უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნებას“ დღევანდელ გადაწყვეტილებას, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ გამოეხმაურა და დეპუტატების მხრიდან აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას თვითნებური უწოდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, 14 სექტემბერს 12 საათზე თბილისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აკაკი ძნელაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ პოლიტსაბჭოს სხდომის თაობაზე მისთვის ახლა გახდა ცნობილი:
„არ მინახავს ეს განცხადება. წავალთ პოლიტსაბჭოს სხდომაზე. არავითარი პრობლემა აქ არ არის. ადრე ამ თემაზე ფრაქციის ყველა წევრს ჰქონდა საუბარი პრემიერთან და პარტია რა შუაშია, არ ვიცი. აქ არის უმაღლესი საბჭო, რომელიც თავის გადაწყვეტილებას იღებს. ეს არის დემოკრატიული ქმედება და მე ვიცი, რომ პარტია არის დემოკრატიისკენ მებრძოლი, რადგან მეც ვარ ამ პარტიის დამფუძნებელი და თუ ეს პროცესები შიგნით არადემოკრატიულად და თვითნებურად მიიჩნიეს, ამას გავარკვევთ პოლიტსაბჭოზე“ – აცხადებს აკაკი ძნელაძე.
ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე აუცილებლად წავა: „არავითარი წინასწარი მოლოდინი არ მაქვს. მანამდე დროა, ჩავალთ და გავარკვევთ“.