29 აპრილს, 3 საათზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად ბათუმის N3 დაწესებულებას გახსნის. დაწესებულების გახსნას სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტირებულ და გარემონტებულ დაწესებულებაში, რომელიც 230-მდე პატიმარზეა გათვლილი, კეთილმოეწყო საკნები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, რომელიც აქამდე არ არსებობდა, კარები აღიჭურვა სპეციალური, ორმაგი ელექტრონული საკეტებით და ხმოვანი გამოძახების სისტემით, რომელიც დაცვისა და უსაფრთხოების მაღალ დონეს ქმნის.
შეიქმნა შესაბამისი სივრცე სამედიცინო სერვისის განსახორციელებლად, პირველადი ჯანდაცვისა და სანიტარულ განყოფილებასთან ერთად მოეწყო სტომატოლოგიური კაბინეტი; გაიმართა ხანგრძლივი პაემნისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, რომელიც დაწესებულებაში არ მოქმედებდა, ისევე როგორც სამრეცხაო. ამჟამად დაწესებულებაში შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვა სამრეცხაო ოთახი, განახლდა კვების ბლოკი, ევროპული სტანდარტების შესაბამისად აიგო შემზღუდავი ღობეები, კოშკურები, დამონტაჟდა დამცავი ბადეები, გაიმართა სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემები.
დაწესებულებაში ამოქმედდება საზოგადოებრივი მისაღები, რომელიც პატიმართა ოჯახის წევრებსა და ინტერესების დამცველებს მოემსახურება.