საზღვაო მიმართულების სეზონური მაშველი – ასე ჰქვია იმ სამუშაოს, რომელიც ზაფხულში ზღვის მოყვარული ადამიანებისათვის უსაფრთხოების გარანტად უნდა იქცეს.
ბათუმის სამაშველო სამსახურში ვაკანსია უკვე გამოცხადებულია, დასაქმება სეზონურია და ის მხოლოდ ზაფხულის პერიოდს მოიცავს. (არაუმეტეს 5 თვეს) როგორც სამაშველო სამსახურის უფროსი მამუკა თურმანიძე ამბობს წელს მაშველების რაოდენობა იზრდება:
” შარშან 100 ადამიანი გვყავდა დასაქმებული, მაგრამ ვინაიდან, წელს უკვე სანაპირო ზოლი გაფართოვდა გადავწყვიტეთ 20 ადამიანის დამატება, ნაცვლად 100 უკვე 120 ადამიანი გვეყოლება.”
კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, პირველ ეტაპზე დაინეტრსებულმა პირებმა უნდა გაირონ ონლაინ რეგისტრაცია საჯარო სამსახურის გვერდ gov.ge -ზე, მეორე ეტაპი გულისხმობს ფიზიკური მონაცემების შემოწმებას, აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ცურვის კარგად ცოდნა.
შერჩეული კანდიდატები თხუთმეტი დღის განმავლობაში გაივლიან მოსამზადებელ კურსს ინსტრუქტორებთან, ისწავლიან პირველადი დახმარების გაწევის ტექნიკას. კანდიდატები ინსტრუქტორების დასკვნის შესაბამისად შეირჩევიან.
”ბათუმელების” კითხვაზე იქნებიან თუ არ ბათუმის სანაპიროზე წელს ქალი მაშველები, მამუკა თურმანიძე ასე პასუხობს: ”ქალების აყვანიდან თავი შევიკავეთ უკვე მეორე წელიწადია, იმიტომ, რომ ყველაზე მეტი უბედური შემთხვევა, სწორედ იქ იყო სადაც ქალი მაშველები იყვნენ დასაქმებულები”.
სამაშველო სამსახურში მსურველთა მიღების ონლაინ რეგისტრაცია 26 აპრილამდე გაგრძელდება.