სიახლეები

როგორი მერი უნდათ ბათუმელებს

27.05.2017 • 3000
როგორი მერი უნდათ ბათუმელებს

თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი თვე რჩება. ბათუმი იმ ქალაქებს შორისაა, სადაც საკრებულოს და მერს ისევ აირჩევენ. „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორი მერი უნდა ბათუმელ ამომრჩეველს და რა არის ის მთავარი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ისინი საკუთარ არჩევანს გააკეთებენ.

 ნათია ზოიძე

ნათია ზოიძე

ნათია ზოიძე ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველოს“ ანალიტიკოსია. მას დასავლური ღირებულებების მერი უნდა, რომელიც ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას შეინარჩუნებს: „ გარდა ამისა, მერი უნდა გრძნობდეს ქალაქში არსებულ გამოწვევებს და ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლის მიმართ. კაბინეტში ჩაკეტილი მერების ეპოქა უნდა დასრულდეს.“

ასლან ჭანიძე

ასლან ჭანიძე

„მერი უნდა გრძნობდეს ქალაქს, ქალაქის რიტმს, მას უნდა ჰქონდეს ხედვა ქალაქის განვითარებაზე“, – ამბობს ასლან ჭანიძე, ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელი.

ის მერად აირჩევდა პირს, „რომელიც წინა პლანზე არა ინვესტიციებს, არამედ ქალაქის ისტორიას და კულტურას დააყენებდა.“

საქართველოს იურისტთა ასოციაციის [საია] ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს გიორგი ხიმშიაშვილს ნოვატორი მერი მოეწონება, მისი აზრით : „ მერი უნდა იყოს პროფესიონალი, კარგი მენეჯერი და ნოვატორი.“

ლევან ხიმშიაშვილი ბიზნესმენია, ის სამშენებლო კომპანია „მეგა პალასის“ მფლობელი და დირექტორია. მისი კომპანია ბათუმში რამდენიმე სამშენებლო პროექტს ახორციელებს.

ლევან ხიმშიაშვილი

ლევან ხიმშიაშვილი

„მთავარია, ქალაქის კეთილმოწყობა, სწორად განაშენიანება. ასევე გამოცდილება. გვინდა, რომ კარგი იყოს ჩვენი მერი, ამიტომ მოვითხოვთ, რომ მან შეფასების მაღალი კრიტერიუმები დააკმაყოფილოს. სწორად განაშენიანებაში ვგულისხმობ იმას, რომ როგორც დღეს მიდის ეს პროცესი, არ მომწონს. მე თავად მშენებელი ვარ, არც ერთ მშენებლობას არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ეზო, ლიფტები არ მუშაობს … ეს არ არის სწორი… დიახ, ჩემს პროექტებსაც არა აქვს და ეს უნდა შეიცვალოს. უნდა შეიცვალოს მიდგომა. მე ვფიქრობ, უნდა გამკაცრდეს და უნდა იყოს მორგებული მოსახლეობის ინტერესებს.“

„მერი უნდა იყოს არქიტექტორი“, – ეს ზვიად ბურჭულაძის პასუხია. ის თავადაც პროფესიით არქიტექტორია და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში საბჭოს წევრი.

„კარგი მერი მინდა, კარგი ადამიანი უნდა იყოს. მე რომ მკითხონ, მერი არქიტექტორი უნდა იყოს. აუცილებელი არ არის, მაგრამ კარგი იქნება, მერს ეხება ქალაქის მოწყობა“.

ნათია აფხაზავა „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ის თვითმმართველი ორგანოების მუშაობას აკვირდება და მოქმედი მერი მის კრიტიკას ხშირად იმსახურებდა. ნათიას აზრით, მომავალმა მერმა სრულად უნდა შეძლოს თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული უფლებების დელეგირება:
29127

„… მერი ყველა სფეროში კომპეტენტური ვერ იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია მან შეძლოს მერიაში პროფესიონალი კადრების მოყვანა. რაც გაამარტივებს მართვას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც არის პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება ხალხთან. ასევე, ანგარიშვალდებულება არ უნდა იყოს ფორმალური. მართვის პროცესში სულ უნდა იგრძნობოდეს, რომ მერი არის ხალხის წარმომადგენელი. “ -ამბობს ნათია.

გადაბეჭდვის წესი