Batumelebi | „ბათუმობა 2014“ – მხოლოდ მოქალაქეებისთვის „ბათუმობა 2014“ – მხოლოდ მოქალაქეებისთვის – Batumelebi
RU | GE  

„ბათუმობა 2014“ – მხოლოდ მოქალაქეებისთვის

 

 

ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, რომ დღესასწაულის ეპიცენტრში, ბათუმში – მემედ აბაშიძის გამზირზე, მოქალაქეებს ბათუმის ყველა უბნიდან ელიან. სწორედ ამ ქუჩაზე, თითქმის ყოველ კვარტალში, ისხდებიან მუსიკოსები, რომლებიც სასეირნოდ გამოსული ადამიანების განწყობის შექმნაზე იზრუნებენ.

 

გასული წლისგან განსხვავებით „ბათუმობა“ წელს ორ დღეს გაგრძელდება. კულტურული ღონისძიებები დღეს 12 საათზე დაიწყება და 2 სექტემბერს საღამოს კონცერტით დასრულდება. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს ღონისძიება ნამდვილ დღესასწაულად უნდა იქცეს ბათუმელებისა და მისი სტუმრებისთვის. პროგრამის მიხედვით დღეს 21 ღონისძიებაა დაგეგმილი. მასში შედის სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები:

 

 

ფოტოგამოფენები, მსახიობებისა და პოეტების პერფორმანსები, წიგნებისა და ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა-გამოფენა, საბავშვო გასართობი პროგრამები. მოეწყობა ლუდის, ნაყინის, წვენებისა და ქვიშის ყავის გაყიდვა. მემედ აბაშიძის ქუჩა ავტომობილებისთვის გადაკეტილი იქნება, რადგან, „ბათუმობა“ ამ ქუჩაზე გაიმართება. შესაბამისად, მასობრივი სეირნობაც მუსიკის თანხლებით ამ ქუჩაზე მოეწყობა. ბათუმობას ჰყავს ორი რეჟისორი – ზაზა ხალვაში და მერაბ ლებანიძე. ღონისძიების ორგანიზაციის მიზნით შექმნილია 12-კაციანი სპეციალური კომისია.

 

ღონისძიებები 12:10 საათზე ილია ჭავჭავაძის ძეგლისა და ბათუმის გაათავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის ყვავილებით შემკობით დაიწყება. მანამდე კი, 11 საათზე, „ბათუმობა 2014“ მოწვეული სტუმრების დახვედრით ოფიციალურად გაიხსნება.

 

პირველი დღე საპატიო ბათუმელის დაჯილდოების ცერემონიალისადმი მიძღვნილი კონცერტით დასრულდება, რომელიც საზაფხულო თეატრში გაიმართება. გასული წლისგან განსხვავებით, კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ჭეიშვილის ვარაუდით, წელს მხოლოდ ხუთი ადამიანი მიიღებს საპატიო წოდებას – ორს გადაეცემა საპატიო ბათუმელის, ხოლო სამ პიროვნებას ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება. შარშან საპატიო ბათუმელის წოდება მიანიჭეს 7 პიროვნებას, ხოლო საპატიო მოქალაქის – 22-ს.

 

2 სექტემბერს დაგეგმილია სპორტული ღონისძიებები: მკლავჭიდში (სასტუმრო „ინტურისტებთან“), მძლეოსნობაში („შერატონიდან“ „ანბანის კოშკამდე“), მაგიდის ჩოგბურთში (ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან), თევჭერაში (6 მაისის პარკში), მინიფეხბურთში (კორტების წინ), ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში (ბულვარის ტერიტორიაზე).

სპორტული შეჯიბრებები 12 საათზე აიღებს სტარტს. „ბათუმობა 2014“ ერას მოედანზე ადგილობრივი როკჯგუფების კონცერტით დასრულდება, რომელიც 20:30 საათზე დაიწყება. ქალაქის მერის გიორგი ერმაკოვის ინფორმაციით, 1-2 სექტემბერს მემედ აბაშიძის ქუჩაზე სასეირნო ავტომობილი იმოძრავებს. ამ ავტომობილით გადაადგილება უფასო იქნება.

