სიახლეები

ცხრასულიანი ოჯახი სახლის გარეშე რჩება

13.09.2014 • 1281
ცხრასულიანი ოჯახი სახლის გარეშე რჩება

 

როგორც „ბათუმელებს“ სოფელ ავრალნოში მცხოვრებმა ზინა კოჩალიძემ უთხრა, დღეს, 13 სექტემბერს, მათთან იმ სახლის მეპატრონე მივიდა, სადაც ოჯახი წლებია იმ იმედით ცხოვრობს, რომ სახელწიფო მათ სახლს შეუძენს და სახლის დაცლა სთხოვა. ცხრასულიანი ოჯახი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს.   

 

„სახლის მეპატრონე ბერძენია. ორი პოლიციელია მოსული, ელაპარაკებიან, აჩერებენ, არ მესმის რუსულად რას ეუბნებიან. ვიცი, რომ ამბობს, გამითავისუფლეთ სახლიო. გამგებელს დავურეკეთ და გვითხრა განსახლების სამინისტროს მიმართეთო. სამინისტოს არც ნომერი მაქვს, არც არაფერი, როგორ მოვიქცე?!“  – ამბობს ზინა კოჩალიძე. მისი თქმით, ცხრასულიან ოჯახს, რომლის ექვი წევრიც ბავშვია, წასასვლელი არსად აქვს:    

 

„ჩვენ რომ წასასვლელი გვქონდეს, სხვას ვალანძღინებ თავს და ვაფურთხებინებ? არსად არ გვაქვს წასასვლელი, რად მინდა სხვისი სახლი, რომ გვქონდეს წასასვლელი ან იმის გარანტია ცხრასულიან ოჯახს, რომ ჩვენ თვითონ შევიძინოთ სადმე სახლი, აქ რა გამაჩერებს!

 

დაგყარეს როგორც ცხვრის ფარა და ასეთ მდგომარეობაში ჩაგვყარეს ხალხი. ჩვენ არავინ არ გყავს პატრონი დღეს“ – ამბობს  ზინა კოჩალიძე.

 

 

მისი ოჯახი დაახლოებით ცხრა წლის წინ წავიდა ხულოდან, სოფელ ღურტადან და წალკაში, სოფელ ავრალნოში დასახლდა  სხვა ეკომიგრანტებთან ერთად. ზინა კოჩალიძე ამბობს, რომ ამჟამად სოფელში სხვა ეკომიგრანტებსაც სთხოვენ სახლის ბერძენი მეპატრონეები სახლების დაცლას და ათი კომლი კრიტიკულ მდგომარეობაში, მათ უსახლკაროდ დარჩენა უმუქრებათ.   

 

 

„ბათუმელები“ წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ილია საბაძეს ესაუბრა. იგი ამბობს, რომ ოჯახი მას დღეს დაუკავშირდა.  

 

 

„გამგეობას არაფერი არ შეუძლია, გამგეობას რაც შეეძლო გააკეთა, შარშან დაახლოებით 170 ოჯახი დავაბრუნეთ ხელახლა, ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე, რაც შემეძლო ჩემი მხრიდან გამეკეთებინა. 23 ოჯახი ზუსტად ასეთივე მდგომარეობაშია სოფელ სამებაში.

 

რამდენიმე ხნის წინ მე ვესაუბრე ამ საკითხებზე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს. ეკომიგრანტებს სამინისტროში უნდა მიეტანათ ანკეტები, რომელსაც განიხილავდა კომისია და  შეუძენდა მათ სახლებს. არ ვიცი მიიტანეს თუ არა, მაგრამ დღეს რომ დამიკავშირდნენ, ვუთხარი, მიემართათ ლტოლვილთა და განსახლების სამინსიტროსთვის. სამინისტრო მზად არის ეკომიგრანტებს შეუძინოს სახლები, ან გადაუხადოს 20 ათასი ლარი, რომ თვითონ მოიძიონ და შეიძინონ სახლი. სპეციალური თათბირი ჩავუტარე რწმუნებულებს დაახლოებით თვენახვერის წინ, დავურიგე ყველას ეს ანკეტები, რომ დაერიგებინათ მოსახლეობისთვის“ – ამბობს ილია საბაძე.  

 

საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ სამინისტრო 2014 წელს 33 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდის საცხოვრებელ სახლებს. დევნილთა და გასახლების სამინისტროს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კი 1786-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა მიმართა.

 

2007 წელს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბერძნების მიერ დატოვებულ სახლებში გადასვლა ღია ცის ქვეშ დარჩენილ ეკომიგრანტებს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა იმ პირობით, რომ ამ სახლების საფასურს მთავრობა უახლოეს პერიოდში დაფარავდა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მტკიცებით მთავრობამ სახლების საფასური მართლაც დაფარა. წალკაში დაახლოებით 2400 ეკომიგრანტი ოჯახია ჩასახლებული, სამინისტროს ბალანსზე, გასული წლის მონაცემებით,  მხოლოდ 571 სახლი ირიცხება.  

გადაბეჭდვის წესი