Batumelebi | “უხერხული თემები” გაკვეთილზე “უხერხული თემები” გაკვეთილზე – Batumelebi
RU | GE  

“უხერხული თემები” გაკვეთილზე

 

თეონა 16 წლისაა. ამბობს, რომ ანატომიის გაკვეთილები ორი რამით დაამახსოვრდა: “გაკვეთილზე ან სიცილია, ან გაბრაზებული ბიჭები, რომლებიც პროტესტის ნიშნად ტოვებენ კლასს”. ბიჭებისა და გოგონების პროტესტს სქესობრივ აღზრდასთან დაკავშირებული მასალის ახსნა იწვევს. საკითხები, რომლებიც მოზარდის ასაკობრივ ცვლილებებსა და სხვა ანატომიურ პროცესებს ეხება, დღემდე სტერეოტიპებით იკვებება. რა მიიჩნევა სირცხვილად და ვინ ამყარებს სტერეოტიპებს მოზარდებში – “ბათუმელები” ამ თემის განხილვას მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და ფსიქოლოგთან შეეცადა.

 

 

 

 

 “სირცხვილია, ჩვენ არ მოვყვებით ამ გაკვეთილს”, –  ამბობენ ბავშვები, “როცა გაკვეთილი, მაგალითად, სქესთა შორის ბიოლოგიურ სხვაობას ეხება. ზოგიერთი საერთოდ ტოვებს გაკვეთილს. კომპლექსდებიან მასწავლებლებიც და ხშირად გაკვეთილებს ახტებიან”, _ გვეუბნება თეონა.

“ბათუმელები” რამდენიმე სკოლის მოსწავლეებს გაესაუბრა. მოსწავლეების აზრით, სტერეოტიპული აღზრდის შედეგია ის, რომ მოსწავლეებს დღემდე არ აქვთ გაცნობიერებული სქესობრივი აღზრდის ბუნებრიობა და მისი მნიშვნელობა.
“ოჯახში აღზრდისა და საზოგადოებრივი აზრის შედეგია ის, რომ ბიჭები ან თუნდაც გოგონები, ვერ ისმენენ ანატომიის, ბიოლოგიის გაკვეთილებს. “ამას ვერ მოვყვები”, – მარტო ეს აკერიათ პირზე და რა არის მოსაყოლი? _ ჰორმონალური ცვლილებები მოზარდის ორგანიზმში” _ თემას გვანცა აგრძელებს, – “მე, პირადად, ძალიან მაინტერესებს, მაგრამ გაკვეთილზე ისეთი სიტუაცია იქმნება, ცოდნას ვეღარ იღებ. იძულებული ვხვდებით, მასწავლებელს ინდივიდუალურად მივმართოთ და რაღაც ინფორმაცია მივიღოთ”.

 

მოზარდის სქესობრივ აღზრდაზე ძირითადად გოგონები საუბრობენ. მოსაზრებას მეთერთმეტეკლასელი აკაკიც გვიზიარებს, თუმცა დისკუსიას მალევე ეთიშება. `არა მგონია, სკოლამ შეძლოს ამ ინფორმაციის მიწოდება. ჩემი აზრით, ოჯახმა უნდა ასწავლოს ბავშვს”, _ გვეუბნება ის, თუმცა დასძენს, რომ მას მშობლებთან ასაკობრივ ცვლილებებზე არასდროს უსაუბრია: `უხერხული თემაა. გამბედაობის ამბავია, თუმცა მე არ მქონია მცდელობა”.

