Batumelebi | 25-ე არხის საქმე 25-ე არხის საქმე – Batumelebi
RU | GE  

25-ე არხის საქმე

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა საჯარო რეესტრს მიმართა და იმ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერების განახლება  მოითხოვა, რომელიც 2012 წელს „ტელეარხი 25“-ის მფლობელების ნათესავებს გადაუფორმეს. 

 

 

 

 

 სამინისტრო განახლებული მონაცემების მიწოდებას ითხოვდა, თუმცა საჯარო რეესტრმა ამ მოთხოვნაზე უარი განაცხადა.

 

დღესვე, არასამთავრობო ორგანიზაციები – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველო, კონსტიტუციის 42- მუხლი და კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის  „ტელეარხი 25“-ის  საქმეზე განცხადებას ავრცელებენ.

 

განცხადების ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:

 

 

 

2012 წლის 24 თებერვალს სამაუწყებლო კომპანია „ტელეარხ 25“-ის მესაკუთრეების ნათესავებს, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გადაეცათ დაახლოებით 4 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა სახელმწიფო ქონება. იმავე დღეს საჯარო რეესტრში დაფიქსირდა ტელეკომპანიის მესაკუთრეების მიერ კუთვნილი წილების გასხვისების ფაქტი. აღნიშნული ფაქტი აღძრავდა ეჭვებს – ჰქონდა თუ არა ადგილი სავარაუდო დანაშაულებრივ შეთანხმებას წილების მესაკუთრეებს, მყიდველებსა და სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადამცემ თანამდებობის პირებს  შორის.

 

 

ჯერ კიდევ 2012 წლის პირველ ნახევარში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასამართლოს გზით ითხოვდა სახელმწიფო ქონების „ტელეარხ 25“-ის მესაკუთრეების ნათესავებისთვის გადაცემის შესახებ დოკუმენტების გასაჯაროებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა. დოკუმენტების გასაჯაროება მხოლოდ 2012 წლის საპარლამენტო აჩევნების შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გახდა შესაძლებელი.

2012 წლის დეკემბერში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „ტელეარხი 25“-ის დამფუძნებლების ნათესავებისთვის სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად, პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემასთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 194-ე (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.

 

 

იმავდროულად, პროკურატურის შუამდგომლობით და სასამართლოს გადაწყვეტილებით ყადაღა დაედო „ტელეარხ 25“-ის მესაკუთრეების საბანკო ანგარიშებსა და მათი ნათესავებისთვის გადაცემულ სახელმწიფო ქონებებს.

„ტელეარხი 25“-ის მესაკუთრეების, გიორგი სურმანიძის და ჯემალ ვერძაძის განმარტებით, გამოძიების ფარგლებში ისინი 2013 წლის იანვარში დაიკითხნენ. მათივე თქმით, ამის შემდგომ, 2013 წლის 17 დეკემბერს ისინი კვლავ დაიბარეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში. ამჯერად რაიმე საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა, შედგა არაფორმალური შეხვედრა, რომელიც იმ დღის 22 საათიდან მომდევნო დილის 5 საათამდე გაგრძელდა და რომლის დროსაც, მათ მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა.

 

 

ტელეკომპანიის მესაკუთრეთა განცხადებით, ზეწოლას დაახლოებით ათამდე პროკურორი ახორციელებდა, რომელთაც პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირი ხელმძღვანელობდა. ჯემალ ვერძაძისა და გიორგი სურმანიძის განმარტებით, ზეწოლა გამოიხატა მათთვის შეურაცხყოფის მიყენებასა და მათი და ოჯახის წევრების მისამართით მუქარაში. პროკურორები ტელეკომპანიის მფლობელებისგან აგრესიული ტონით მოითხოვდნენ, რომ მათ გამოძიებისთვის სასურველი ჩვენება მიეცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაპატიმრებით დაემუქრნენ. გიორგი სურმანიძის განმარტებით,   პროკურატურას სურდა მათგან ვანო მერაბიშვილისა და დავით ჩხატარაშვილის დანაშაულში მამხილებელი ჩვენებები მიეღო.

„ტელეარხ 25“-ის მესაკუთრეებმა მათზე განხორციელებული ზეწოლი შესახებ მედიაში განცხადება გაავრცელეს. გიორგი სურმანიძის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, საგამოძიებო ნაწილის უფროსთან დაიბარეს, რომელმაც მას მოლაპარაკება და მომხდარი ფაქტების გაუხმაურებლობის სანაცვლოდ ხელშეუხებლობა შესთავაზა.

 

 

განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს აღვნიშნოთ შემდეგი: პროკურატურის მიერ სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემის კანონიერების შესასწავლად გამოძიების დაწყებას, შესაძლებელია, მართლაც ჰქონდა სათანადო საფუძველი. თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოს კანონმდებლობა სამართალდამცავ ორგანოს ნათლად უდგენს ნებისმიერი გამოძიების კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით წარმართვის ვალდებულებას. ამ ვალდებულების დარღვევა, ზოგჯერ, თავად შეიძლება წარმოადგენდეს დანაშაულს. გამომდინარე აქედან, დანაშაულის გამოძიება სხვა ახალი დანაშაულის ჩადენის გზით სრულიად გაუმართლებლად მიგვაჩნია. აუცილებელია, რომ ,,ტელეარხ 25″-ის მესაკუთრეთა მიერ მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი ზემოაღნიშნული საქმის გამოძიების პროცესში რაიმე სახის ზეწოლას, ჩვენების მიღების იძულებას ან მუქარას.

                                                                                  

შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში დაშვებული იყო უზუსტობა, როდესაც ვწერდით, რომ „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა საჯარო რეესტრს მიმართა და იმ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია  მოითხოვა, რომელიც 2012 წელს „ტელეარხი 25“-ის მფლობელების ნათესავებს გადაუფორმეს“. დამატებით მოძიებული დოკუმენტით დგინდება, რომ სამინისტრომ მხოლოდ ამონაწერის განახლება მოითხოვა.

 


 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა