სიახლეები

სულხან ღლონტი „ მურმან დუმბაძის გუნდს აქვს უტოპიური მიზანი“

14.09.2014 •
სულხან ღლონტი „ მურმან დუმბაძის გუნდს აქვს უტოპიური მიზანი“

 

ბოლო ხანს ძალიან აქტუალური გახდა აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი, ჩემი პოზიცია არა ერთხელ გამოვხატე ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ რადგან ასეთი პროცესი ყოველდღე არ ხდება, გადავწყვიტე ცოტა  ვრცლად გამოვეხმაურო. 

 

 

რატომ არ ვუჭერ მხარს უნდობლობის გამოცხადებას?!

 

საქმე არჩილ ხაბაძის პიროვნებაში არ არის, არ არსებობს არც პოლიტიკოსი და არც მენეჯერი რომელიც იდეალურად მართავს, მაგრამ ამ შემთხვევაში მურმან დუმბაძის გუნდი (ამ ბოლო დროს ასე მოიხსენიებენ) მას არ თხოვს იყოს უკეთესი, მას თხოვენ იყოს დამყოლი, უფრო სწორად მორჩილი. ეს ის შემთხვევაა როცა მნიშნელობა არა აქვს რა სახელსა და გვარს ატარებს მთავრობის თავმჯდომარე, მოთხოვნა იქნება იგივე. რადგან გუნდი რომელიც ითხოვს “იმპიჩმენტს” თვლის, რომ ეს არის თანამდებობა რომელიც არ ეკუთვნის არავის გარდა ბატონი მურმან დუმბაძისა. მე პიროვნულად შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ არსებობენ ადამიანები რომლებსაც ბედისწერამ არგუნა ესა თუ ის თანამდებობა დაბადებისთანავე და მთელი ცხოვრება ამ გზისკენ უნდა იაროს და მხოლოდ მაშინ ჩათვლის ცხოვრებას საინტერესოდ როცა ამ “მთავარ” სავარძელს მიიღებს. როცა ასეთი დაჟინებულია სვლა რაღაც პოსტისკენ, კითხვებიც მეტია (მიუხედავად დამსახურებებისა) და ეჭვებიც, ამიტომ ასეთ დროს მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება ავტომატურად ნიშნავს ნდობის გამოცხადებას სხვა გუნდისათვის რომელიც სინამდვილეში არც შენ გენდობა და არც შენ ენდობი მათ. 

 

 

რატომ არ ვენდობით ერთმანეთს?!

 

აქ პრობლემა უფრო სიღრმისეულია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, არსებობს გამარჯვებული კოალიცია ქართული ოცნება და მასში შემავალი პარტიები.2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების (ანუ გამარჯვების) შემდეგ, როგორც ჩანს ბატონმა მურმან დუმბაძემ ჩათვალა, რომ ყველა სხვა პარტია იყო ზედმეტი და რეგიონის მართვას მარტო შეძლებდა თავისი გუნდით. მას ბოლომდე გაუჭირდა სხვა პარტნიორი პარტიების უფლების აღიარება მართვაში მიეღოთ მონაწილეობა. ამ დროს ხელისუფლება არის კოალიციური და ასეთი მიდგომა, ზოგადად კოალიციური პრინციპების საწინააღმდეგო ლოგიკაა და იგი როგორც მცდარი ხედვა დამარცხდა. მივიღეთ წარმოდგენილ ვარიანზე უკეთ დაბალანსებული მთავრობა, თუმცა უნდობლობა დარჩა მის გუნდთან და იგი გრძელდება დღემდე.

ვფიქრობ მარტივი გასაგებია, მთავრობას გამოვუცხადო უნდობლობა იმ გუნდთან ერთად და იმ გუნდის სასარგებლოდ რომელსაც არ ენდობი, ხოლო ის შენი უფლებების აღიარებას არ აპირებს არის პოლიტიკური სიბრიყვე და ეს ბუნებრივია არც მოხდება. 

 

 

არის თუ არა პრობლემები აჭარის მთავრობაში?! 