 

“რაც ვიცი, ქუჩამ მასწავლა”, – გვეუბნება ის. თანატოლების ინფორმაციის წყარო კი ძირითადად ინტერნეტია.
მოსწავლეების აზრით, სქესობრივი აღზრდის გაკვეთილების არაეფექტურობას მოზარდების დამოკიდებულება იწვევს. “ბრაზდებიან ბიჭები, გოგონებთან ერთად ამას არ მოვისმენთო, შემდეგ გოგონებიც კომპლექსდებიან. მასწავლებელი გაკვეთილს რომ ხსნის, ბავშვების რეაქციას აკვირდება. ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი, რადგან მასწავლებელი რა პოზიციას დაიჭერს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ოჯახმა სტერეოტიპები ჩამოგიყალიბოს, რადგან არც ისინი არიან კარგად აღზრდილი ამ საკითხებში, მაგრამ სკოლა სტერეოტიპებს არ უნდა აყალიბებდეს. მე სკოლაში იმიტომ დავდივარ, რომ განათლება მივიღო”, _ გვეუბნება თეონა.

 

ის მიიჩნევს, რომ სკოლამ აუცილებლად უნდა განსაზღვროს სქესობრივი სწავლების პოლიტიკა და თუ პედაგოგი ვერ ახერხებს კომპლექსების დაძლევას, საკითხში ფსიქოლოგი ჩაერიოს.  “მესმოდა, რომ მენსტრუაციის შემდეგ გოგონები სიმაღლეში აღარ იზრდებიან. ვერ წარმოიდგენთ რამდენი ვიტირე, ცრემლებად ვიღვრებოდი მთელი კვირა, მეშინოდა აღარ გავიზრდებოდი, რადგან პატარა ვიყავი. არავის აუხსნია და არც წიგნში წერია ამაზე, რომ ეს ასე არ არის. ვფიქრობ, ამ ტიპის საკითხები ფსიქოლოგმა უნდა გვასწავლოს”.

 

მაიას აზრით, უნდა დამთავრდეს იმაზე საუბარი, რომ სქესობრივი აღზრდა სირცხვილი ან უზნეობაა. “საქართველოში, მგონი, ყველას ამ სტერეოტიპით ზრდიან, რომ ეს უზრდელობაა. მე ჩვეულებრივ ამბად მიმაჩნია და მინდა, რომ ანატომიის თუ ბიოლოგიის გაკვეთილზე მეტი გავიგო ჩვენი სხეულის განვითარების შესახებ. მე არ მინდა გაურკვეველ ან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდე მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას სტერეოტიპები აკომპლექსებს. სკოლამ უნდა მომცეს სრულფასოვანი ცოდნა”.

 

მოსწავლეების აზრით, სქესობრივი განათლების დეფიციტის შედეგია მოზარდების ნაადრევი ქორწინებაც. “ქორწინების გარდა არის სხვა პრობლემებიც. წელს იყო შემთხვევა, როცა მშობლებმა მეცხრე თვეში გაიგეს, რომ მათი შვილი ფეხმძიმედ იყო. მსგავსი ფაქტები არ მოხდება, მასწავლებლები და მშობლები სრულფასოვან ინფორმაციას რომ გვაწვდიდნენ”, _ ამბობს თეონა.

 

თამთას აზრით, სტერეოტიპები იმდენად ძლიერად მუშაობს, რომ მოზარდები ხშირად ინფორმაციის მიღებითაც კი შეურაცხყოფილნი რჩებიან: “აქცია იყო სკოლაში კონტრაცეფციასთან დაკავშირებით და ბროშურები დაარიგეს. ბავშვები კი ბრაზდებოდნენ _ `მე რაში მჭირდება?”, “რატომ მომეცი?”.
სკოლებში სქესობრივი აღზრდის თემა არაერთხელ გახდა დისკუსიის საგანი. 2005 წელს განათლების სამინისტრომ დაიწყო საუბარი სქესობრივ აღზრდასთან დაკავშირებული სახელმძღვანელოს შექმნაზეც, თუმცა საზოგადოებრივი აზრის მოუმწიფებლობის გამო ამ საკითხის განხილვა შეწყდა.
პირველი საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის, ხათუნა ტოტოჩავას აზრით, მოზარდთა სქესობრივ აღზრდას სპეციალური საგანი არ სჭირდება. მისი აზრით, ანატომია და ბიოლოგია ამ თემებს თავისთავად მოიცავს: “ბიოლოგიაში ისწავლება ენდოკრინული სისტემა, რომელიც კავშირშია სასქესო ჯირკვლებთან. საუბარია მამრობითი და მდედრობითი სქესის ჰორმონებზე და მოსწავლეები სწავლობენ მათი მოქმედების მექანიზმს. იმას, თუ რა ხდება მათი პათოლოგიების შემთხვევაში. მე-11 კლასში კი გენეტიკას სწავლობენ, იმას, თუ რა აყალიბებს სქესს. მე, პირადად, არ მქონია უხერხულობა ამ საკითხების სწავლებისას. ყველაფერი მასწავლებელზეა დამოკიდებული, გააჩნია, როგორ მიაწვდი”.

