Batumelebi | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბათუმში დარღვევებზე საუბრობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბათუმში დარღვევებზე საუბრობს – Batumelebi
RU | GE  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბათუმში დარღვევებზე საუბრობს

 

ბათუმში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბრიფინგი გამართა და საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა. აჭარაში, ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელის გიორგი კირთაძის განცხადებით ამ დროის  მონაცემებით 9 დარღვევაა დაფიქსირებული.

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ბათუმის 26-ე საარჩევნო უბანზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს საარჩევნო უბანზე ვიდეოგადაღების უფლება არ მისცეს. ფაქტზე დაიწერა საჩივარი.

იმავე 26-ე უბანზე ამომრჩეველს თავისი სახელის და გვარის გასწვრივ სარეგისტრაციო ჟურნალში ხელი მოწერილი დახვდა. ბათუმის 29-ე საარჩევნო უბანზე ისეთი ამომრჩეველი ცდილობდა ხმის  მიცემას, რომელსაც უკვე გავლილი ჰქონდა რეგისტრაცია.

ბათუმის # 72 საარჩევნო უბანზე, არ მისცეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს საარჩევნო უბანზე ვიდეო გადაღების უფლება, ფაქტზე დაიწერა საჩივარი.

ბათუმის # 14 საარჩევნო უბანზე, გადასატან ყუთს ქუჩიდან თვითნებურად გაჰყვა  „ქართული ოცნების“-ის წარმომადგენელი თ. ლორთქიფანიძე რომელიც შედიოდა ბინებში და ეწეოდა აგიტაციას, შემოხაზეთ ნომერი 41-ი. ფაქტზე დაწერა საჩივარი #79 ოლქში გადასატანი ყუთის ბათილობაზე.

ბათუმის # 62 საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველმა ლევან ბერიძემ ხმის მიცემის კაბინაში ტელეფონით მოახდინა ფოტო გადაღება, ფოტოზე იყო გადაღებულ ბიულეტენი, რომელზეც შემოხაზული იყო #41, ფაქტზე დაიწერა საჩივარი.

ბათუმის # 64 საარჩევნო უბანზე, გადასატან ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლები უარყოფდნენ განცხადების დაწერას და გადასატანი ყუთის მოთხოვნას.

„ბათუმელები“ ამოწმებს ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დარღვევების შესახებ.

62-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის თქმით, მსგავსი ფაქტი ნამდვილად მოხდა საარჩევნო უბანზე. მას შემდეგ რაც საარჩევნო ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღების ფაქტი დააფიქსირეს, პირს, რომელმაც ფოტო გადაიღო აღნიშნული ფოტო წააშლევინეს.

“ბათუმელებმა” ასევე გადაამოწმა 26-ე უბანზე დაფიქსირებული დარღვევები. საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის თეიმურაზ აფხაზავას ინფორმაციით ორმა ამომრჩეველმა, მამა – შვილმა, რომელთა სახელი და გვარი გვერდიგვერდ ეწერა გრაფაში ხელი ერთმანეთის ნაცვლად მოაწერეს. მამამ შვილის გრაფაში და შვილმა მამის. რაც შეეხება ვიდეო გადაღების აკრძალვას, თეიმურაზ აფხაზავა განმარტავს:

“ვიდეო გადაღებას თავისი რეგლამენტი აქვს, 10-10 წუთიანი ინტერვალით. კამერა შტატივზე უნდა დამონტაჟდეს, ობიექტივი უნდა უყურებდეს ყუთს და არა ყველა ამომრჩეველს,” – ამბობს თეიმურაზ აფხაზავა.

კომისიის თავმჯდომარის თქმით აღნიშნულ ფაქტზე საჩივარი დაიწერა. თუმცა როგორც “ბათუმელების” ჟურნალისტმა გადაამოწმა, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში შეტანილი არაა.  საჩივრების, შენიშვნებისა და პრეტენზიებისათვის განკუთვნილი ფურცელი ცარიელი იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"