დასავლეთ საქართველოს მუფტი ჯემალ პაქსაძე “ტოიოტა ლენდკრუიზერის” მარკის ავტომანქანით, MUF-777-ით გადაადგილდება.
მუფტის ინფორმაციით, მას ავტომანქანა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ გადასცა და მისი საკუთრება არ არის.
რა რაოდენობის თანხა დახარჯა სამმართველომ მუფტისთვის “ჯიპის” შესაძენად, ამის შესახებ ჯემალ პაქსაძეს ინფორმაცია არ აქვს:
“მე როგორც მუფტი, შესყიდვებს თვითონ არ ვაწარმოებ და არც ფინანსურ მხარეს განვკარგავ.”
რაც შეეხება მანქანის ნომერს, მუფტის განმარტებით, სერია – MUF ნიშნავს იმას, რომ ეს სამუფტოს მანქანაა, ამიტომ სამმართველოს მასში რაიმე განსაკუთრებული თანხა არ გადაუხდია:
“მთლიანად სიტყვა რომ ეწეროს, მაშინ იქნებოდა დიდი თანხა გადასახდელი, მაგალითად, ხელვაჩაურის მუფტს ჰყავს MUF-007. ეს მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ მანქანით მუფტი გადაადგილდება,” უთხრა ჯემალ პაქსაძემ “ბათუმელებს”.