 

ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი, რომელიც ორ კერძო სკოლაში _ “მასტერ კლასსა” და “მომავლის სკოლაში” მუშაობს, “ბათუმელებთან” ამბობს, რომ ფსიქოლოგთან მოზარდების მიმართვიანობის დინამიკა მაღალია. “სქესობრივი მომწიფების ასაკი გაახალგაზრდავდა, ამან უფრო გაართულა ურთიერთობა მშობლებთან და გაძლიერდა სტერეოტიპებიც. მშობლებთან დისტანცირებას მოჰყვა ინფორმაციის მიღების ალტერნატიული საშუალებებით _ ინტერნეტის, ტელევიზიის ჩანაცვლება, სადაც ხშირად ვაწყდებით ბევრ არაკომპეტენტურ ინფორმაციას. სტერეოტიპების გამო მოზარდი ხშირად მალავს პრობლემას, რაც შემდგომში აისახება მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. მსგავს ფაქტებთან ხშირად მაქვს შეხება”.

 

ფსიქოლოგის აზრით, სტერეოტიპების მსხვერპლი მშობლები პრობლემაა, რადგან რეპრესიულ აღზრდას მძიმე შედეგები მოაქვს: “მქონდა შემთხვევა, როცა მშობელმა მიიჩნია, რომ მოზარდის ფსიქოლოგიური დაძაბულობის მიზეზი სექსუალური მოთხოვნილება იყო და მეძავებთან წაიყვანა, რაც ასევე გახდა მოზარდის პროტესტის მიზეზი. პარადოქსული მდგომარეობაა. თანამედროვე მშობლები უფრო ცდილობენ მიიღონ განათლება, რომ შემდეგ ეს სტერეოტიპები არ აღმოჩნდეს მათთვის დამღუპველი. მშობლები არა მარტო სქესობრივ, არამედ, ზოგადად, ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით უნდა იყვნენ ინფორმირებული, ამიტომ ოპტიმალური იქნება მშობლებისთვის სალექციო კურსის გავლა, რომელიც სკოლის ფსიქოლოგებსაც შეუძლიათ, რომ უზრუნველყონ.

 

ირმა ფეიქრიშვილის აზრით, სქესობრივი აღზრდა რთული და ფაქიზი პროცესია, ამიტომ უნდა იყოს ხანგრძლივი და ეტაპობრივი. “ამ ეტაპების შემუშავება განათლების სამინისტრომ სწორედ ფსიქოლოგების მეშვეობით უნდა შეძლოს. არსებობს უნიკალური მეთოდი “ზღაპრის თერაპიაც”, რომელიც გარკვეული წესების დაცვით არის აგებული და აქტიურად გამოიყენება ფსიქოლოგიაში. შესაძლებელია ამ ელემენტების გამოყენებაც”.

ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ სკოლის, ოჯახისა და სახელმწიფოს როლი სწორედ ამ მექანიზმების შესამუშავებლად უნდა გაერთიანდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე