ხულო: დიდაჭარაში, მე-12 უბანზე გადასატანი ყუთი დაზიანდა, კომისიის გადაწყვეტილებით ახალი ყუთი დაილუქა და ოთხი ბიულეტენი ბათილად იქნა მიჩნეული. `ეს იყო გაუთვალიწინებელი შემთხვევა, ფეხი დაუცდა გზაზე და გადასატანი ყუთი დაიმტვრა. რადგან დაზიანდა გადასატანი ყუთი, კომისიამ ჩათვალა საჭიროდ ახალი ყუთი დაელუქათ და ოთხი ბიულეტენი ბათილად ჩაეთვალა, მე-12 უბანზე სიით 1035 ამომრჩეველია, აქედან გადასატან ყუთით 33 ამომრჩეველი აძლევს ხმას” – აცხადებს ხულოს საოლქო კომისიის თავმჯდომარე ნოდარ მელაძე.
ქობულეთი: ქობულეთის 44-ე უბანზე უბნის გახსნისას ლუქი დაზიანდა. საოლქოს ცნობით, პრობლემა აღმოფხვრილია და უბანს ახალი ლუქი დროულად მიაწოდეს.
ხულო: სამართლიანი არჩევნების ცნობით ხულოში, 36-ე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა. ფაქტს ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები სწავლობენ.
ბათუმი: 68-ე საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ხმა მარკირების გარეშე მისცეს. მას შემდეგ რაც დამკვირვებლებმა კომისიის წევრებს შენიშვნა მისცეს, კომისიის წევრებმა მარკირება გაიკეთეს.
ქობულეთი: #34 საარჩევნო უბანზე საიას დამკვირვებელმა დარღვევა დააფიქსირა. კერძოდ, ამომრჩეველს რეგისტრატორი საარჩევნო კაბინაში შეყვა და მიუთითა თუ ვინ უნდა შემოეხაზა. საუბნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრატორი რეგისტრატორობიდან მოხსნა. საჩივარს ქობულეთის საოლქო კომისია განიხილავს.