომელიც საპროცესო ზედამხედველობას ახორციელებს ბათუმის პოლიციის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელ ანზორ ძირკვაძის წარმოებაში არსებულ დ. დ.-ს განცხადების გამო დაწყებულ გამოძიებაზე.

 

აღნიშნული საქმის გამოძიება მიმდინარეობს დაახლოებით ერთი წელი და ექვსი თვეა, საბოლოო გადაწყვეტილება საქმეზე ამ დრომდე არ არის მიღებული. ბოლო ოთხი თვეა (ხორავა) მეუბნება, დღეს ან ხვალ გადავწყვეტთო, თუმცა მატყუებდა. რამდენჯერმე ამ საქმეზე შეხვედრაც დამითქვამს გამომძიებელთან და კლიენტთან ერთად, მაგრამ ეს შეხვედრა არ შედგა. იუსტიციის სახლში შეხვედრისას მას ვკითხე დ.დ-ს საქმის შესახებ, კერძოდ, თუ რა ხდებოდა ამ საქმეზე.

 

მან გაბრაზებულმა მიპასუხა, რომ ჩემთვის არ ეცალა და თავი დამენებებინა, ამავდროულად მოძრაობა არ შეუჩერებია. ეს იყო აგდებული და გამაღიზიანებელი პასუხი, მე მას ვუთხარი, რომ თუ ის გაბრაზებული იყო, დაელია ცივი წყალი და ნუ ფხუკიანობდა. ჩემს ამ რეპლიკაზე მან მიპასუხა, რომ მე ვიქცეოდი თავხედურად, რამაც კიდევ უფრო გამაღიზიანა, ვინაიდან ის უკვე აშკარა შეურაცხყოფაზე გადმოვიდა, რის გამოც მე მას ორი უცენზურო სიტყვით ვუპასუხე. ეს კამათი გაგრძელდა მაქსიმუმ 50 წამს. ამ დროს ლიფტიდან გამოვიდნენ ქალაქის პროკურორი და პოლიციელები, მოგვიანებით კი გავიგე, რომ პროკურორმა ხულიგნობის მუხლით მიჩივლა”.

ამ თემასთან დაკავშირებით არც შინაგან საქმეთა სამინისტროში და არც პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ.
სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მიხედვით, ხულიგნობა არის ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას _ ჩადენილი ძალადობით, ან ძალადობის მუქარით. ხულოგნობა ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.