Batumelebi | გიორგი დიასამიძე – ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი დიასამიძე – ბათუმის მერობის კანდიდატი – Batumelebi
RU | GE  

გიორგი დიასამიძე – ბათუმის მერობის კანდიდატი

 

გიორგი დიასამიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატია ბათუმის მერის პოსტზე. პროფესიით ექიმი მერობის კანდიდატი, რომელსაც ქალაქის საკრებულოში მუშაობის შვიდწლიანი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში, პრიორიტეტი ბათუმელების დასაქმება, ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სოციალური პროგრამები და მცირე ბიზნესისა და ტურიზმის ხელშეწყობა იქნება. 


ბატონო გიორგითქვენი მერად არჩევის შემთხვევაში რას გააკეთებთ? რა პრობლემებს ხედავთ ქალაქში და როგორ აპირებთ ამ პრობლემების მოგვარებას?

დასაჩქარებელია ქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტები.  ყველა უბანი უნდა გახდეს თანაბრად საინტერესო და კეთილმოწყობილი. ჩვენ ხშირად გვაბრალებენ, ძველ ბათუმზე ზრუნავდით მხოლოდო. ჩვენ აბსოლუტურად ამორტიზებული ქალაქი ჩავიბარეთ და ალბათ დამეთანხმებით, რომ საიდანღაც საქმის კეთება უნდა დაგვეწყო. სწორედ ძველ ბათუმში განხორციელებულმა სამუშაოებმა მოგვცა შესაძლებლობა, ქალაქი მიმზიდველი გამხდარიყო ვიზიტორებისათვის, გაჩენილიყო დამატებითი შემოსავლები. ჩვენ დავგეგმეთ და დავიწყეთ საუკუნის პროექტი, რომელიც ქალაქის წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას უკავშირდებოდა და ეტაპობრივად, ამ პროექტის პარალელურად ვაუმჯობესებდით ქალაქის ინფრასტრუქტურას. მიმდინარე წელს რეაბილიტაციის პროცესს უკვე ჭაობის დასახლებაში უნდა გადაენაცვლა.

 

ინფრასტრუქტურულ პროექტებს გავაგრძელებ აუცილებლად. იმას, რაც უკვე  დაწყებული იყო – „ბათუმი ბარაკების გარეშე“. ბათუმში, 21-ე საუკუნეში ადამიანები ცხოვრობენ პირდაპირი მნიშვნელობით მიწაზე. ცხოვრობენ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე. ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ. ბენზეში არის ბარაკები, იქვე აშენებულია ორი კორპუსი, სადაც ჯერ არავინ შეუსახლებიათ. ეს ხალხი სასწრაფოდ უნდა შევიყვანოთ იქ, ხოლო გამოთავისუფლებული ბარაკები გავასწოროთ მიწასთან და გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე დავიწყოთ ახალი სოციალური სახლების მშენებლობა.

 

ასევე უმნიშვნელოვანესია დასაქმების პრობლემა, სოციალური და ჯანდაცვის სფეროები, რაზეც ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ხშირად ვსაუბრობთ. გავაგრძელებთ საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციას. ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩვენს ქალაქში ისეთი პროექტები გავაგრძელოთ, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

 

ჩვენ გავაგრძელებთ ასევე საბინაო ამხანაგობების განვითარების პროგრამას, რომელიც წლებია წარმატებით მიმდინარეობს. ამ პროგრამას ახალი მიმართულებები დაემატება, რაც უკავშირდება ახალი ლიფტების მონტაჟს და კორპუსების  შეფუთვას ენერგოდამზოგი მასალებით. ვფიქრობთ, რომ ამხანაგობები მერიის პარტნიორები უნდა გახდნენ. ვგეგმავთ ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის 200-ლარიანი ხელფასის დანიშვნას.

 

რა თქმა უნდა, შევქმნით ქალაქში ახალ რეკრეაციულ ზონებს. მათ შორის ჭაობის დასახლებაშიც.

 

ჩვენ ასევე გავზრდით ბათუმის ბიუჯეტიდან შპს „ბათუმის წყლის“ სუბსიდირებას და იმ ბათუმელებს, რომლებსაც წლების განმავლობაში უჭირდათ წყლისა და კანალიზაციის ტარიფების დაფარვა, არსებულ დავალიანებებს ჩამოვაჭრით.

 

გაქვთ თქვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით? როგორ შეიძლება შეიქმნას ბათუმში სამუშაო ადგილები?

ჩვენ მაქსიმალურ აქცენტს გავაკეთებთ სახელმწიფო ინვესტიციებსა და საბიუჯეტო სახსრებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პრო¬ექტებზე. გავაგრძელებთ გაჩერებული მასშტაბური პროექტების მშენებლობებს. უზრუნველვყოფთ ქალაქის იერ-სახის ცვლილებას და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას, რაც თავისთავად გამოიწვევს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.

