სიახლეები

მედეა ვასაძის ღია წერილი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას

18.06.2014 •
მედეა ვასაძის ღია წერილი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას

 

მედეა ვასაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი
მედეა ვასაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი

“მოგესალმებით საუკეთესო სურვილებით, ამასთან გაცნობებთ, რომ 2014 წლის 9 ივნისს, საბჭოს სახელით გაკეთებული იმ ნაჩქარევი განცხადების
მიუხედავად, რომელიც ეხებოდა ტელეკომპანია “ტელეარხ – 25”-ის ჟურნალისტს ჯაბა ანანიძესა და ჩემს შორის, 2014 წლის 8 ივნისს, შემდგარი კერძო საუბრის შეკვეცილი, დამახინჯებული შინაარსის, ჟურნალისტის მხრიდან გამოქვეყნებული ჩანაწერის კონკრეტულ ანალიზს და მისგან გამომდინარე, საბჭოს სახელით, გაკეთებულ განცხადებას, ეჭვის ქვეშ არ ვაყენებ თქვენს მიუკერძოებლობას, რის დასტურადაც მოგმართავთ, ამ ფაქტში, გარკვევის მიზნით.

თქვენს მიუკერძოებლობას, ასევე არ ვაყენებ ეჭვის ქვეშ, იმ ფაქტისდა მიუხედავად, რომ საბჭოს რამდენიმე წევრი, უკვე ჩართულია, ამ ჟურნალისტის, “უფლებების დაცვისათვის” გამართულ აქციებში. უპირველესად შევეხები თქვენს მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსს, კერძოდ, იმას, რომ მე, ჟურნალისტს, თითქოსდა, პროკურატურით ვემუქრებოდი, რომ მედიასთან, მსგავსი ფორმით, ურთიერთობა და შინაარსი წარმოადგენს მუქარისა და ზეწოლის მცდელობას და მოუწოდებთ უმაღლეს საბჭოს უსწრაფეს რეაგირებაზე.

 

მასთან დაკავშირებით განვმარტავ, რომ მიუხედავად ჩემსა და ჟურნალისტს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობისა, ჩვენ, ხშირად, გვქონდა ხოლმე სატელეფონო კომუნიკაცია, ასე მაგალითად, მაისის ბოლოს, მე მას მადლობა გადავუხადე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ჩემს შვილზე, 2002 წელს გამოქვეყნებული წერილის გამო (იხ. დანართი), რომელიც არ მახსოვდა და შემთხვევით, ჩემი პირადი არქივის დათვალიერების დროს აღმოვაჩინე. ამდენად, 9 ივნისს, მისდამი განხორციელებული ზარიც იყო მორიგი კავშირი და მცდელობა, გასული ფილმის გამო, მასთან, აზრის გაზიარებისა და იმისა, რომ უკეთ გამეგებინებია თუ რისი თქმა მინდოდა – ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა ყველაფერ იმის მტკიცებით ფორმაში გადატანა, რასაც ხალხი ამბობდა. მათ შორის ` . . . “. რაც შეეხება პროკურატურას, ვთქვი, რომ პროკურორს დავუკავშირდებოდი და ვეტყოდი – მოქალაქე დოდო დიასამიძის, თითქოსდა, ცემის ფაქტზე, კიდევ რამდენხანს უნდა ეფურთხებია სახეში და რამდენხანს უნდა “ეჯიჯგნა” ჩემი თავი 25-ე არხს, რადგან, სტუდია “დიალოგი” და საინფორმაციო გადაცემა, თერთმეტი თვის განმავლობაში, როგორც წესი, სისტემატურად იყო ამ თემის არაობიექტური გაშუქებით დაკავებული. რაც შეეხება ბრძოლის დაწყებას, იგი გახლავთ ჩემი მოსაზრება, ჟურნალისტის მიერ, ფილმში გახმოვანებულ არგუმენტებზე კონტრარგუმენტებით დაპირისპირების აუცილებლობაზე, (რაც საუბარში აღნიშნულია კიდეც).

 

ვიხსენებ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის (ბიოლის ფონდის) მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე (სადაც გახლდით მომხსენებელი) ჩემს ხმამაღალ განცხადებას ჯაბა ანანიძისადმი, იმის შესახებ, რომ (პროდიუსერ ირმა ზოიძესთან ერთად) იგი სტუდიიდან ეწეოდა ჩემზე ფსიქოლოგიურ ძალადობას და ვურჩევდი, პროკურატურაში გამოძიების დასრულებამდე, თავი შეეკავებინათ ამ ძალადობისაგან.  

