სიახლეები

ელისო ბოლქვაძე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის შესახებ

16.07.2014 • 1421
ელისო ბოლქვაძე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის შესახებ

 

ელისო ბოლქვაძე: „ვფიქრობ, რეგიონისთვის ამ ფესტივალს აქვს საერთაშორისო მნიშვნელობა. დიდი ინტერესი მაქვს, რომ გავაძლიერო რეგიონალური თემა, მინდა მოტივაცია მიეცეთ მუსიკოსებს, რომლებიც არიან საქართველოს რეგიონებში, სკოლებში. იქიდან წამოვიდნენ მასტერკლასებზე, მიეცეთ საშუალება დაუკრან კონცერტებზე. წელს ბავშვებისთვის, ახალგაზრდა ტალანტებისთვის დაწესდა ჯილდო, რომელიც გადაეცემა ყველაზე ახალგაზრდა ტალანტს და იქნება ბათუმის აღმოჩენა.  ჯილდოს კომპანია „ასკანელი“ და ფონდი „ლირა“ გასცემენ. ეს დიდი სტიმულია ბავშვებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია მათი მომავალი განვითარებისთვის. შეიძლება ყველა დიდი პიანისტი არ გახდეს მომავალში, მაგრამ მათი ნიჭის გამოვლენისთვის ძალიან დიდი სტიმული და საშუალებაა.

 

 

გარდა ამისა, თვითონ ბათუმის ორკესტრისთვის იქნება დიდი სტიმული, რომ რაღაც გააკეთონ და იყვნენ უფრო მეტად დატვირთულები. ჩამოდიან იმპრესარიოები, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მოუსმინონ და შესაბამისი პროდუქცია უნდა დაახვედრონ. ჩვენ ჯერ არ ვართ მზად იმისთვის, რომ საზღვარგარეთ ჩვენი პროდუქცია, ასე ვთქვათ, საინტერესო გახდეს. ამას ყველაფერს სჭირდება მოწესრიგება, მეტი მუშაობა, მეტი ფიქრი.

 

 

ვფიქრობ, თუკი ჩვენ გვინდა, რომ ევროპაში შევიდეთ, ჩვენ უნდა გამოვამჟღავნოთ ქართული გენი, ქართული ტალანტი, რომლითაც ასე ვამაყობთ. ეს მარტო სიტყვები არ უნდა იყოს და მარტო ფოლკლორზე არ უნდა იყოს აგებული. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი კამერული ორკესტრი, ჩვენი საგუნდო მუსიკა, ბევრი რამ, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს იდენტურობა გამოვლინდეს. ეს არის მომავლის თემა, ეს არის თემა, რომელზეც ადამიანები ფიქრობენ…

 

 

ეს არის ჩემი იდეა. სწორედ ამიტომაა მასტერკლასები, ამიტომაცაა ახალგაზრდები წინ წამოწეული.

 

რას ვგულისხმობ ორკესტრის დატვირთვაში? – ადგილობრივების დატვირთვას, ვერანაირად ვერ განავითარებ რამეს შენ თუ არ შესთავაზე, შენ თუ არ მოიფიქრე. ზოგადად კი ძალიან რთულია ამის ინტეგრაცია საერთაშორისო მოვლენებთან – ადამიანებს არ აქვთ გამოცდილება, არ იციან ენა. თუმცა ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია.

 

 

ბათუმი არის საკურორტო ზონა, ბათუმი არის ულამაზესი ადგილი. ბათუმს აქვს  ზღვა, სკოლა, ინფრასტრუქტურა. ამაზე უკეთეს ადგილს ზაფხულში ფესტივალისთვის ვერ ნახავს ადამიანი. ის, ვინც ჩამოდის საფრანგეთიდან თუ ამერიკიდან ამავდროულად შეუძლია აქ იმუშავოს. ეს დიდი უპირატესობაა.

 

 

  სულ 47 ბავშვი დარეგისტრირდა მასტერკლასზე. 12 ივლისს თერთმეტის ნახევრიდან დავიწყე მასტერკლასები. 25 ბავშვს მოვუსმე პირველ დღეს, დანარჩენს – მეორე დღეს.  ფორმატი იყო ასეთი – თითოეულმა მომაწოდა თავისი მოკლე პროგრამა და მე ვუთხარი ის შენიშვნები, რაც მიმაჩნია, რომ უნდა გამოასწორონ.

 

ჩემთან ერთად მასტერკლასებში მონაწილეობას ცნობილი პიანისტი ფრანჩესკო ნიკოლოზი მიიღებს.

ფესტივალი იმართება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟის ქვეშ. მადლობელი ვართ აჭარის მთავრობის, რადგან ისინი მხარს გვიჭერენ. “

გადაბეჭდვის წესი