მთავარი,სიახლეები

რატომ არ მუშაობენ პირველ ივნისს საბავშვო ბაღები ბათუმში

01.06.2017
რატომ არ მუშაობენ პირველ ივნისს საბავშვო ბაღები ბათუმში

ბათუმში საბავშვო ბაღების გაერთიანებამ ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბაღებში დასვენება გამოაცხადა. ეს დღე ქვეყანაში ოფიციალური უქმე დღე არ არის. სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მშობლები წერენ, რომ ამ მოულოდნელი დასვენების გამო პრობლემები შეექმნათ, რადგან თავად არ ისვენებენ, საბავშვო ბაღები კი არ მუშაობს.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების პიარის, ლიკა აროშიძის განმარტებით, საბავშვო ბაღები ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებების გამო ისვენებენ.

„ვინაიდან ბათუმის მუსიკალურ ცენტრში მასშტაბური ღონისძიება ტარდება, რომელიც ბავშვთა დღისადმი არის მიძღვნილი, 15 საბავშვო ბაღის აღსაზრდელი ანუ 500-ზე მეტი ბავშვი იღებს მონაწილეობას, აქედან გამომდინარე, გამოვაცხადეთ დასვენება. ეს დაგეგმილი იყო ერთი თვით ადრე და მერიასთან შეთანხმებული,“ – აცხადებს ლიკა აროშიძე.

მისი თქმით, ის, რომ პირველ ივნისს საბავშვო ბაღები დაისვენებდნენ, ამის შესახებ მშობლებიც ინფორმირებულნი იყვნენ: „მუსიკალურ ცენტრში ღონისძიების დასრულების შემდეგ, ღონისძიება სოციალურად დაუცველი 300-მდე ბავშვისთვის სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაიმართება, სადაც  ბავშვებს ტკბილეულით გაუმასპინძლდებიან. ბავშვები სხვადასხვა სანახაობაში მონაწილეობენ. ამიტომ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ვერ წარიმართებოდა ჩვეულ რიტმში. ბავშვებისთვის მოსაწვევებიც იყო დარიგებული და მშობლებმა ამის შესახებ იცოდნენ“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: