სიახლეები

ცხრასულიან ოჯახს მერია ერთჯერადად დაეხმარება

21.06.2014 •
ცხრასულიან ოჯახს მერია ერთჯერადად დაეხმარება

ეთერ გათენაძე

ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილის ტიტე აროშიძის თქმით, საკითხი მერიაში არსებულმა სტიქიით დაზარალებულთა მუდმივმოქმედმა კომისიამ შეისწავლა:

„სტიქიით დაზარალებულ ოჯახს ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 3000 ლარი გადაეცემა. ამასთანავე სამი თვის განმავლობაში ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნება თანხა 300 დოლარი, ექვივალენტი ლარებში, ბინის ქირის უზრუნველსაყოფად“.

რაც შეეხება ალტერნატიულ ფართს, რომლის თხოვნითაც ოჯახი სამთავრობო სტრუქტურებს მიმართავს, ტიტე აროშიძე ამბობს, რომ ოჯახს ღია ცის ქვეშ არ დატოვებენ:

„ჩვენ არ გვაქვს ალტერნატიული ფართი დროებით სარგებლობაში რომ გადავცეთ და შევასახლოთ. საკითხს შესასწავლად გადავცემთ აჭარის მთავრობას და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, რომ შემდგომ მოახდინონ სხვა სახის რეაგირება“.

ლერმონტოვის #80-ში მცხოვრებ ცხრა სულიან ოჯახს სახლი 12 ივნისს დაეწვა. როგორც ოჯახის უფროსი წევრი ეთერ გათენაძე ამბობს ბარაკის ტიპის სახლს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა, როცა ეძინათ. ცეცხლი ქუჩაში გამვლელმა შეამჩნია. ოთხ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ოჯახმა ფანჯრიდან გამოსვლა მოასწრო. დაიწვა სახლის ჭერი და საყოფაცხოვრებო ნივთები.

როგორც ტიტე აროშიძე ამბობს, ერთჯერადი დახმარებისთვის ოჯახს თანხა მომავალ კვირაში ჩაერიცხება.

 

გადაბეჭდვის წესი