 

ფილმი, რომელზეც ახლა უნდა ვიმსჯელო, ავტორის თქმით, ჟურნალისტური გამოძიების პროდუქტია, ამდენად, მასში, მსჯელობის აგების ეტაპებია: 1. ფაქტი – (ანუ რა?, ანუ, მთავარი მოვლენა, ან აზრი, რომლის ან ურყოფა, ან დადსტურება უნდა მოხდეს). 2. მოტივი – (ანუ რა არის მოვლენის მიზეზი?). 3. არგუმენტი – (ანუ საიდანაც ჩანს ეს, დამადასტურებელი მაგალითით). 4. შეჯამება (რისი თქმის საშუალებას იძლევა არგუმენტი) 5. დასკვნა (რა შეიძლება დავასკვნათ?) ფილმის სათაურია “მაღალი კომფორტით”, ანუ, ის, რაზედაც ავტორმა უნდა იმსჯელოს, “უზრუნვეყოფილი და გარანტირებულია”.

პირველი კადრები გახლავთ ბათუმის სასაფლაო, სადაც ჟურნალისტი ანანიძე საფლავებზე დააბიჯებს, ამინდი კარგია, თუმც მას, ქოლგიანი მამაკაცი, მოწიწებით, დააცილებს. ეს გახლავთ ფაქტი. მოტივი მდგომარეობს იმაში, რომ “გვიყვარს” საფლავებზე ყოფნა, არგუმენტი – ხსოვნის დღეს, იმ გმირის საფლავის მონახულება, რომლის სახელიც ჰქვია ქუჩას, სადაც უმაღლესი საბჭოა განთავსებული. DDდასკვნითი ეტაპი, ამ მსჯელობას, არ გააჩნია, იგი ზღვარგადასული ცინიზმის, სიძულვილის გამოხატულებაა, ქართული ხასიათის გაქილიკებაა, საფლავებისადმი უპატივცემულობაა, ტრადიციების და ქრისტიანობის მორალის აბუჩად აგდებაა.

 

ფილმში დიდი დრო აქვს დათმობილი უმაღლესი საბჭოს წევრების ინტერვიუებს, საბჭოსა და შესაბამისი კომისიების საქმიანობის თაობაზე, რაც, (როგორც თავად ამბობენ), თითოეულ მათგანთან, გრძელდებოდა ორმოც წუთზე მეტ ხანს. ჩანაწერი “დაჭრილი” და “დალაგებულია” ჟურნალისტისათვის სასურველი ტექსტით.

 

გამომდინარე აქედან, ჟურნალისტმა ანანიძემ, ინტერვიუების სახით მიღებული მასალის ტექსტი შეკვეცა და დაალაგა იმ თანმიმდევრობით და იმდაგვარად, ანუ ისე ააწყო, რომ მიიღო მისთვის სასურველი საჩოთირო, არაფრისმთქმელი, საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილი პასუხები,
რითაც, ჟურნალისტური ეთიკის ათი მცნებიდან, დაარღვია მეოთხე –  შეკვეცა და გამოტოვა მოსაზრებები, რომელთაც ის შინაგანად არ Eეთანხმებოდა და მისთვის არ იყო ხელსაყრელი. 

 

ფილმში წარმოდგენილია, უმაღლესი საბჭოს წევრთან – ფრაქციის თავმჯდომარე – ირაკლი ჯაშთან ჟურნალისტის გასაუბრების ეპიზოდი, მას არ აქვს ინტერვიუს სახე და აშკარაა, რომ ფარულად იწერება, ასეთის შესახებ თავად ირაკლი ჯაშმა არ იცის. ეს საუბარი პრივატულია და მოკლებულია ოფიციალურობას, ამდენად, აღნიშნული ეპიზოდი, მის მიმართ, ქმნის გარკვეულ უხერხულობებს. ირაკლი ჯაში იხსენებს, რომ იმ დროისათვის, ჟურნალისტს არ ეჭირა მიკროფონი და სავარაუდოდ ფარულად ახორციელებდა ჩაწერას (კამერაც სადღაც შორსაა).

გამომდინარე აღნიშნულიდან, ჯაბა ანანიძეს, დარღვეული აქვს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეოთხე მუხლის მოთხოვნა ინფორმაციის მოპოვებისას კეთისინდისიერი მეთოდების გამოყენებაზე.