 

ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან „ბათუმობისთვის“ 135 000 ლარია გამოყოფილი, რაც გასულ წელთან შედარებით (260 000 ლარი) 125 000 ლარით ნაკლებია. ამ თანხაში შედის ღონისძიებებისა და მოწვეული სტუმრების ხარჯი. რატომ შემცირდა „ბათუმობის“ ბიუჯეტი? „როცა მიმიწვიეს როგორც რეჟისორი და შემომთავაზეს ამ ღონისძიებისთვის პროექტის გაკეთება, ქალაქის ხელმძღვანელობამ თავიდანვე თქვა, რომ ვახშმების, ქეიფებისა და ზედმეტი ხარჯებისგან გაგვეთავისუფლებინა ეს ღონისძიება, რომ „ბათუმობა“ უნდა იყოს სახალხო ზეიმი და კულტურის თავისუფალი სივრცე“, – ამბობს დღესასწაულის ერთ-ერთი რეჟისორი ზაზა ხალვაში.

მერიის საფინანსო სამსახურს ზუსტი ხარჯთაღრიცხვა ამ დროისთვის არ აქვს, თუმცა როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი გვეუბნება, დაახლოებით 100 000 ლარი ღონისძიებებისთვისაა გამოყოფილი, სხვა დანარჩენი კი – დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების სასტუმროში განთავსებისთვის. „ბათუმობა ქალაქისთვის და ბათუმელებისთვისაა“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ამავდროულად ქალაქის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების მიზნით შექმნილი 12-კაციანი სპეციალური კომისიის ხელმძღვანელიცაა.

 

სპეციალურად შექმნილ კომისიაში შედიან მერიის, საკრებულოს, კულტურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი. კომისიამ რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავა. მისი ერთ-ერთი წევრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ფილიალის დირექტორი ნათია აფხაზავა ამბობს, რომ შენიშვნები ჰქონდა.

 

„სამი პრინციპული საკითხი იყო, რაზეც კომისიის წევრებიც დამეთანხმნენ, რომ საჭიროა ბიუჯეტის უფრო მიზნობრივად განკარგვა, ინფორმაციის მაქსიმალურად და რაც შეიძლება ადრე მიწოდება საზოგადოებისთვის და ის, რომ „ბათუმობა“ იყოს არა მარტო ცენტრალური უბნის წარმომადგენლებისთვის, არამედ სხვა ტერიტორიული ერთეულებისთვისაც განკუთვნილი“.

 

„ბათუმობის“ განმახორციელებელი ორგანო ბათუმის კულტურის ცენტრია. როგორც მისმა ხელმძღვანელმა, ნათია სურგულაძემ გვითხრა, მოსახლეობაში საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება კულტურის ცენტრმა 31 აგვისტოს იმის გამო დაიწყო, რომ კომისიამ გვიან დაამთავრა რეკომენდაციებზე მუშაობა.

როგორც ნათია აფხაზავა ამბობს, კომისიამ 10 აგვისტოდან დაიწყო „ბათუმობის“ საკითხის განხილვა.

 

„ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეკომენდაცია ისიც არის, რომ როცა „ბათუმობა“ პირველ სექტემბერს ტარდება, მოსამზადებელი სამუშაოები არ უნდა დაიწყოს აგვისტოში. უნდა მოხდეს წლის დასაწყისში დაგეგმვა და შესყიდვების განხორციელება. კომისიის წევრებს 24 საათის განმავლობაში გვიწევდა მუშაობა.

 

6 თვის გასაკეთებელი სამუშაოები 10 დღეში უნდა მოსწრებულიყო, რამაც გამოიწვია გამარტივებული შესყიდვები და მოლაპარაკებები კონკრეტულ პირებთან. ამან კი მომავალში შეიძლება ბევრი კითხვა დაბადოს საზოგადოებაში ფინანსების განკარგვის კუთხით. იყო კიდევ ერთი პრობლემა – ბათუმობისთვის განკუთვნილი 135 000 ლარიდან არ იყო დაგეგმილი კონკრეტულად რა ღონისძიებებს რამდენი მოხმარდებოდა.

 

ვფიქრობ, ასეთი ბიუჯეტი საკრებულომ არ უნდა დაამტკიცოს“. თუ რატომ დაიწყო კომისიამ დაგვიანებით მუშაობა, ირაკლი ჭეიშვილი განმარტავს, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნებმა განაპირობა.

 

ნათია აფხაზავა კი მიიჩნევს, რომ სამომავლოდ „ბათუმობამ“ უფრო მეტი მიზნობრიობა უნდა შეიძინოს. „რისთვის გვჭირდება ეს დღესასწაული? მარტო იმისთვის, რომ აღვნიშნოთ, თუ იმისთვისაც, რომ იყოს სარგებლიანი და გაიზარდოს ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი?“ – კითხულობს ნათია აფხაზავა. „ბათუმობა“ ბათუმის მერიის მიერ შექმნილი სახალხო დღესასწაულია, რომელიც პირველად 2012 წელს ჩატარდა. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი