სიახლეები

ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებული

29.07.2014
ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებული

 

“საქართველოს ბანკის” თანამშრომლები სასამართლოს წინაშე თითქმის ერთნაირ ამბავს ყვებიან: მოლარე-ოპერატორი ნინო დოლიძე გავიდა სალაროდან და კარები დარჩა ღია (ერთმა მოწმემ, ბანკის თანამშრომელმა თქვა, რომ იმ დღეს კარის საკეტი გაფუჭდა, ამიტომ არ იკეტებოდა). ამ დროს ბანკში შევიდა ახალგაზრდა ბიჭი, მაგიდაზე დალაგებულ ფულის შეკვრებს ხელი დაავლო, გულზე მიიხუტა და გაიქცა. იქვე მჯდომმა ბანკის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, მოლარე ხათუნა დავითაძემ დაიწყო ყვირილი. ფულის გამტაცებელი ბანკის ჰოლში ბანკის თანამშრომლებმა დააკავეს. დაკავების დროს შეკრული ფულის კუპიურები დაიშალა და იატაკზე დაცვივდა.

 

იატაკზე დაყრილი ფული ბანკის თანამშრომლებთან ერთად შეაგროვეს ბანკის კლიენტებმა და სალაროში შეიტანეს. მოლარე ოპერატორმა სოფიო კვირკველიძემ თქვა, რომ მან მძარცველს გადაუკეტა კარები, დაკეტილ კარებს დაეჯახა ბრალდებული და სცადა გაქცევა. მისივე თქმით, მას არ დაუნახავს ბრალდებულმა სალაროდან როგორ გამოიტანა ფული. თქვა, რომ გატაცებული იყო 50 ათასი ლარი. თანხის დათვლის შემდეგ დანაკლისი არ ყოფილა.

 

ნინო დოლიძემ, რომლის სამუშაო მაგიდიდანაც თანხა გაიტაცეს თქვა, რომ რამდენიმე წუთით საპირფარეშოში გავიდა. სწორედ ამ დროს შემოესმა მისი თანამშრომლის ყვირილის ხმა, მობრუნდა სალაროში და განგაშის ღილაკს დააჭირა ხელი. მისივე ინფორმაციით, გატაცებული იყო 50 ათასი ლარი, დათვლის შემდეგ დანაკლისი იყო მხოლოდ 100 ლარი.

 

ძარცვაში ბრალდებული ბანკის ჰოლში პირველად რუსლან დავითაძემ შეაჩერა, რომელიც „ზედაპირულად“ ბანკის უსაფრთხოებაზეც ზრუნავს. რუსლანმა თქვა, რომ დაკავებული წინააღმდეგობის გაწევას არ ცდილობდა და არც გაქცევა უცდია.
მოწმის სახით დაკითხეს “საქართველოს ბანკის” მომხმარებელი გიორგი ბლაგიძე. მან თქვა, რომ მომხდარის შესახებ ბანკის თანამშრომლებისგან შეიტყო, ინციდენტის დღეს კი, ბანკში 50 ათასი ლარი სწორედ იმ მოლარესთნ შეიტანა, რომლისგანაც თანხა გაიტაცეს.

 

“საქართველოს ბანკის”  დაყაჩაღებაში ბრალდებული 2014 წლის 14 მარტს დააკავეს. მის უფლებებს ადვოკატი ნუგზარ მგელაძე იცავს, სახელმწიფო ბრალმდებელი პროკურორი რამაზ შაინიძეა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 23 წლის ბრალდებულს 6-დან 10-წლამდე პატიმრობა ელის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.