სიახლეები

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ყველაზე ხშირად მივლინებით საფრანგეთში დადიან

10.06.2014 • 1390
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ყველაზე ხშირად მივლინებით საფრანგეთში დადიან

 

ჯამში ყველაზე მეტი თანხა – 58 744 ლარი, 2013-2014 წლებში აჭარის უმაღლესმა საბჭომ დეპუტატების საფრანგეთში არაერთგზის მისავლინებლად დახარჯა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე 2013 წელს ქვეყნის ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ 14-ჯერ იმყოფებოდა მივლინებაში, ჯამში ამ მიზნით საბჭოს ბიუჯეტიდან  15 021  ლარი დაიხარჯა. ავთანდილ ბერიძე ორჯერ იმყოფებოდა საფრანგეთში, ასევე თითო კვირით ავსტრიასა და გერმანიაში.

საბჭოს წევრი მედეა ვასაძე 2013 წელს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ 11-ჯერ იყო მივლინებული, რაც საბოლოო ჯამში 12 323 ლარი დაუჯდა საბჭოს ბიუჯეტს. საბჭოს დეპუტატი, საბჭოს თავმჯდომარის მსგავსად, საფრანგეთში ორჯერ იმყოფებოდა მივლინებით და ერთი კვირით გერმანიაში.

საბჭოს კიდევ ერთი წევრის ჯემალ ფუტკარაძის თბილისში ერთხელ და საზღვარგარეთ 3-ჯერ მივლინების მიზნით 9127 ლარი დაიხარჯა. დეპუტატი 2013 წელს თურქეთში ორჯერ იმყოფებოდა მივლინებით, პირველ ჯერზე ერთკვირიანი მივლინების უზრუნველსაყოფად მისთვის 1294 ლარი გამოიყო, მეორედ კი ორდღიანი მივლინებისთვის 1217 ლარი, ასევე საფრანგეთში მისი ერთკვირიანი მივლინება ბიუჯეტს 6585 ლარი დაუჯდა.

დეპუტატი დავით ბაციკაძე 2013 წელს სულ 5-ჯერ იყო მივლინებული, ორჯერ საქართველოს ტერიტორიაზე, თითო-თითოჯერ კი უკრაინაში, ჩეხეთსა და საფრანგეთში. ჯამში მისთვის გამოყოფილი სამივლინებო თანხების რაოდენობამ 8046 ლარი შეადგინა.

სულ ორჯერ იყო მივლინებული საბჭოს კიდევ ერთი წევრი პეტრე ზამბახიძე. საბჭოს ბიუჯეტს მისი თითო-თითო კვირიანი მივლინება საფრანგეთში 4337 ლარი დაუჯდა.

 

2014 წლის 1 იანვრიდან 1 მაისამდე საბჭოს წევრებისა და თანამშრომლების 67 მივლინებაზე 32 614 ლარი გამოიყო. აქედან ავთანდილ ბერიძის 7 მივლინებაზე 2124 ლარი გამოიყო. მიუხედავად იმის, რომ მედეა ვასაძე ამ ხნის განმავლობაში სულ 5-ჯერ იყო მივლინებაში, ამ მიზნით მისთვის გაცილებით მეტი თანხა – 5878 ლარი გამოიყო: საფრანგეთში მისი 10 დღიანი მივლინება საბჭოს ბიუჯეტს 3853 ლარი დაუჯდა. 23-30 მარტს, საფრანგეთში მასთან ერთად, საბჭოს კიდევ ორი წევრი: სვეტლანა კუდბა და პეტრე ზამბახიძე იმყოფებოდნენ, ჯამში სამივე მათგანისთვის 10 838 ლარი გამოიყო.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ასევე გამოიკვლია, თუ რა დაუჯდა აჭარის უმაღლეს საბჭოს სხვადასხვა დელეგაციის სტუმრებისთვის საჩუქრების შეძენა 2013 წლიდან 2014 წლის აპრილის ჩათვლით.მიღებული საჯარო ინფორმაციით ირკვევა, რომ საბჭომ ამ მიმართულებით თითიქმის 12 ათასი ლარი დახარჯა.

მოწოდებული დოკუმენტებით ვერ დგინდება, თუ ვისთვის არის განკუთვნილი ეს საჩუქრები და რატომ გაფორმდა ამა თუ იმ საქონლის მოწოდებაზე ხელშეკრულება ამ და არა სხვა კომპანიებთან თუ ფიზიკურ პირებთან.

 

ორგანიზაციისთვის მოწოდებული წერილებით ასევე დადგინდა, რომ 2013 წლის 19 მარტიდან 2014 წლის 30 აპრილის ჩათვლით, აჭარის უმაღლესმა საბჭომ სარესტორნო მომსახურებით 18-ჯერ ისარგებლა, რაც ჯამში ბიუჯეტს 11 ათას ლარამდე დაუჯდა. აქედან ყველაზე დიდი თანხა – 3 172 ლარი საბჭომ შპს „კოლხურ სახლს” გადაუხადა 2013 წლის 24 ივნისს. საბჭოსა და „კოლხურ სახლს” შორის ხელმოწერილი აქტით დგინდება, რომ 2013 წლის 20 ივნისს საბჭომ „აჭარულ სახლში” საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პატივსაცემად 60 პირზე სადილი გამართა,. სტუმრებს შორის იყვნენ საპატრიარქოს დელეგაციის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები.

გადაბეჭდვის წესი