სიახლეები

ბათუმში ხელოვნების თავისუფალი სივრცე გაიხსნა

09.09.2014 • 2868
ბათუმში ხელოვნების თავისუფალი სივრცე გაიხსნა

„ბათუმში გვაქვს ნობელის მუზეუმი, ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმი მათ თავისი სტილი აქვთ. ხელოვნების თავისუფალი სივრცე არ არის მუზეუმი, ეს არის ღია გალერეა, სადაც ნებისმიერი ნამუშევრის გამოფენა შეიძლება, ნებისმიერი ადამიანისთვის. ჩვენთვის ყველაფერია მისაღები, რაც თანამდედროვეა და სიახლეა“ – გვითხრა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის მენეჯერმა ირაკლი ძნელაძემ.

ხელოვნების სივრცე ოფიციალუდად ფოტოგამოფენებით გაიხსნა. წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა სახელწოდებით  „საბჭოთა საქართველოში, ისინი მეგობრობის სიმღერებს მღერიან“ და თვითნასწავლი ფოტოგრაფის შალვა ალხანაიძის სერია „საპასპორტო ფოტო“. 

„საბჭოთა საქართველოში, ისინი მეგობრობის სიმღერებს მღერიან“ მოიცავს ფოტოებს ხარიტონ ახვლედიანის მხარეთმცოდნეობის კოლექციიდან და და ფოტოგრაფ ვალერი (საშა) მიტიაშვილის კერძო არქივიდან და გვიჩვენებს 1920-1990 წლების ბათუმს. ხოლო „საპასპორტო ფოტოები“ 1960-იანი წლების თუშური ქალების პორტრეტებს ასახავს. ფოტოგამოფენა 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.

9 სექტემბერს კი „ბათუმის თანამდროვე ხელოვნების სივრცეში“ დაიწყება ბრიტანეთის პროგრამა „დაშ არტი“-ის / DASH Arts ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია „ხლებნიკოვის შემდეგ“. მასში 12 სხვასასხვა ქვეყნის ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი ძნელაძის განმარტებით: „დაშ არტის“ კონფერენცია ხლებნიკოვზე ბათუმში დაიწყება და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იმოგზაურებს. თითო ქვეყნიდან თითო ხელოვანი აირჩევა, რომელიც ერთი წლის მანძილზე შექმნის ნამუშევარს ხლებნიკოვის თემაზე. პროგრამაში მონაწილეები 2015 წელს გაემგზავრებიან ლონდონში და წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს“.

ხელოვნების თანამედროვე სივრცე ორშაბათის გარდა ყოველდღე, დილის 11 საათიდან საღამოს 7 საათამდე იმუშავებს. ცენტრში შესვლა და გამოფენის დათვალიერება უფასო იქნება. სამომავლოდ იგეგმება სერგო ფარაჯანოვის ნამუშევრების გამოფენაც.

„ბათუმის თანამდედროვე ხელოვნების სივრცე“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიხსნა.








გადაბეჭდვის წესი