 

ჟურნალისტი ფილმში აღნიშნავს ფაქტს, იმის თაობაზე, რომ 2014 წლის 12 მაისს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე არ დასწრებია თბილისში გამართულ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომას. ამ ფაქტისადმი “ინტერესს” არც თავი აქვს და არც ბოლო, “მაღალი კომფორტის” პირობებში კი გარკვეულ უპასუხისმგებლობასთან ასოცირდება და მიმართულია, სწორედ, ასეთი აზრის ფორმირებისაკენ. ამასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ, საკონსტიტუციო კომისიის მდივნის წერილს იმის დასტურად, რომ 12 მაისს, ასეთი სხდომა არ გამართულა, ამ ფაქტის ამგვარი წარმოჩენით კი, ჟურნალისტმა დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეთერთმეტე მუხლი – ფაქტის განზრახ დამახინჯების დაუშვებლობაზე.

 

ფილმში, ცინიკურადაა შეფასებული Mმთავრობის წევრების, უმაღლეს საბჭოში პლენარულ, ბიუროსა და კომისიის სხდომებზე დასწრების საკითხი. “მთავრობის წევრები კითხვებზე პასუხის გასაცემადაც კი არ დადიან უმაღლეს საბჭოში “ – ნათქვამია ფილმში, ეს მაშინ, როცა (თანდართული მასალებით) 2012 წლის 30 ნოემბრიდან დღემდე, უმაღლესი საბჭოს 11, განათლების კომისიის 6, საფინანსო კომისიის 21, ჯანდაცვის კომისიის 8, აგრარული კომისიის 4 და რამდენიმე ერთობლივი კომისიისა და ბიუროს სხდომებს ესწრებოდნენ მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები. ამ შემთხვევაშიც ჟურნალისტს დარღვეული აქვს ქარტიის მეთერთმეტე მუხლი ფაქტის განზრახ დამახინჯების დაუშვებლობაზე.

 

ჟურნალისტს, ფილმის მიხედვით, გამოტანილი აქვს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებები, რომლებიც, უმეტესწილად, მიკერძოებული და დაუსაბუთებელია. მაგალითად, რეალობასაა აცდენილი თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელის ასლან ჭანიძის მოსაზრება, რომ უმაღლესი საბჭო “მკვდარია”, ეს მაშინ, როცა, სტატისტიკური მონაცემებით, უმაღლეს საბჭოს 2012 წლის 28 ოქტომბრიდან დღემდე 83 ბიუროს და 28 პლენარული სხდომა აქვს ჩატარებული, განხილული აქვს 114 და მიღებული აქვს 107 სამართლებრივი აქტი. მათ შორის დადგენილება 70, რეგლამენტი 14, კანონი 23.

 

უნდა შევეხო ამავე არხის პროდიუსერს ირმა ზოიძესაც, რადგან საქმის განხილვაში ჩართვის სურვილს გამოთქვამენ, ჩემდამი მის სუბუექტურ დაინტერესებაზე ინფორმაციის მატარებელი შემდეგი პირები საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობით აღჭურვილი) საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნუგზარ კეკელიძე და ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აპარატის სპეციალისტი ამირან ცეცხლაძე, რომლებიც დაადასტურებენ, ჯერ კიდევ, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე წინასაარჩევნოდ), ირმა ზოიძის ჩემდამი გამოხატულ აშკარა დაინტერესებას,
ხმამაღლა გაცხადებულ მოტივს რომელიც პირადია) და განზრახულობას, “რომ მისგან ოთხი წელი არ მექნებოდა მოსვენება” ამდენად, აუცილებელია, რომ დადასტურდეს მისი ჩემდამი ამ “კერძო ინტერესის” საფუძველი და საგანი და პასუხი გაეცეს კითხვას – აქვს თუ არა უფლება ჟურნალისტს პირადი მოტივით გამოიყენოს მედია სივრცე პოლიტიკური თანამდებობის პირის დისკრედიტაციისათვის. ანუ, დაარღვიოს პრინციპი – საკუთარი მიზნებისათვის პირადი მდგომარეობის გამოყენების დაუშვებლობაზე.

 

ღია წერილის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე:  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის მედეა ვასაძის ღია წერილი ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია “ტელეარხ 25″–ის მიერ  ჟურნალისტ ჯაბა ანანიძისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძის გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბარს 9 ივნისს გამოეხმაურა.  ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპუტატის ქმედება ჟურნალისტზე ზეწოლაა. 

 

 

გადაბეჭდვის წესი