აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ნორვეგიაში, ქალაქ ტრომსოში, სადაც 41-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა იმართება, ფიდეს კონგრესზე წარსდგება, რომელზეც 2018 წლისათვის ოლიმპიადის ბათუმში ჩატარების საკითხი გადაწყდება. 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ორი ქვეყანა იბრძვის – საქართველო და სამხრეთ აფრიკა. სწორედ 13 აგვისტოს საბოლოოდ გადაწყდება, თუ რომელ ქვეყანას მიენიჭება უპირატესობა. საქართველოს არჩევის შემთხვევაში ოლიმპიადა ქალაქ ბათუმში გაიმართება.
ტრომსოში 11 აგვისტოს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ზურაბ აზმაიფარაშვილმა ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა და ამ პოსტზე ბულგარელი სილვიო დანაილოვი შეცვალა. ტრომსოში ასევე იმყოფება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი.
ნორვეგიის ქალაქი ტრომსო 41-ე საჭადრაკო ოლიმპიადას 1-დან 14 აგვისტოს ჩათვლით მასპინძლობს. მასში 174 ქვეყანა იღებს მონაწილეობას და საერთო ჯამში 3000 მონაწილე ასპარეზობს. ერთ-ერთ უდიდეს სპორტულ ღონისძიებაში საქართველოს ვაჟთა და ქალთა ნაკრებიც მონაწილეობს. ოლიმპიადას ონლაინ რეჟიმში 100 მილიონი ადამიანი ადევნებს თვალყურს.