სიახლეები

უმაღლესმა საბჭომ მედეა ვასაძის გადაყენების საკითხი არ განიხილა

19.06.2014
უმაღლესმა საბჭომ მედეა ვასაძის გადაყენების საკითხი არ განიხილა

ბაციკაძის განცხადებით, საკითხი რომ გასულიყო სესიაზე, აუცილებლად  ჩავარდებოდა. რადგან  ვასაძის გადასაყენებლად საჭირო ხმები არ შეგროვდებოდა.  ჩავარდნის შემთხვევაში კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი, რეგლამენტის მიხედვით, მომდევნო 6 თვის მანძილზე ვეღარ დადგებოდა.

„ნაცმოძრაობამ ეს იცოდა, პირად საუბრებში კიდეც გვეუბნებოდნენ, ჩვენ ვიცით, რომ  საკითხს, რომელსაც დავაყენებთ, ჩავარდება და უკვე საშემოდგომო სესიაზე ამ საკითხს ვეღარ დააყენებთ. აქედან გამომდინარე ქალბატონი მედეა დარჩება  თავის პოსტზე და ეს კონფლიქტი, რომელიც არსებობს უმაღლეს საბჭოსა და ჟურნალისტს შორის, გაგრძელდება და ეს ჩვენ გვინდაო. ამ შემთხვევაში, ქალბატონი მედეას გადაყენების საკითხის დღის წესრიგიდან 6 თვით ამოღება, რასაც „ნაცმოძრაობა“ აპირებდა, არ გამოუვიდათ. შესაძლოა რიგგარეშე სესია მოვიწვიოთ და ქალბატონი მედეა გადაყენებული იქნას.  მე ვრჩები ჩემს პოზიციაზე  და ვთვლი, რომ ქალბატონმა მედეამ თანამდებობა უნდა დატოვოს,“ – განაცხადა უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა დავით ბაციკაძემ.

კიდევ ერთი დეპუტატი უმაღლესი საბჭოდან ოპოზიციონერი ირაკლი ბარამიძე, რომელმაც მედეა ვასაძის გადაყენების საკითხის განხილვა ითხოვა, დღეს სხდომაზე აცხადებს, რომ „ბაციკაძის სისულეებზე კომენტარის გაკეთება არ სურს“.

„რვა კაციც რომ ვყოფილიყავით, შეიძლებოდა ის შედეგი, რაც ჩვენ გვინდოდა ვერ დამდგარიყო, მაგრამ დავაყენეთ საკითხი, იმიტომ რომ უმრავლესობის ძალიან დიდი ნაწილი ძალიან მკვეთრ განცხადებებს აფიქსირებდა სოციალურ ქსელში, გაზეთებსა თუ ტელევიზიაში. გვქონდა იმედი, რომ სამი-ოთხი დეპუტატი ნამდვილად დაგვიჭერდა მხარს. ქალბატონი მედეა არ შეესაბამება იმ თანამდებობას, რაც მას დღეს უჭირავს.

უფრო მეტიც, უმრავლესობა აღმოჩნდა  ძალიან უსუსური დღეს.  საკითხის განხილვაზეც  კი უარი თქვა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ მოგვცა საშუალება არც თქვენ და არც ჩვენ, რომ მოსახლეობისთვის და ჟურნალისტებისთვის  დღეს საჭირო პასუხი დაფიქსირებულიყო,“ – განაცხადა ირაკლი ბარამიძემ.

სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მედეა ვასაძემაც.

„მე თუ მივალ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ რაღაც პრინციპები მაქვს დარღვეული, თუნდაც ეთიკის ნორმები, მე თავად მივიღებ ამ გადაწყვეტილებას. იმდენად, რამდენადაც მიმაჩნია, რომ ბოდიშის მოხდა, თუკი ეს არის აუცილებელი, თუკი ეს არის საჭირო და მართებული – შესაძლებელია.

ჩემი მასთან ზარი [ჟურნალისტ ჯაბა ანანიძესთან], რომელიც იყო შენიშვნა  და საყვედური, რომელიც დანაშაულის შემადგენლობას არ იძლევა, იყო სრულიად მართებული. მე მუქარა არ განმიხორციელებია.  ის, რაც არის საჩოთირო და რასაც თქვენ თვლით, მას ჰქონდა კითხვის ხასიათი,“ – განაცხადა მედეა ვასაძემ.

მისივე თქმით, ის აპირებს გამოაქვეყნოს და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს  ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის მიერ გაწეული მუშაობის დეტალური ანგარიში.

რაც შეეხება სხვა დეპუტატების შეფასებებს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია მასალკინი თვლის, რომ მედეა ვასაძე უნდა გადადგეს.

„ეს კომისია [ადამიანის უფლებათა დაცვის] მოითხოვს მჭიდრო კონტაქტს არასამთავრობო ორგანიზაციასთან და პრესასთან. როცა შენ ორივესთან გაქვს კონფლიქტი, მე ვერ ვხედავ ამ კომისიის წარმატებული მუშაობის პერსპექტივას.  კიდევ ერთხელ ვადასტურებ  ჩემს პოზიციას, რომ მე ქალბატონი მედეას ადგილზე გადავდგებოდი,“ – აცხადებს გია მასალკინი.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ალეკო ჩიტიშვილის განცხადებით კი გადადგება თუ არა მედეა ვასაძე, ეს პირადად მისი გადასაწყვეტია:

„ქალბატონი მედეა არის დამოუკიდებელი ფიგურა, მას აქვს დიდი ხნის პოლიტიკაში ყოფნის გამოცდილება და ქალბატონმა მედეამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება  დარჩება თუ წავა. მე მის ადგილას ჟურნალისტთან არ დავრეკავდი“.

დღეს უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომა გაიმართა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.