სიახლეები

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე: ამ ყველაფერს ჰყავს ერთი ავტორი, მურმან დუმბაძე

09.09.2014
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე: ამ ყველაფერს ჰყავს ერთი ავტორი, მურმან დუმბაძე


ირაკლი ჭეიშვილი

მინდა გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მხრიდან გაკეთებულ უსაფუძვლო, დაუსაბუთებელ განცხადებებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რიგი დეპუტატები ცდილობენ მოიპოვონ გავლენა სხვადასხვა მიმართულებით და უხეშად ერევიან რეგიონის მთავრობის მმართველობაში, მთავრობის წევრების უფლება-მოვალეობების განხორციელებაში.

 

მე როგორც აჭარის მთავრობის აპარატის ყოფილი უფროსი ვიყავი უშუალო თვითმხილველი ამგვარი მოვლენებისა, თუ როგორ ცდილობდა დეპუტატების გარკვეული ნაწილი ზეწოლას აჭარის მთავრობაზე. პროცესის ამგვარი რადიკალიზაცია გამოწვეულია სწორედ ამ გუნდის ინტერსების ვერ განხორციელებით.

 

სამწუხაროდ, ამ განცხადებებში იკვეთება პირადი ინტერესები და მათ ქმედებას არაფერი აქვს საერთო სახელმწიფო ინტერესებთან. იმ დროს როდესაც აჭარის მთავრობა ცდილობს იმუშაოს სოციალურ პრობლემებზე, ინვესტორთა წინადადებების განხილვასა და სწორად შერჩევაზე, მსგავსი ქმედება აფერხებს რეგიონის სტაბილურ განვითარებას. ეს არის კრიზისის ხელოვნურად გამოწვევის მცდელობა, რაც არ დარჩება შესაბამისი რეაგირების გარეშე. მსგავსი მიდგომა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით კატეგორიულად დაუშვებელია. 

 

ერთი რამ დარწმუნებით მინდა ვთქვა, ამ ყველაფერს ჰყავს ერთი ავტორი და ეს არის საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი მურმან დუმბაძე, რომელიც ცდილობს საკითხისგან დისტანცირებას და მის მიერ მართული დეპუტატების საშუალებით ახორციელებს თავის გეგმას. მურმან დუმბაძე და უმაღლესი საბჭოს წევრები ამ ქმედებით სახელმწიფო პოლიტიკასა და ხალხის კეთილდღეობაზე წინ საკუთარ კომფორტს აყენებენ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.