სიახლეები

„ასოცირების ხელშეკრულებას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს“

01.06.2014 •
„ასოცირების ხელშეკრულებას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს“



ბატონო მალხაზ, საქართველოს მთავრობაში  დავობენ იმაზე,  თუ ვინ მოაწერს ხელს ასოცირების  ხელშეკრულებას. პრემიერი აცხადებს, რომ ხელი მან უნდა მოაწეროს, პრეზიდენტი კი ამბობს, რომ ამ ტიპის ხელშეკრულებებს ხელს ქვეყნის მეთაური აწერს.  საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი? 

 კონსტიტუციაში, რა თქმა უნდა, გაწერილია თუ რა ტიპის ხელშეკრულებაზე აწერს ხელს პრეზიდენტი. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებში და საერთაშორისო ხელშეკრულებებს თუ შეთანხმებებს, ხელს აწერს მთავრობასთან შეთანხმებით.

 

 

 საქართველოს მთავრობა შეთანხმებულია, რომ ასოცირების ხელშეკრულებას აუცილებლად მოეწერება ხელი, აქ დავა უბრალოდ ინსტიტუციებზე მიდის. რატომ გაჩნდა ეს კითხვები?

ჩემი, როგორც კონსტიტუციონალისტის აზრით, ხელი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. რადგან, კიდევ ვიმეორებ _ საქართველოს საგარეო ურთიერთობებში ის წარმოადგენს. მთავრობამ კი თანხმობა უნდა მისცეს. აქ უფრო პოლიტიკური მომენტია, მთავრობას ურჩევნია, ალბათ, რომ ხელი პრემიერმა მოაწეროს.

 

 

მთავრობას რა ურჩევნია ეს არის მნიშვნელოვანი, თუ ის, რა წერია კონსტიტუციაში?

 სამართლებრივი მხარე, რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ, მთავრობის პოზიცია ჩემთვის მიუღებელია. ვერ დავეთანხმები მთავრობას იმაში, რაც განაცხადა, რომ, რადგან ყველა პროცესი მოამზადა მთავრობამ, ის არის პასუხისმგებელიო. მთავრობა ნებისმიერ შემთხვევაშია პასუხისმგებელი, მაშინაც, როცა დოკუმენტს ხელს პრეზიდენტი აწერს.

 

 

 თუ მაინც პრემიერ-მინისტრი მოაწერს ხელს, ეს ხომ არ შექმნის გარკვეულ უხერხულობას საერთაშორისო დონეზე?

 უხერხულობა შექმნილია უკვე, რადგან მთელს ევროპაში გაიგეს, როგორ ვდავობთ ამ საკითხზე. უცხოურმა მედიამაც დაწერა. რაც არ უნდა უუფლებო იყოს პრეზიდენტი, ასეთ საკითხებში მაინც ის წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო დონეზე. თუმცა არის შემთხვევები, როცა ჩვენი მოდელის ქვეყნებშიც, ზოგან პრეზიდენტს აქვს ხელი მოწერილი ასოცირების ხელშეკრულებაზე, ზოგ შემთხვევაში კი – პრემიერს.

მალხაზ ნაკაშიძე
მალხაზ ნაკაშიძე

გადაბეჭდვის წესი