 

დავაფინანსებთ იაფი სესხების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის გაიცემა საშუალოდ 50000 ლარის ოდენობის შეღავათიანი, მაქსიმუმ 3-პროცენტიანი სესხები, რამდენიმე წლით. დასაწყისისთვის, ვფიქრობთ, რომ ერთი მილიონი ლარი გვეყოფა ამ ფონდში.

 

ჩვენ დავიწყეთ და უფრო ფართო მასშტაბებით გავაგრძელებთ პროფესიული გადამზადების პროგრამების დაფინანსებას სხვადასხვა სოციალური სფეროს წარმომადგენლებისთვის.

 

როგორც ქალაქის პოტენციური მერი, როგორ ხედავთ ბათუმის ტურისტულ შესაძლებლობებს?

ხელს შევუწყობთ საკრუიზო ტურიზმის განვითარებას. ამისთვის ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო უკვე გავწიეთ. მსხვილ საკრუინგო კომპანიებთან დაწყებული იყო მოლაპარაკებები იმის შესახებ, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემთხვევაში, ბათუმის პორტი შეძლებდა მათი საკრუიზო, დიდი ზომის გემების მიღებას.

 

წარმოიდგინეთ, თვეში 5 ან 6 დიდი საკრუიზო გემი პორტში და ნაპირზე გადმოსული 2500-3000 ტურისტი – აი, ამ მიმართულებით მუშაობას აუცილებლად გავაგრძელებთ. მათ შორის: მსოფლიოში ცნობილ საკრუინგო კომპანია „როიალ კარიბიანთან“ ერთად, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობა უკვე გვქონდა დაწყებული.

 

ამავე დროს ბათუმი ისევ ღია იქნება ნებისმიერი უცხოური ინვესტიციისთვის, ყოველგვარი კომპლექსებისა და ყალბი პატრიოტიზმის გარეშე.

 

ჩვენ ასევე ვგეგმავთ ბათუმში სამედიცინო ტურიზმის განვითარებასაც.

 

ვიზრუნებთ ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციაზე, როგორც შიდა, ასევე გარე ბაზრებზე. ამისთვის სხვადასხვა საშუალებებს გამოვიყენებთ, მათ შორის აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ტურისტულ გამოფენასა თუ კონფერენციაში.

 

რას სთავაზობთ საპენსიო ასაკის ბათუმელებს

როცა ჩვენ  ხელისუფლებაში ვიყავით, შეძლებისდაგვარად პენსიის მატების ტენდენცია იყო. ჩვენ გვქონდა მოქმედი პროგრამა, რომლის მიხედვითაც  9 თვის განმავლობაში ბათუმის ტერიტორიაზე საპენსიო დანამატს ჩვენ გავაკეთებდით. ამის განხორციელება ვერ მოვასწარით, მაგრამ ამის გამოცდილება გვაქვს, ანუ

 

ჩვენ დაახლოებით სექტემბრის თვიდან შეგვიძლია 20-ლარიანი დანამატის გაცემა დავიწყოთ და  ბათუმში ყველა პენსიონერი სექტემბრიდან მიიღებს 20 ლარით გაზრდილ პენსიას. მათ მიმართ ასევე გავრცელდება მთელი რიგი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები.

 

ეს რამდენად რეალურია?

აბსოლუტურად რეალურია და დათვლილი. ეს ის თანხაა, რაც დღეს ბათუმის ბიუჯეტში შეიძლება მოიძებნოს. ასევე, ყველა სოციალურად დაუცველს, რომელსაც აქვს 100000 და ნაკლები ქულა, ჩვენ მივცემთ ასლარიან ვაუჩერს კომუნალური გადასახადების დასაფარავად ზამთარში. ყველგან, სადაც შეხვედრაზე მივდივარ, სოციალურად დაუცველები ამბობენ, რომ მათი მთავარი პრობლემა არის კომუნალური გადასახადი, რაც შემოდგომასა და ზამთარში ძალიან  იზრდება.

 

სხვადასხვა ჯგუფის სოციალიზაციის პრობლემებს თუ ხედავთ? იგივე ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობების პირების

ყველაზე ხშირად ახალგაზრდები ითხოვენ სპორტულ მოედნებს, იმიტომ, რომ გასართობი ადგილები ცოტაა ქალაქში, განსაკუთრებით გარეუბნებში. მაქსიმალურად ყველგან,  სადაც კი შეიძლება განაშენიანება, უნდა მოეწყოს ასეთი ადგილები. ეს რომ სადღეგრძელოსავით არ ჟღერდეს, გეტყვით, რომ დათვლილია ეს ყველაფერი და შესაძლებელია. 

