სიახლეები

როგორ დამილეწეს და გამიყიდეს მანქანა

09.09.2014 • 1947
როგორ დამილეწეს და გამიყიდეს მანქანა

 

ეს ჩემი ამბის პირველი ნაწილია.

რ.ვ.-მ დამიყოლია, დავთანხმებოდი მანქანების სადგომიდან გაყვანაზე იმ პირობით, რომ ერთი კვირის ვადაში მანქანის ფულს მომიტანდა. სიმართლე გითხარათ, არც მიფიქრია თუ ადამიანის ნდობა ასე არ შეიძლებოდა. ავარია ვის არ მოსვლია, მაგრამ იმას, თუ როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი.

 

რ.ვ-მ საპატრულოში ხელწერილი დაწერა, რომ მაისის ბოლოს ზარალს ამინაზღაურებდა, მანქანაც წაიყვანა… ამის შემდეგ თითქმის ერთი თვე ვეღარ ვუკავშირდებოდი, არაერთი მცდელობის მიუხედავად. მერე მომწერა, რომ მანქანას აკეთებდა… ასე “ვითომ კეთებაში”  კიდევ ორი თვე გავიდა. სინამდვილეში კი რ.ვ.-მ თურმე იმ დღესვე გაყიდა ჩემი მანქანა 1800 დოლარად და ის ფულიც მიითვისა, მე კი მთელი სამი თვე იმის მოლოდინში გამატარებინა, რომ მანქანას არემონტებდა, რომელიც მერე “ვითომ” მისმა მეგობარმა იყიდა და მისი “მეგობრის მეზღვაური ქმრისათვის” მაცდევინა, ვიდრე მოივლიდა რეისს დედამიწის გარშემო.

 

რამდენჯერმე დავუკავშირდი მის ოჯახს. დედამისმა, მანქანა სხვაგან რატომ არ დააყენეო?! _ ეს მკითხა. მანქანა ვინმეს აგყავთ ბინაში?! ვითომ სიზმარს ვნახავდი, რომ ჩამოივლიდა. მამამისმა, _ მე რა ვქნაო. როგორც მითხრეს, ის საკმაოდ ძვირადღირებული “მერსედესის” მარკის ავტომობილით გადაადგილდება. როცა ვკითხე, მე რომ დამემტვრია თქვენი ავტომობილი, რას იზამდით-მეთქი, მე ჩემსას ამოვიღებდიო -მიპასუხა.
ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში მივედი, მერე პროკურატურაში. შემდეგ, როგორც იქნა, გამოძიებას გადაეცა ეს საქმე – ანზორ ძირკავაძის წყალობით გამოიძიეს საქმე. მანქანა იპოვეს, მისი ნახევარიც არ არის დარჩენილი, რადგან ნაწილებად იქნა გაყიდული.
გაგიგიათ ასეთი რამ?!

ავტომობილი, რომელიც უკვე აღარ არსებობს, ბანკის სესხით ვიყიდე და დღემდე ვიხდი ფულს იმაში, რაც არ მაქვს. სად არის ამ დროს კანონი?! რატომ არ შეუძლია კანონს დაიცვას უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც გაჩერებულ მანქანას ულეწავენ, მერე დალეწილ მანქანას ართმევენ, ყიდიან და უთავბოლოდ არბენინებენ სიმართლის დასამტიცებლად ნახევარი წელიწადი პოლიციასა და პროკურატურაში. არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს უნდა ვირბინო.
ზოგჯერ ვამბობ ხოლმე, პასუხი ვისგან უნდა მივიღო ჩემს კითხვებზე. მართლა არავინაა, ვისაც პასუხს მოვკითხავ ამ თემაზე.
ერთი კვირის წინ დაზარალებულად მცნეს. მძღოლს, რომელმაც ჩემი მანქანა დაამტვრია, ბრალი წაუყენეს 185 მუხლის მე-2-ე “გ” პუნქტით. მაგრამ ამ ამბის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

 

მინდა მჯეროდეს, რომ კანონი ყველასთვის კანონია, რომ მის წინაშე ყველა თანასწორია და მაქვს უფლება კანონის ძალით ვიყო დაცული მეც და დაცული იყოს ჩემი ქონებაც.
დღე არ გავა მანქანის ამბავი ვინმემ არ მკითხოს, ან “ფეისბუქზე” არ დამხვდეს შეტყობინება. ისე უმწეო და დაუცველი ვჩანვარ, მრცხვენია კიდეც. არავის სჯერა, რომ ამდენი თვე არაფერი მეშველა.

გადაბეჭდვის წესი