სიახლეები

რას ნიშნავს ვაჰაბისტი? – კითხვები და პასუხები სასამართლო პროცესიდან

19.03.2014 • 5643
რას ნიშნავს ვაჰაბისტი? – კითხვები და პასუხები სასამართლო პროცესიდან

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში  გრძელდება იუსუფ ლაკიევის, ფირუზ წულუკიძისა და თემურ ბახუნტარაძის სისხლის სამართლის საქმის განხილვა.

 

 

სახელმწიფო ბრალმდებელ ვლადიმერ თურმანიძეს სულ 53 მოწმე ჰყავს დასაკითხი.  ეს მოწმეები ძირითადად შინაგან საქმეთა სამინისტროს ის თანამშრომლები არიან, რომლებმაც ბრალდებულები დაკავებისას გაჩხრიკეს, ექსპერტიზა ჩაატარეს,  დაკავების ოქმი შეადგინეს, ან შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებულება ამოიღეს და დაკავებულებს  ბრალი წარუდგინეს.

 

 

დღეს ერთ-ერთი მოწმე, შს სამინისტროს ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელი ოთარ დუმბაძე დაკითხეს. მისი თქმით, 2013 წლის 13 სექტემბერს, როცა ბრალდებულები დააკავეს, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ დასადგენი ჰქონდა ჩეჩენი ეროვნების მოქალაქის ვინაობა, რომელმაც უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.

 

 

მოწმე დუმბაძემ თქვა, რომ შემთხვევის ადგილზე ყოფნისას მას ეცვა სამოქალაქო ფორმა, თან არ ჰქონია იარაღი და მან დაინახა როგორ ისვროდა ლაკაევი. მან ასევე თქვა, რომ არ დაუნახავს, დაეჯახა თუ არა ლაკაევს მანქანა, როცა ის გარბოდა.

 

 

შსს თანამშრომელის განმარტებით, დაჭრილი ლაკაევი როცა დავარდა, მასთან თვითონ მივიდა, ხელბორკილი დაადო და რუსულად განუმარტა უფლებები.

 

განსასჯელმა თემურ ბახუნტარაძემ მოწმეს ჰკითხა, როგორ გაბედა ახლოს მისვლა იმ ადამიანთან, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვროდა. მოწმემ თქვა, რომ დაინახა, როგორ დაუვარდა ლაკაევს იარაღი.  

 

 

ოთარ დუმბაძემ განსასჯელ ფირუზ წულუკიძეზე თქვა, რომ ქალაქიდან იცნობდა როგორც სპორტსმენს და რომ წულუკიძე „ვაჰაბისტის მიმდევარია“. მოწმემ ჩვენების დროს ასევე ახსენა სიტყვა „ტერორისტი“.

 

 

„რას ნიშნავს ვაჰაბისტის მიმდევარია? ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია, ამის გამო დაიწყეთ ჩვენი დევნა?“- ჰკითხა განსასჯელმა თემურ ბახუნტარაძემ პოლიციელს, რომელიც მოწმის სახით იკითხებოდა.

 

 

პროკურორ  ვლადიმერ თურმანიძეს არ სურდა მოწმეს ამ კითხვაზე ეპასუხა. „ბატონო მოსამართლევ,  შეაჩერეთ განსასჯელი და ეს კითხვა განარიდეთ, განსასჯელი ზემოქმედებს მოწმეზე“, – თქვა პროკურორმა.

 

 

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მისი თხოვნა არ გაიზიარა. „პირადული საკითხია, თუმცა მგონია, რომ განსასჯელის კითხვა ლოგიკურია, მოწმემ უნდა უპასუხოს კითხვას“, – თქვა მოსამართლემ.

 

ოთარ დუმბაძემ თქვა, რომ არ იცის რას ნიშნავს „ვაჰაბისტი“ და იქვე განმარტა:  „არა, თქვენი დევნა სამართალდამცავ ორგანოებს რაღაც მიმდევრობის გამო არ დაუწყია“.

 

 

თემურ ბახუნტარაძემ ესეც შეურაცხყოფად მიიღო: „აი, თქვენ ახლაც მაყენებთ შეურაცხყოფას, როცა ამბობთ – „რაღაც მიმდევრობის გამო“. ეს ჩემი რელიგიაა, მე საქართველოს მოქალაქე ვარ და ამ საზოგადოების წევრი. ბატონო მოსამართლევ, თხოვნა მაქვს, როცა გვიწოდებენ ჩვენ ვაჰაბიტებს და ტერორისტებს, ან ბოდიში მოიხადონ, ან განმარტონ რას გულისხმობენ, ან მოვითხოვ, რომ პატივი მცენ.  მე სასამართლოში შეურაცხყოფილი ვარ“.

 

 

ამაზე მოსამართლემ თქვა, რომ ვერაფერს შეცვლის და იქვე პატიმარს მცირე კონსულტაციაც გაუწია: „ბატონო თემურ, მეც მიჩნდება კითხვები, მაგრამ ვერ ვსვამ კითხვებს, რადგან მე არ მაქვს ამის უფლება… თქვენ უნდა მიმართოთ სასამართლოს სამოქალაქო წესით და სასამართლოს გზით მოითხოვოთ მოწმეებისგან ბოდიშის მოხდა – არსებობს მტკიცებულებები, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერის. სხვა ბერკეტი  მე არ მაქვს“.

 

 

 

დავით მამისეიშვილმა ადვოკატი ირაკლი შავაძე ორი კვირის წინ იმის გამო დააჯარიმა, რომ მოწმეს „შენობით“ მიმართა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: