სიახლეები

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი პასუხისგებაში მისცეს

27.08.2014
ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი პასუხისგებაში მისცეს

 

უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს კუთვნილი 508 310 ლარის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებაში დახმარებისათვის, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულ  იქნა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი პაატა აცინბა, ასევე, ყალბი დოკუმენტების დამზადება გამოყენების და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს შპს ,,თექ ევ ინშაათ დექორასიონ თაჰჰუთ იჩ ვე დიშ თიჯარათ ლიმითედ შირქეთის“ დირექტორი ჰალილ ექში და ტექნიკური დირექტორი გიორგი ოდიშვილი. 

 

პაატა აცინბა

 

 უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  2012 წლის 18 მაისს, აღნიშნულ შპსს  და ბათუმის მერიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება 2 749 988 ლარზე, ბათუმში ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ, სანიაღვრე არხის რკინა ბეტონის ანაკრები კონსტრუქციებით მოწყობის სამუშაოების ჩასატარებლად, რა დროსაც, საწარმოს ხელმძღვანელი პირების მიერ წარდგენილი იქნა ყალბი შესრულებული სამუშაოების აქტები, თითქოსდა მათ მიერ შესრულებული იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაზეც  ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა პაატა აცინბამ, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო აღნიშნული აქტების სიყალბე, ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურს მიმართა წერილობით ხსენებული კომპანიის დაფინანსების შესახებ, ამის სანაცვლოდ, კომპანიის ხელმძღვანელ პირთა მიერ პაატა აცინბასთვის უსასყიდლოდ იქნა გადაცემული სხვადასხვა დასახელების საშენი მასალები.

 

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად – აღნიშნული კომპანიის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება 508 000 ლარით ნაკლებია შემსყიდველისათვის წარდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტებში ასახული სამუშაოების ღირებულებაზე. 

 გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 იდან 9  წლამდე ვადით.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.