სიახლეები

ბიძინა აფხაზავა: ”სინდისს გეფიცები ჯობია ცოტა გვერდზე ვიყო”

26.08.2014 • 1932
ბიძინა აფხაზავა:  ”სინდისს გეფიცები ჯობია ცოტა გვერდზე ვიყო”


ბატონო ბიძინა რატომ მიიღეთ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება?

მე მთავრობამ გამომიცხადა ნდობა  ამ თანამდებობაზე და მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ახლა დროა ცოტა ჩამოვლაბორანტდე და აქედან მივხედო ჩემს საქმეს და ვაკეთო, რაც მევალება.

 

ბოლო პერიოდში საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ მთავრობას რამდენიმე ძეგლის ინვესტრორზე გადაცემის სურვილი ჰქონდა, მაგრამ თქვენ და თქვენი სამსახური ეწინააღმდეგებოდით. რამდენადაც ვიცი, ამის გამო დაპირისპირებაც კი გქონდათ.


არ ყოფილა არანაირი დაპირისპირება. მე მაქვს ჩემი პოზიცია და ეს სკამიც მავალდებულებს, რომ დავიცვა ძაგლები. არ ყოფილა საუბარი სტატუსის მოხსნაზე, ჯერ ერთი სტატუსს მე არ ვხსნი. მათ უნდა მიმართონ თბილისს, რადგან სტატუსს ანიჭებს და ხსნის თბილისი. ამ ხნის განმავლობაში მე დაახლოებით თხუთმეტამდე შენობას მივანიჭე სტატუსი და მხოლოდ ერთზე დავწერე, რომ სტატუსი მოსახსნელია.

ტელევიზიის წინ რომ შენობაა მართლა არ სჭირდება მას სტატუსი, იქ არაფერია ძველი. ის არის ახალაშენებული სიმახინძე. მე მოვითხოვე, რომ თუკი სახელმწიფო გაყიდის ამ შენობას, ღობე და რეკრეაციული ზონა მთლიანად შეუნარჩუნდეს.  


რომ დავუბრუნდეთ თქვენი გადადგომის თემას, მთავრობის წევრები პირად საუბრში ხშირად გამოხატავდნენ  უკმაყოფილებას თქვენს მიმართ და, ზოგადად, სააგენტოს მიმართ,  რასაც არაერთხელ პირადად შევსწრებივარ, სწორედ იმის გამო, რომ ეწინააღმდეგებოდით ძეგლების რაღაც ფორმით გასხვისებას ან მათი იერსახის შეცვლას. ამან რა გავლენა იქონია?

 

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ საკითხში მე არაფერ შუაში ვარ, თუ მოსახსნელია სტატუსი. მე ვეუბნები მერიას მოდი ჩამოვიყვანოთ კომისია. შეიძლება ბევრს მივანიჭე სტატუსი, მაგრამ რაღაც რაღაცეებზე შეიძლება სტატუსის მოხსნა. ან შეიძლება ადაპტაცია ისე, რომ შენობის იერსახე იყოს უკეთესი. უცხოეთის უამრავი მაგალითი გვაქვს, როგორ შეიძლება ძეგლის ფასადის და მთლიანად შენობის შენაჩუნება, მე უფრო ამ პრინციპს ვემხრობი.

 

არჩილ ხაბაძეს ან მთავრობის რომელიმე  წევრს თუ აქვს თქვენთან დარეკილი ან თუ გქონიათ რომელიმე მათგანთან ისეთი საუბარი, როცა მათ მოუთხოვიათ შეგერბილებინათ ან შეგეცვალათ სააგენტოს პოლიტიკა ძეგლების მიმართ?


არავითარი, მე არ ვარ ისეთი პიროვნება ვინმესგან დავალებები მივიღო, მე ჩემი შეხედულებები მაქვს. მე მაქვს ჩემი პროგრამა, გეგმა  და ვიცი კანონით რა მევალება. მე მგონი ამას თავს არ აკადრებდნენ და არც მე მაკადრებდნენ.

 

ფიქრობთ თუ არა, რომ ახალი ხელმძღვანელის მოსვლის შემდეგ სააგენტოში იგივე პოლიტიკა გაგრძელდება?

მე მგონი გაგრძელდება, რადგან აქ არ შეიძლება პოლიტიკის შეცვლა.  ჩემი იდეაა შევინარჩუნოთ ძველი ბათუმი. სადღაც პატარა შენობების ადაპტირება შეიძლება, დაშენება შეიძლება. აქ უნდა მოვიდეს ვისაც აქვს კარგი ხედვა ქალაქის მიმართ. მოვა ალბათ კარგი ბიჭი იქნება თუ კარგი ქალი იქნება, მგონი გავაგრძელებთ საქმიანობას და ვითანამშრომლებთ.

 

თანამშრომლობთ, ანუ თქვენ სააგენტოში რჩებით?

დიახ და პირდაპირ ძეგლების დაცვის განყოფილების კურატორი ვიქნები. 

 

მაშინ სინამდვილეში რატომ მიიღეთ გადადგომის გადაწყვეტილება?

ცოტა რთულია ბიუროკრატიული მომენტები, მე სხვანაირი ადამიანი ვარ. ბიუროკრატია ჩემი საქმე არ არის. მოვა ვიღაც, ვისაც ეს ესმის და უკეთესად გააგრძელებს. ჩავთვალე, რომ ჩემთვისაც ასე უკეთესია. სინდისს გეფიცებით ჯობია ცოტა გვერდზე ვიყო. პასუხისმგებლობას მე არ ვიხისნი, მაგრამ მირჩევნია ცოტა გვერდზე ვიყო.

გადაბეჭდვის წესი