სიახლეები

ნათესავები საკრებულოებში

16.08.2014 • 2491
ნათესავები საკრებულოებში


ხელვაჩაურის საკრებულოს ახალმა უმრავლესობამ თავმჯდომარის პოსტი ასლან კახიძეს ჩააბარა. ის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, თემურ კახიძის ძმააა.


თემურ კახიძე უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობს. 2012 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ის კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის  კანდიდატად  იყო  წარდგენილი,  მანამდე კი კოალიციის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.  თემურ კახიძე ირაკლი ალასანიას პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ წევრია.

 

 

ხელვაჩაურის  საკრებულოში არჩევამდე ასლან კახიძეს პოლიტიკურ თანამდებობაზე არასდროს უმუშავია. ის პროფესიით ეკონომისტია და 1997 წლიდან ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ცვლის დისპეტჩერად მუშაობდა.

 

ასლან კახიძის განმარტებით, მის წარმატებაში პოლიტიკოს ძმას არანაირი წვლილი არ შეუტანია: „ჩემი არჩევა იყო საკრებულოს ერთერთი წევრის ინიციატივა, რადგან ამ დრომდე მე არც პოლიტიკოსი ვყოფილვარ და არც საჯარო მოხელე, შესაბამისად, ხელები გასვრილი არ მაქვს.“

 

ხელვაჩაურის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის თქმით, მას პოლიტიკასთან შეხება მხოლოდ ერთხელ ჰქონდა, „როცა ძმას არჩევნებზე ეხმარებოდა.“

 

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი გახდა ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის საქართველოს პარლამენტში მურმან დუმბაძის ძმა გურამ დუმბაძეც. ის კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ახალშენის თემის მაჟორიტარობის კანდიდატად იყო წარდგენილი. გურამ დუმბაძე იყო ხელვაჩაურის 2006-2010 წლების მოწვევის საკრებულოს წევრიც, მაშინ ის საკრებულოში  „რესპუბლიკელების“ კვოტით როგორც სიის პირველი ნომერი, შევიდა. თუმცა მალევე მან პირადი საქმეების გამო საკრებულოში თავისი ადგილი სიით მეორე ნომერს, ავთანდილ ბერიძეს დაუთმო.


შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა კი „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, არმაზ ახვლედიანის ბიძაშვილმა ნოდარ ქარცივაძემ ჩაიბარა.

 

 

„ვადასტურებ, რომ ნათესავები ვართ, მაგრამ რა შუაშია ეს? – არმაზ ახვლედიანის დამსახურება არ არის ჩემი თანამდებობაზე მოსვლა. მე 2012 წლიდან შუახევში „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი.“

 

 

ქობულეთის საკრებულოს საფინანსოსაბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გახდა საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის ფატი ხალვაშის ნათესავი ნაილე ლაზიშვილი.

 

 

„ფატი ხალვაში 2012 წელს გავიცანი და მერე აღმოჩნდა, რომ ნათესავები ვართ. ჩემ კომისიის ხელმძღვანელად არჩევაში მას არანაირი წვლილი არ აქვს. არავისი წვლილი არ მჭირდება. როგორც სხვებს, ასევე მეც მქონდა ამბიცია და არჩევნების გზით შევედი საკრებულოში. საქართველო პატარა ქვეყანაა და ნათესაობაც ბევრია. ასე საუბარი როგორ შეიძლება,“ –უთხრა ნაილე ლაზიშვილმა „ბათუმელებს.“

 

 

ქობულეთის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის სულხან ოქროპირიძის მეჯვარემ მამია ჟორდანიამ საკრებულოს საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო კომისია ჩაიბარა. სულხან ოქროპირიძის თანაკურსელი ვიტალი ქარცივაძე კი საკრებულოს აგრარული კომისიის ხელმძღვანელი გახდა.

 

 


„რა  შუაშია  ეგ. სულხან ოქროპირიძე 2012-ში გავიცანი. 2012 წელს ვიყავი საარჩევნო კომისიის წევრი. 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიყავი კოალიციის საარჩევნო შტაბის იურისტი ქობულეთში და ასევე წარმომადგენელი საოლქო კომისიაში. ასევე ვარ ქობულეთის პარტიული ბიუროს წევრი. საქართველოში ვიღაცა ვიღაცის ნაცნობია, ეს რა შუაშია? – ასეთი საუბარი არის თითქოს შემთხვევით მოვხვდი პოლიტიკაში და ეს ძალიან ცუდია,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ მამია ჟორდანიამ.


ვიტალი  ქარცივაძის თქმით კი, ის ხალხმა აირჩია. „რაც შეეხება აგრარული კომისიის თავმჯდომარედ ჩემ არჩევას, საკრებულოს წევრების მხარდაჭერა ამ კუთხით ალბათ ჩემმა გამოცდილებამ განაპირობა. დიდი ხნის განმავლობაში რეესტრში ამ მიმართულებით ვმუშაობდი.“

 

 

ქობულეთის საკრებულოში შევიდა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ანზორ თხილაიშვილის შვილი გულადი თხილაიშვილიც. მას საკრებულოში თანამდებობა არ შეხვდა, თუმცა, როგორც ამ დარგის სპეციალისტი, აგრარული მიმართულებით გეგმავს მუშაობას:

 

 

„აგრარული კომისიის რიგით წევრად წარვადგინე თავი, რადგან ამ საკითხებში მაქვს კომპეტენცია და მინდა, რომ ჩავერთო. ვერ ვიტყვი, რომ  „ქართული ოცნების“ სიაში ჩემი მოხვედრა მამის ფაქტორმა განაპირობა. ეს საკითხი თბილისში პოლიტბიურომ გადაწყვიტა. შეიძლება არ ვჩანდი, მაგრამ ბოლო პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული პოლიტიკაში.“ – ამბობს გულადი თხილაიშვილ.

 

 

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე
ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: