ნეტგაზეთი • RU

სახელისუფლებო პარტიას გამგებლის კანდიდატები ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებია

 

აჭარის მაღალმთიანეთის შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში, გამგებლის კანდიდატები ამ დრომდე არ დარეგისტრირებულან.


“ბათუმელების” ინფორმაციით ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტებში “ქართული ოცნება” გამგებლობის კანდიდატებად მოქმედი გამგებლების წარდგენას გეგმავს.

 

მოქმედმა გამგებლებმა დაკავებული თანამდებობიდან გადადგომაზე განცხადებები უკვე დაწერეს. ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების საკრებულოები, გამგებლების გადადგომის თაობაზე დაწერილი განცხადებების განხილვას დღეს ჩანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე გეგმავს.

 

რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, პარტიამ გამგებლის კანდიდატები მხოლოდ ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების საოლქო კომისიებში დაარეგისტრია.

 

ნაციონალური რიგებიდან, გამგებლის პოსტის დასაკავებლად, ქედაში მოქმედი საკრებულოს წევრი ჯემალ შარაძე, შუახევში კი ყოფილი რესურსცენტრის უფროსი ზაურ დავითაძე იბრძოლებს. რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, საპარლამენტო ოპოზიცია აქაც გამგებლის კანდიდატად ყოფილი რესურსცენტრის უფროსის, ოთარ შაინიძის დასახელებას გეგმავს დღეს.

 

პარტიებსა და პოლიტიკურ გაერთიენებებს, საარჩევნო სუბიექტების დასახელების უფლება დღეს 6 საათამდე შეუძლიათ.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე