Batumelebi | ბათუმის საკრებულო კომისიის თავმჯდომარეებს ირჩევს ბათუმის საკრებულო კომისიის თავმჯდომარეებს ირჩევს – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის საკრებულო კომისიის თავმჯდომარეებს ირჩევს

 

ბათუმში ახლადარჩეული საკრებულო რიგგარეშე სხდომას მართავს. სხდომაზე საკრებულომ კომისიის თავმჯდომარეები უნდა აირჩიოს. 

 

კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა საკრებულოში  საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ნინო ბერაძის კანდიდატურა წარადგინეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა.  

 

„სამი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს,“ – განაცხადა სხდომაზე  ჯუმბერ კახიძემ.

 

საკრებულოს თავმჯდომარე  ირაკლი ჭეიშვილი დაინტერესდა როგორ მიიღო სამმა დეპუტატმა გადაწყვეტილება, როცა დარბაზში ნაციონალური მოძრაობის მხოლოდ ორი დეპუტატი იყო.

„დამირეკა,“ – ასე უპასუხა ჯუმბერ კახიძემ  საკრებულოს თავმჯდომარის  კითხვას. 

 

 ხმათა უმრავლესობით  ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ნინო ბერაძე აირჩიეს. 

 

საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტზე საკრებულომ  დიმიტრი დარჩია აირჩია. კენჭისყრაში მონაწილეობა 22-მა დეპუტატმა მიიღო. დარჩიას კანდიდატურას მხარი 21-მა დაუჭირა. 

 

საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე თენგიზ აფხაზავას კანდიდატურა წარადგინეს. საკრებულომ აფხაზავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა და იგი 22 ხმით კომისიის თავმჯდომარე გახდა.  

 

საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარედ  ლაშა სირაბიძე აირჩიეს. 

 

საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ლევან კინწურაშვილი აირჩიეს. 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"