სიახლეები

ახალი საპრემიო პოლიტიკა აჭარაში

29.07.2014 • 1710
ახალი  საპრემიო პოლიტიკა აჭარაში

 

აჭარის მთავრობასა და ბათუმის მერიაში გაცემული პრემიები კვლავ მოექცა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ყურადღების ქვეშ. მთავრობაში აცხადებენ, რომ პრემიების გაცემის წესთან დაკავშირებით ფიქრი უკვე დაიწყეს. აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, დათო გაბაიძე “ბათუმელებთან” ამბობს, რომ მთავრობის ახალი გადაწყვეტილება პრემიების გაცემის წესთან დაკავშირებით, ძალაში პირველ აგვისტოს შევა. “ეს იქნება საქართველოს მთავრობის წესის ანალოგიური”, – აცხადებს ის. დადგენილების მიხედვით, პრემია გაიცემა კვარტალში ერთხელ, თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. პრემიის ზედა ზღვარი შეზღუდული იქნება.

შესაბამისად, აჭარის მთავრობაში პრემიას მიიღებენ წელიწადში შვიდჯერ: `სულ ოთხი კვარტალია და კვარტალში გაიცემა ერთხელ. ასევე საუბარია იმაზე, რომ პრემია გაიცემა წელიწადში სამჯერ, სადღესასწაულო დღეებში.

 

კონკრეტულად რომელ დღესასწაულებზე? – ამაზე მთავრობის იურისტი ამბობს, რომ ჯერ არ ჩამოყალიბებულან: “შევეცდებით თანაბრად გადანაწილდეს დღესასწაულები. მაგალითად, ოთხ თვეში ერთი დღესასწაული რომ გამოვიდეს, ალბათ ისე, ზუსტად ვერ გეტყვით. ან იმის მიხედვით, რომელი დღესასწაულის მონაკვეთში იქნება უფრო მეტი სამუშაო”. 

 

თუკი თანამდებობის პირის ხელფასი თვეში არის 1500 ლარი, ახალი რეგულაციების მიხედვით, მაშინ ის წლის განმავლობაში პრემიის სახით 10 500 ლარს მიიღებს. დღემდე კი მოხელე, რომლის ხელფასიც 1500 ლარი იყო, პრემიის სახით წელიწადში 12 ათას ლარს იღებდა (ყოველკვარტალურად ხელფასის ოდენობის პრემია, სხვა თვეებში –  ხელფასის ოდენობის ნახევარი); იმავე პრინციპით, საჯარო მოხელე, რომლის ხელფასიც 600 ლარია, წელიწადში პრემიის სახით 4200 ლარს მიიღებს, ძველი წესით კი, 4600 ლარს მიიღებდა.

 

დათო გაბაიძე ამბობს, რომ მთავრობის დადგენილებით პრემიის გაცემის წესის დარეგულირება სწორად არ მიაჩნია: “რა არის პრემია და დანამატი, ამის შესახებ საჯარო სამსახურის კანონში უნდა ეწეროს. არ მიმაჩნია სწორად, რომ სხვადასხვა სტრუქტურამ თავისი შეხედულებების მიხედვით განსაზღვროს პრემია”.

გარდა პრემიებისა და ხელფასებისა, კანონში არსებობს სახელფასო დანამატის მუხლიც. კითხვაზე, თუკი შეიზღუდება პრემიის გაცემის წესი, ხომ არ მოხდება თანხის `შევსება~ ე.წ. სახელფასო დანამატის მუხლიდან? _ იურისტი ამბობს, რომ მათ სახელფასო დანამატის მუხლი დღემდე არ გამოუყენებიათ: `დღის წესრიგში არ დამდგარა ეს საკითხი. თუმცა, შეიძლება დაიწყოს საუბარი ხელფასების გაზრდაზე და ალბათ აქამდეც მივა საქმე~.

დათო გაბაიძის აზრით, `თანამდებობრივი სარგოს კომპენსირება პრემიით ხდებოდა, რადგან ხელფასი დაბალია. მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს იურისტი, რომელიც თვეში 600 ლარს იღებს და მისი პასუხისმგებლობა არის მაღალი, პრემიას უნდა იღებდეს. რადგან ეს ხელფასი არის ძალიან დაბალი. ამის კომპენსირება ხდებოდა პრემიით”.

 

პრემიების გაცემის რეგულაციებზე ფიქრობენ ბათუმის მერიაშიც. ფინანსური სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე ამბობს, რომ მალე შეიქმნება ჯგუფი, რომელიც მერთან ერთად გარკვეულ შეთანხმებამდე მივა: “სანამ პრემიების გაცემის ახალი სტანდარტი შემუშავდება, მერია იმოქმედებს დროებითი წესით, სადაც პრემიის გაცემის რაოდენობა და პერიოდულობა შეიზღუდება”.

 

 არჩილ ვანაძე ამბობს, რომ  საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, წლის ბოლომდე საჯარო სამსახურის ბიუროებმა უნდა შეიმუშაონ საჯარო სამსახურების ეფექტიანობის შეფასების სისტემა, რომელიც გარკვეულად განსაზღვრავს პრემიების წესსაც: `დღეს პრემიების გაცემის სისტემა მთლიანად სუბიექტურ ფაქტორზეა აგებული, ახალი სისტემა კი, ობიექტურ გარემოებებს შემოიტანს~. 

რაც შეეხება უმაღლეს საბჭოს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩიტიშვილი აცხადებს, რომ ისინი ახალი საკანონმდებლო რეგულაციების დაწესებამდე არსებული ნორმებით იმოქმედებენ:  “აქამდე იყო, ასე ვთქვათ, აპარატის თანამშრომელს ხელფასი აქვს ასი ლარი, პირველ თვეში იღებდა ხელფასზე 50 პროცენტ დანამატს, მეორე თვეში იმავეს და მესამე თვეში ასი პროცენტით, ანუ ხელფასის ოდენობის პერმიას. ჯამში, კვარტალში იღებდა ხუთ ხელფასს”.

 

უმაღლეს საბჭოში ამ წესის გადახედვას არ აპირებენ: «ვფიქრობთ, რომ ერთიანი სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს. არ შეიძლება უმაღლეს საბჭოს ჰქონდეს სხვა და მთავრობას სხვანაირი სისტემა. თუმცა, ჩვენც ვფიქრობთ, რაღაც უნდა შეიცვალოს, მაგრამ რა, კონკრეტულად ვერ გეტყვით. გარდა ამისა, ჩვენ გვიკრძალავს კანონი, რომ გავაუარესოთ თანამშრომლების მდგომარეობა. იმ ადამიანის მდგომარეობას, რომელიც მიღებულია კონკურსით და მან იცოდა, რამდენი იქნებოდა მისი თანამდებობრივი სარგო, დანიშვნის შემდეგ ვერ გავაუარესებთ. თუ ერთიანი კანონი არ იქნა, გადაწყვეტილება გაგვიჭირდება, ცალკე რეგულაციებს ვერ მივიღებთ”.

 

რაც შეეხება დეპუტატების ხელფასს, ალექსანდრე ჩიტიშვილის განცხადებით, იგივე დარჩება – დეპუტატები ორი სახის ანაზღაურებას მიიღებენ: “ხელფასი და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის განკუთვნილი თანხა, რომელსაც დეპუტატები კომპენსაციის მუხლით იღებენ”.  

 

რაც შეეხება აჭარის მუნიციპალიტეტებს, როგორც გამგებლები აცხადებენ, პრემიების საკითხს მთავრობის მიერ დადგენილი წესის მიხედვით გადახედავენ. 

 

გადაბეჭდვის წესი