სიახლეები

უშვილობა კაცებში და მისი გამომწვევი მიზეზები

01.06.2014 • 10669
უშვილობა კაცებში და მისი გამომწვევი მიზეზები
  • ბატონო დავით, რამდენად ხშირია მამაკაცთა უნაყოფობა?

წყვილის უშვილობის დროს საჭიროა ერთდროულად ორივეს – ქალისა და მამაკაცის – გამოკვლევა, საიდანაც სტატისტიკური მონაცემებით უშვილობის მიზეზად 40-% მამაკაცის უნაყოფობა სახელდება, 45-% კი – ქალის.

  •  რა არის მამაკაცთა უნაყოფობის მიზეზები?

მამაკაცთა უნაყოფობის ძირითადი მიზეზებია ჰორმონალური და ენდოკრინული დარღვევები, ვარიკოცელე და ყველაზე ხშირად სხვადასხვა ვენერიული ინფექციები.

ინფექციების გამო, შესაძლოა, განვითარდეს პროსტატიტი (წინამდებარე ჯირკვლის ანთება). ამ დროს ჯირკვალი ვეღარ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის სათესლე სითხეს, რაც სპერმატოზოიდის მოძრაობისთვის არის აუცილებელი (მამაკაცის შვილოსნობა, კი სწორედ სიცოცხლისუნარიანი და მოძრავი სასქესო უჯრედების – სპერმატოზოიდების გამომუშავების უნარით განისაზღვრება). ამ დროს სპერმაში მომატებულია ლორწო და ჩირქი, რაც სპერმატოზოიდის მოძრაობას უშლის ხელს.

ვარიკოცელე სათესლე ჯირკვლის ვარიკოზული ვენის გაგანიერებაა, რომლის გამოც სათესლე ჯირკვლის კვება ფერხდება, თუ მამაკაცს დიდ ხანს ფეხზე დგომისას, სიმძიმის აწევისას ან/და სხვა ფიზიკური დატვირთვისას, მარცხენა ან მარჯვენა სათესლე ჯირკვალში ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება აწუხებს, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ტკივილით გამოხატული ვარიკოცელეს დროს და მაშინ, როცა სპერმა გაფუჭებულია, მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულ ჩარევას ექვემდებარება.

იმუნოლოგიური დარღვევებისას ანუ იმუნიტეტის შესუსტებისას, ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც სათესლე ჯირკვლებში სპერმატოგენეზის (სპერმის გამრავლების, ზრდის, მომწიფებისა და ფორმირების პროცესის) დაქვეითებას იწვევენ.

ჰორმონალურ დარღვევებში იგულისხმება, მაგალითად, სისხლში პროლაქტინის ან კაცური ჰორმონის – ტესტესტერონის მომატება ან კლება.

  • ზემოქმედებს თუ არა მამაკაცის რეპროდუქციულ უნარზე ბავშვობაში გადატანილი  ვირუსები და დაავადებები?

დიახ, ბავშვობაში გართულებული ფორმით გადატანილმა ყბაყურამ შეიძლება მომავალში უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს მამაკაცის შვილოსნობაზე. ამ დროს სათესლე ჯირკვლებში შესაძლოა განვითარდეს ანთება, რომელიც უსიმპტომოდაც მიმდინარეობს, ანუ შეიძლება ჯირკვალი არც გასივდეს, ანთებამ კი მილაკები გადაკეტოს და შედეგად უნაყოფობა გამოიწვიოს.

გარდა ამისა, მომავალში უნაყოფობის მიზეზი შეიძლება გახდეს ბავშვის სათესლე პარკში ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი, რასაც კრიპტორქიზმი ჰქვია და რომელსაც უმეტესად ქირურგიული ჩარევით მკურნალობენ.

  • რას უნდა მიაქციოს ყურადღება მამაკაცმა პროფილაქტიკის მიზნით?

მამაკაცის რეპროდუქციულ უნარზე, უარყოფითად აისახება ველოსიპედით მოძრაობა მაშინ, როცა სინთეტიკა, ე.წ. „პლავკები“ აცვიათ. ამ დროს ტემპერატურა ზომაზე მეტად იმატებს და სათესლე ჯირკვლები ვერ სუნთქავს ისე, როგორც საჭიროა, ეს კი ძალიან ცუდია სპერმატოგენეზისთვის.

მძღოლებს, ან სხვა ისეთი პროფესიის მქონე მამაკაცებს, რომელთა სამსახურიც ხშირად ჯდომას მოითხოვს, ვურჩევ, რომ მეტი ისეირნონ, გავლა აუცილებელია იმიტომ, რომ სათესლე ჯირკვლების სისტემატური ჩახურება სპერმატოგენეზის დათრგუნვას იწვევს.

მართალია, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება პირდაპირ ზემოქმედებას არ ახდენს სპერმატოგენესზე, მაგრამ თუ მამაკაცს მიდრეკილება აქვს რაიმე დარღვევებისკენ, ალკოჰოლი და თამბაქო ამძიმებს ამ დაავადების მიმდინარეობას. ასევე არ არის სასურველი მჟავე და ცხარე საკვების ჭარბი რაოდენობით მიღება.

  • როგორ მკურნალობენ მამაკაცთა უნაყოფობას?

სხვადასხვაგვარად. მაგალითად, პროსტატიტს ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობენ, ჰორმონალური და ენდოკრინული დარღვევებიც მედიკამენტოზურ მკურნალობას ექვემდებარება და ეს პერიოდი საშუალოდ ერთ წელიწადს მოიცავს. ყველაზე რთული შემთხვევა – გენეტიკური მიზეზით განპირობებული უნაყოფობაა, რომლის განკურნებაც პრაქტიკულად შეუძლებელია, ასეთ დროს ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავენ.

გადაბეჭდვის წესი