მე 7  წელი  ვმუშაობდი საკრებულოში, ჯანდაცვისა და სოციალურ კომისიაში და ძალიან ბევრ პრობლემას ვიცნობ, მიუხედავად ამისა, ბევრი თემაა, რომელსაც უშუალოდ ამომრჩეველთან ურთიერთობისას უკეთ ეცნობი. დღეს, მაგალითად,  უსინათლოთა საზოგადოებასთან გვქონდა შეხვედრა და იქ გამოიკვეთა, რომ გვჭირდება აუდიოწიგნები. ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების პირების პრობლემები, რომელთაც სჭირდებათ ადაპტირებული გარემო, სპეციფიკური დასაქმების პროგრამა. ვიცით, რომ ეს გასაკეთებელია, პრობლემას სიღრმისეულად ეცნობი ასეთი შეხვედრების დროს, შეუფასებელი გამოცდილებაა, როცა ამომრჩეველს, მოქალაქეებს  ხვდები, მათი პრობლემები გესმის. 

 

ეს არის ძალიან სერიოზული არჩევნები, იმიტომ, რომ თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერს ექნება გაცილებით მეტი უფლებები. ეს იქნება ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მერი, იმიტომ, რომ ის იქნება საყოველთაო არჩევნებით არჩეული. პასუხისმგებლობაც მეტი იქნება და ვალდებულიც იქნება, ყველა ეზოში იაროს და პასუხი გასცეს მოქალაქეებს შეკითხვებზე.

 

თქვენი მერად არჩევის შემთხვევაში, როგორი იქნება თქვენი პოლიტიკა ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის მიმართ?

იმ ადამიანების პირობები, რომლებიც ძველ ბათუმში ცხოვრობენ, რთული თემაა, რადგან პატარა იტალიური ეზოები, ერთი მხრივ, ჩვენი სუბკულტურის ნაწილია, მაგრამ მეორე მხრივ, პირობები, რომლებშიც ადამიანები ცხოვრობენ, არის საშინელი. ორი ვარიანტია, რაც აღდგენას არ ექვემდებარება, აქ მერიამ შეიძლება ის პროექტები განახორციელოს, რასაც ადრე ახორციელებდა, იგივე მანსარდების დაშენება. პირადად მე, ძველი ბათუმის არეალს მორიდებით, მაგრამ ცოტათი გავადიდებდი, აი, მაგალითად, ბარათაშვილის, გორგილაძის ქუჩის ნაწილამდე. რისი შენარჩუნებაც შეიშლება, ის მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ და ირგვლივ სივრცის განაშენიანებაც ისე უნდა ხდებოდეს, რომ ხუთი სხვადასხვა არქიტექტურული ნიმუში არ იდგეს ერთმანეთის გვერდით.

 

მთავარია, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, უნდა იყოს ადეკვატური, გამჭვირვალე და მოსახლეობისთვის გასაგები. შვიდი წლის განმავლობაში საკრებულოში მუშაობისას დავრწმუნდი, რომ მოუგვარებელი პრობლემები არ არსებობს.

 

გამარჯვების შემთხვევაში ვინ იქნება ბათუმის მერი? თქვენ შესახებ რომ უამბოთ მკითხველს

ცოტა ხნის წინ თქვენმა კოლეგამ მკითხა, როგორი მერი იქნება გიორგი დიასამიძეო და ვუპასუხე – ძალიან მონდომებული-მეთქი. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ჩემი ცოლი ხუმრობს, ან მორიგე ხარ, ან მორიგეობის მერე ისვენებ, ან მორიგეობისთვის ემზადებიო. ძალიან მორიდებული მეზობელი ვარ, მაშინაც კი, როცა სტუმრიანობა მაქვს, ვცდილობ არ შევაწუხო ისინი და არ ვიხმაურო. მეგობრებს რაც შეეხება, ძალიან გამიმართლა ამ მხრივ, სხვადასხვა სპეციალობის, ძალიან საინტერესო ადამიანები არიან, თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილებით და კარგი იუმორით.

 

როგორ ერთობით თავისუფალ დროს?

ხმაურიანი სუფრებისა და თავყრილობების ხარკი უკვე გადახდილი მაქვს, თუმცა ამისთვის დიდი დრო არც არასდროს დამითმია. 23 წლისამ დავამთავრე სწავლა, მაშინვე დავიწყე ქირურგად მუშაობა და ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩემი პროფესია და გადამეტებული დროსტარება ერთმანეთს ვერ იტანენ. ვერთობი ძირითადად სახლში, ძალიან მიყვარს კითხვა, მიყვარს კინო და საშუალო დონის კინოკრიტიკოსს ნამდვილად გავეჯიბრები. ჯაზი მიყვარს, ძველიდან თანამედროვე ვერსიებამდე. ვცდილობ, დიდი დრო დავუთმო ჩემს შვილს. სამწუხაროდ, მოუცლელობის გამო იშვიათად დავდივარ ჩემს სოფელში – გულებში, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტშია, ძალიან მიყვარს იქაურობა, ნახევარი ბავშვობა იქ გავატარე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
(რეკლამა)