სიახლეები

გამოფენა №3 დაწესებულებაში

29.04.2014 • 1594
გამოფენა №3 დაწესებულებაში

  

  

 

 

სამინისტროს ინფორმაციით, დღესვე დაწესებულების ეზოში გამოეფინება ძველის ციხის  ამსახველი ფოტოები, რომელიც სარემონტო სამუშაოების დაწყებამდეა  საკნებში გადაღებული.   

 

 ბათუმის N3 დაწესებულება 2013 წლის მარტში დაიხურა,  მსჯავრდებულები კი სხვადასხვა დაწესებულებაში მოათავსეს. დაწესებულების მთავარი პრობლემა გადატვირთულობასთან ერთად, გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, ანტისანიტარია და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა იყო. დაწესებულებაში არ არსებობდა გათბობის სისტემა, მწყობრიდან იყო გამოსული წყალ-კანალიზაციისა და ვენტილაციის  ქსელი,  არ არსებობდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა გრძელვადიანი პაემნებისათვის.

 

სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ გარემონტდა საკნები, სადაც დამონტაჟდა გათბობის სისტემა, რომელიც  დაწესებულებაში აქამდე არ არსებობდა, მოეწყო პირადი ნივთებისთვის განკუთვნილი კარადები, საკანში სივრცე გამოიყო საპირფარეშოებისთვის, სადაც შესაძლებელია შხაპის მიღებაც, მანამდე საპირფარეშო, ფაქტობრივად არ იყო კედლებით შემოსაზღვრული.  3 ოთახი დაეთმო სამედიცინო პუნქტს, რომელიც ციხის დახურვამდე ერთ ოთახში იყო განთავსებული.

 

ოთახებში მოეწყო პირველადი ჯანდაცვის და  სანიტარული განყოფილებები, ასევე სტომატოლოგიური კაბინეტი, რომელიც მანამდე ციხეში არ არსებობდა. გაიმართა სამრეცხაო შესაბამისი ტექნიკითა და საუთოო განყოფილებით. ციხის დახურვამდე მსჯავრდებულებს ჰიგიენური ნორმების დაცვა და სარეცხის გარეცხვა საკნებში უხდებოდათ.

 

 გარემონტდა და მოეწყო ამანათების მიმღები, სატელეფონო საუბრების, ხანმოკლე პაემნებისა და ადვოკატთან შეხვედრებისთვის განკუთვნილი ოთახები; გაიმართა და კეთილმოეწყო ინფრასტრუქტურა ხანგრძლივი პაემნისთვის, რომლის განხორციელება აქამდე შეუძლებელი იყო დაწესებულებაში; განახლდა სამლოცველო და ბიბლიოთეკა; კარები აღიჭურვა სპეციალური ორმაგი ელექტრონული  საკეტით და ხმოვანი გამოძახების სისტემით.   

 

 აიგო შემზღუდავი ღობეები და კოშკურები, განახლდა აკრძალული საკვალე ზოლის შიდა ღობე და გარე კედელი, კედელს კი დაემატა დამცავი ზოლები; ასფალტი დაიგო დაწესებულების ცენტრალურ შესასვლელში, კეთილმოეწყო შიდა ეზო. განახლდა და ნაწილობრივ გადაიხურა სასეირნო ეზო, სადაც დამონტაჟდა სკამი და სავარჯიშო ძელი.

 

 გარემონტდა საკონტროლო საგუშაგო. დაწესებულების ეზოში არსებულ შენობაში 8  საკანი გამოიყო სამეურნეო ნაწილში დასაქმებული პატიმრებისთვის; გაიმართა საკანალიზაციო სისტემა.

დაწესებულებაში ამოქმედდება საზოგადოებრივი მისაღებიც, რომელიც მოემსახურება პატიმრების ოჯახის წევრებსა და ინტერესების დამცველებს.

 

დაწესებულება გათვლილია 230-მდე პატიმარზე.  

გადაბეჭდვის წესი