 

ბუნებრივია პრობლემები არის ისევე როგორც ყველგან და ამ ყველაფრის კარგად გააზრებაა საჭირო. მთავარი პრობლემა არის გადაწყვეტილების მიღების ტემპები. მე როგორც უმაღლესი საბჭოს წევრი უფრო მეტ სამოქმედო რიტმს ვისურვებდი და ეს არის ის პრეტენზია რომელსაც მუდმივად ვამბობ მთავრობის მიმართ. ასევე პრობლემაა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტში, ბევრი რამ კეთდება რის შესახებაც ინფორმირებული არ არის საზოგადოება და რაც საბოლოო ჯამში მოქალაქეებს არასწორი დასკვებისკენ უბიძგებს მთავრობის მუშაობის შეფასებისას. პრობლემები არის, მაგრამ უმრავლესობა არის მოგვარებადი და ამ პრობლემებზე პასუხი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება ნამდვილად არ არის და ამიტომაც არ ვუჭერ მხარს ამ პროცესს. 

 

 

უნდობლობის გამოცხადება ანუ ხელოვნური კრიზისი

 

ვფიქრობ ნათელია რომ ეს კრიზისი არის ხელოვურად შექმნილი. მიზანიც მარტივია, მუდმივი დაძაბულობის კერით იქნებ ისე მოხდეს, რომ მთავრობის თავმჯდომარე თავად გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან ან დედაქალაქიდან ურჩიოს ვინმემ მას ამ გადაწყვეტილების მიღება. ეს იქნება დიდი შეცდომა. თუ ისეთი სუსტია სახელისუფლებო ვერტიკალი, რომ აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილ კრიზისს ვერ გაუძლებს, მაშინ იგივე პროცესების მომსწრენი გავხდებით საქართველოს ბევრ ქალაქსა თუ რაიონში საკრებულოების დონეზე. თვითმმართველობის რეფორმა არის სრულიად ახალი მოვლენა ჩვენს ქვეყანაში და თუ “იმპიჩმენტის” ენა იქცა ნორმად ეს ეფექტურ მმართველობას დიდ პრობლემებს შეუქმნის. 

 

 

 

გაურკვეველი”  “პარტნიორი

 

ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი რატომაც ჩემი აზრით არ შეიძლება მხარი დავუჭირო უნდობლობის გამოცხადების პროცესს არის აჭარის უმაღლეს საბჭოში ძალთა ბალანსი. კოალიციაში შემავალი პარტიების უმრავლესობა “იმპიჩმენტის” წინააღმდეგია, მაშინ ჩნდება კითხვა ვისი მხარდაჭრის იმედით დაიწყო ეს პროცესი?! ასეთი პოლიტიკური რეალობა ერთ-ერთ ძირითად მოთამაშედ აჭარის უმაღლეს საბჭოში ნაციონალურ მოძრაობას აქცევს. ფაქტია მათი ხმები იმაზე მეტ ძალას შეიძენს წარმომადგენლობით ორგანოში, ვიდრე მათ ხალხმა მიაკუთნა 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებზე. პირადად ჩემთვის მათთან ერთად ასეთ პროცესში მონაწილეობა კატეგორიულად მიუღებელია!

 

 

 

როცა მიზანი უტოპიურია

 

სამწუხაროდ ბატონი მურმან დუმბაძის გუნდს (მე მათ კოლეგიალურად პატივს ვცემ) აქვს უტოპიური მიზანი რომელსაც აჭარის რეგიონის ტოტალური მართვა ქვია. ეს არის მიზანი რომლის განხორციელება პოლიტიკურად ისეთ აქტიურ რეგიონში როგორიც აჭარაა წარმოუდგენელია. ისიც ვიცი რომ შინაგანი ძალა ამ გუნდს ეყოფა იმისათვის, რომ კიდევ მრავალი წელი ბრძოლაში გაატაროს ამ მიზნისკენ სავალ გზაზე, მაგრამ ისიც ფაქტია რომ შედეგი იგივე იქნება. ეს ყოველთვის ასე ხდება, როცა მიზანი უტოპიურია!

 

გადაბეჭდვის წესი