Batumelebi | შშმ პირები ფეხბურთს დაესწრებიან შშმ პირები ფეხბურთს დაესწრებიან – Batumelebi
RU | GE  

შშმ პირები ფეხბურთს დაესწრებიან

 

არასამთავრობო ორგანიზაციამ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებისათვის“ და ბათუმის ფეხბურთის კლუბმა „დინამომ“ დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. 

 

 

მემორანდუმის ფარგლებში შშმ პირები, როგორც გულშემატკივრები დაესწრებიან „დინამოს“ შეჯიბრებებს და ასევე, შეძლებენ თვითონ ითამაშონ ფეხბურთი.

 

მემორანდუმი ერთ წელს გაგრძელდება. მას ხელი მოაწერეს შშმ პირთა უფელბებისათვის თავმჯდომარემ, თამაზ მჟავანაძემ და ბათუმის ფეხბურთის კლუბის „დინამოს“ პრეზიდენტმა ოთარ ფედიჩკინმა.

 

როგორც ოთარ ფედიჩკინმა აღნიშნა, ბათუმის „დინამოს“ მოთმაშეები აპირებენ მათი ყოველთვიური ხელფასიდან  გარკვეული თანხის გამოყოფას, რომელიც შშმ პირების გადაადგილებასა და სპორტულ აქტივობაში მათ ჩართვას მოხმარდება.

 

„ყოველთვის მსურდა ამ ბავშვებს დავხმარებოდი. ახლა კი მომეცა ამის საშუალება და ვამაყობ, რომ ბათუმის „დინამომ“ გადადგა ეს ნაბიჯი. ჩვენ პირველები ვართ საქართველოში, ვინც ასეთ პროექტს მხარი დაუჭირა. დღეს „დინამოს“ ქობულეთში უწევს თამაში, მაგრამ მზადა ვართ გამოვყოთ ავტობუსი და მათი მგზავრობა ჩვენ უზრუნველვყოთ. ეს ადამიანები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ. ისინი უნდა გამოვიდნენ საზოგადოებაში და მარტოდ არ უნდა იგრძნონ თავი. სასურველია თუ სპორტის საზოგადოება ჩაერთვება მსგავს პროექტებში“, – განაცხადა დინამოს პრეზიდენტმა.

 

თამაზ მჟავანაძის თქმით, შეთანხმება, რომელიც ორი კვირის წინ სოციალურ ქსელში სპონტანურად დაიგეგმა, ორგანიზაციის პირველი მემორანდუმია სპორტული კუთხით:

 

„ჩვენ ვიქნებით ბათუმის დინამოს ყველა წამოწყებაში პარტნიორები, რომ ბათუმს ჰყავდეს ძლიერი ფეხბურთის გუნდი, რომ ბათუმის საზოგადოებამ და შშმ პირებმა დაინახონ სპორტი ეს არის ჯანსაღი ცხოვრება. გვექნება შეხვედრა მშობლებთან და მათთთან კონსულტაციები, თუ როგორ შეუძლიათ აქტიურად ჩართვა ჩვენს წამოწყებაში. მაგალითად, გიორგის შეუძლია სიარული და კარგი იქნება მისი ფეხბურთში ჩართვა“.

 

გიორგი, რომელიც 10 წლისაა, დედასთან მარინე სალვარიძესთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა. მას დინამოს პრეზიდენტმა საჩუქრად ფეხბურთის ბურთი, „დინამოს“ წარწერით, სპორტული მაისური და შარფი გადასცა.

 

 

შშმ პირები „დინამოს“ შეჯიბრებებზე დასწრებას მას შემდეგ შეძლებენ, როცა უახლოეს დღეებში ორგანიზაცია და „დინამო“ ერთობლი სამუშაო ჯგუფს შექმნიან. სამუშაო ჯგუფს შშმ პირების თამაშებზე დასწრების ორგანიზება დაევალება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი