სიახლეები

„ოცნებაზე“ გაბრაზებულები დამოუკიდებელ კანდიდატებად დარეგისტრირდნენ

31.05.2014 • 2030
„ოცნებაზე“  გაბრაზებულები დამოუკიდებელ კანდიდატებად დარეგისტრირდნენ

 

ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად თერთმეტი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს.  გელა სურმანიძე მათ შორის ერთ-ერთია. პროფესიით პედაგოგია და 2005 წლამდე ბათუმის მე-18 სკოლის დირექტორად მუშაობდა. შემდეგ კი ბათუმის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

 

 

„მთლად ხელ-ფეხი შეკრული მქონდა და წნეხის ქვეშ ვიყავი-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ მაშინ წამოვედი მაქედან, უნამუსო რაღაცები რომ მოხდა საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით.“ როგორც თვითონ ამბობს, მერიიდან წასვლის შემდეგ ცოტა ხნით  ტურიზმის სფეროში დასაქმდა, გარკვეული პერიოდით კი თურქეთის რესპუბლიკაში წავიდა სამუშაოდ.

 

 

„ბოლო ორი წლის განმავლობაში საკრებულომ ძალიან გამაბრაზა, ნერვები მომიშალა და ვიფიქრე, ვცდი, იქნებ იოლად რაიმე გამომივიდეს-მეთქი.“  49 წლის გელა სურმანიძე საკრებულოდან  „იოლად“  ბავშვთა ბაღების პრობლემების მოგვარებას გეგმავს. ამბობს, რომ მერიაში მუშაობისას ეს მისი სფერო იყო.

 

 

„ოცნებასავით ასფალტებს ვერ დავაგებ, მაგრამ ბენზელები მიცნობენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას“. ახლა პარტიული არ არის. „ადრე აღორძინებაში ვიყავი, რა თქმა უნდა, რადგან სკოლის დირექტორად ვმუშაობდი“. გამოცდილებაზე საუბრისას  „ახალგაზრდობაში კომკავშირში გაერთიანების ამბავიც“ გაიხსენა. 

 

 

საკრებულოში სოციალური მიმართულებით მუშაობას გეგმავს პედაგოგი იზა ანდღულაძეც. ის საინიციატივო ჯგუფმა ბაგრატიონის დასახლების მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

 

 

იზა ანდღულაძე რამდენიმე წლის განმავლობაში სოციალური სუბსიდიების სააგენტოში, შემდეგ კი მერიის სოციალურ სამსახურში მუშაობდა. ამბობს, რომ ამ მხვრივ დიდი გამოცდილება აქვს და ამ მიმართულებით გეგმავს მუშაობას საკრებულოში მოხვედრის შემთხვევაშიც. „ბევრი პროგრამის შესახებ მოსახლეობამდე ინფორმაციაც კი არ არის მისული, თუნდაც ამ კუთხით ბევრი რამეა გასაკეთებელი და შესაცვლელი.“

 

 

იზა ანდღულაძე კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიის „ეროვნული ფორუმის“ წევრია. ის ამბობს, რომ ამ პარტიისთვის „ქართული ოცნების“  პროპორციულ სიაში და არც მაჟორიტარულ ოლქებში ადგილები არ გაითვალისწინეს. „განაწყენებულები დავრჩით, რადგან არ მომეცა საშუალება ერთიანი სიით მიმეღო მონაწილეობა, ამიტომ გადავწყვიტე დამოუკიდებლად მივიღო არჩევნებში მონაწილეობა და პარტიაც დავტოვე.“

იზა ანდღულაძე ამ დროისთვის ბათუმის მეორე საშუალო სკოლაში ხელოვნების ისტორიას ასწავლის.

 

 

„ეროვნული ფორუმი“ დატოვა და დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა ეთერ ჯორთმენაძეც.  „ეროვნულ ფორუმს ადგილი არ შეგვხვდა კოალიციის სიაში, ვინც იქ ჩაწერეს, არავინაა ნამდვილი „ქართული ოცნების“  წარმომადგენელი. კვოტები „რესპუბლიკელებმა“ და  „ალასანიას ხალხმა“  გადაინაწილეს.“

 

 

ეთერ ჯორთმენაძე საკრებულოში ბათუმელი უნარშეზღუდულების უფლებების დაცვას და იმ ქალების დახმარებას გეგმავს, ვინც იძულებული გახდა სამუშაოდ საზღვარგარეთ წასულიყო. ეთერ ჯორთმენაძე ამბობს, რომ საკრებულოდან მიაღწევს იმას, რომ საზღვარგარეთ წასული დედების შვილებზე სახელმწიფომ იზრუნოს.

 

 

კოალიცია „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებულთა შორისაა ორგანიზაცია „მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის“  ხელმძღვანელი ნიაზ ბოლქვაძეც. საპარლამენტო არჩევნებამდე ის „ქართულ ოცნებასთან“  დაახლოებული პირი და ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო.

 

„დიახ, ჩვენი ჯგუფი ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი იყო, მაგრამ დღეს ქართულ პოლიტიკურ მმართველობაში დიდი უსამართლობაა, ამიტომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება საინიციატივო ჯგუფის დახმარებით გადავწყვიტე“.

 

 

ნიაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ მისთვის ერთი კონკრეტული პრიორიტეტის დასახელება, რა მიმართულებითაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საკრებულოში იმუშავებს, მიუღებელია. „მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის“ ხელმძღვანელი თვითმმართველობის ორგანოში მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით გეგმავს: „ეს იქნება სოციალური, ინფრასტრუქტურა თუ სულიერება“. ნიაზ ბოლქვაძე საკრებულოდან იზრუნებს იმისთვის, რომ  „ადამიანის  ჯანმრთელ სხეულში იყოს ჯანსაღი სული.“

 

 

დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს პედაგოგი დილარა ჯაფარიძეც. ის წლების განმავლობაში ბათუმის უნივერსიტეტში მუშაობდა, ნამუშევარი აქვს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიის ინსტიტუტშიც.             „საკრებულოში თუ შევალ, ჩემი მიზანი სოციალურად გაჭირვებული და იპოთეკით დაზარალებული ადამიანების დახმარება იქნება“.

 

 

დამუკიდებელი კანდიდატის სტატუსით თვითმმართველობის არჩევნებზე ხალხის გულის მოგებას ლევან ვარშალომიძის მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი ლევან ანთაძეც შეეცდება.

 

დამოუკიდებელ კანდიდატებად ბადრი გობაძე, თენგიზ თავდგირიძე, ლევან ჯიჯავაძე, ირაკლი ჯაფარიძე და მერაბ აბაშიძეც დარეგისტრირდნენ.

დილარა ჯაფარიძე
დილარა ჯაფარიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: